ქაღალდის წისქვილები

cover (2).jpg

2018 წ.

„ბავშვის კოდექსის“ კანონპროექტი ბავშვს მთელ რიგ მოვალეობებს აკისრებს  მაგალითად:

ბავშვს მოვალეობრომ დაიცვას სისუფთავე დამონაწილეობა მიიღოს მისი ასაკისთვის შესაფერის საოჯახო საქმეებში.

ბავშვი ვალდებულია დაიცვას მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ მისი თანამონაწილეობით განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელიც ადგენს ბავშვის სასწავლო და სხვა პროცესებში მონაწილეობის და თავისუფალი დროის გამოყენების თანმიმდევრობას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ბავშვის, როგორც სრულუფლებიანი წევრი მოვალეობები საზოგადოების და სახელმწიფოს მიმართ იზრდება მისასაკის შესაბამისად.

ბავშვი პატივს უნდა სცემდეს სახელმწიფოს, მის სიმბოლოებს და იცავდეს კანონმდებლობას.

2025 წ.

კოხტად გამოწყობილი, ელეგანტური ტელეწამყვანი ლურჯი პერანგის საყელოს ნერვიულად ათამაშებს, მოდურ ვარცხნილობას თითებით ისწორებს, აღელვებული და შეცბუნებულია. რა გასაკვირია, უკიდურესად შეშფოთებულია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით. ერთსაც ჩაახველებს ხმისთვის მეტი დამაჯერებლობისა და “სამართლიანი აღშფოთების“ ინტონაციის მისაცემად, და იწყებს: „ვაჰ, ბედკრულო საქართველოვ… კხმ…კხმ…კი არა და… უკაცრავად… დედაქალაქში კიდევ ერთი, თავისი არსით წარმოუდგენელი და ჩვენი სამშობლოს ნათელ მომავალთან სრულიად შეუსაბამო სამართალდარღვევა დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამა წლის 21 ივლისს, დილის 10 საათსა და 42 წუთზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სახდელი დააკისრეს 4 წლის გოგოს, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა, არც მეტი და არც ნაკლები –  მანის ფაფის ჭამაზე. მიუხედავად მშობლების დაჟინებული მოთხოვნისა და წინასწარ გაწერილი დღის წესრიგისა, ბავშვმა კოვზი გვერდზე გადადო, ტუჩები გაბუსხა და მშობლის აბსოლუტურად კანონიერ და მიზანშეწონილ მოთხოვნას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. მაყურებელს გავახსენებთ იმასაც, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, მანანის ბურღულეული დიდი რაოდენობით ბუნებრივ უჯრედისს, ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ამდენად, ბავშვის დაუსაბუთებელი და არამოტივირებული გადაწყვეტილება არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ, გარკვეული მნიშვნელობით, კაცობრიობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ჩადენილ დანაშაულადაც გვევლინება. ადმინისტრაციული ორგანოს განკარგულებით, ჯარიმის ოდენობა შეადგენს…“

კიდევ კარგი, სარეკლამო ჩართვამ მოუსწრო, თორემ თვალზე უკვე ცრემლი ჰქონდა მომდგარი, ხელები უკანკალებდა, ხმის დამორჩილებაც უფრო და უფრო უჭირდა. ბოლოს, მინიატურულ მიკროფონს მდებარეობა შეუცვალა და საკუთარ თავს შეუძახა: „შეძლებ! შენ ამას შეძლებ! შენ. ამას. შეძლებ“. ისიც კარგად ახსოვდა, წინა კვირას 8 წლის ბუთქუნა ბიჭმა რომ ჟიულ ვერნის წიგნი მაგიდიდან სულ ტირილ-ტირილით მოისროლა და გამოაცხადა, არც წყალქვეშა ხომალდები მომწონს, არც საეჭვო წარმომავლობის კუნძულები და კაპიტანი გრანტიც, თავისი შვილებითურთ, სულ ფეხებ… ღმერთო, დიდებულო! ამ სიტყვების გახსენებაზეც კი ტანში ჟრუანტელმა დაუარა. არა თუ ადგილობრივი ტელევიზიების, არამედ BBC-ისა და CNN-ის ეთერითაც დიდი დრო დაეთმო მსგავსი, აქამდე არნახული და გაუგონარი დაუმორჩილებლობის, პირდაპირ შემაძრწუნებელი ფაქტის გაშუქებას. სამოქალაქო საქმეთა  კოლეგიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გულდათუთქული მშობლის გრძნობების შეურაცხყოფისთვისა და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, 10 წლის ბიჭუნას სოლიდური თანხა უნდა გადაეხადა. ეჰ… ამისთვის იბრძოდნენ დავით სოსლანი და კრავაი ჯაყელი? ამისთვის ეწამნენ ცოტნე დადიანი და ჟანა დარკი?!

მოკლედ, ლამაზად გაუთოებული, გაპიწკინებული პერანგის სახელოები საქმიანად დაიკაპიწა, თმის ჩამოშლილი კულული ყურს უკან გადაიწია და ჭეშმარიტი პროფესიონალიზმით გააგრძელა მეტისმეტად მძიმე, თუმცა, გარდაუვალი და საპასუხისმგებლო, პროფესიული ვალდებულების შესრულება. წითელი შუქი აციმციმდა. პირდაპირი ეთერი ჩაირთო:

„22 ივლისს, შებინდებისას, ინდუსტრიის მშენებელ ქალაქ ქუთაისში…. კხმ… კხმ… ბოდიშს ვიხდი… ქუთაისში… საღამოს 9 საათსა და 03 წუთზე მორიგი შემზარავი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა (და მაყურებელს ვთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, რადგანაც ნიშანდობლივი ფაქტობრივი გარემოება გახლავთ ის, რომ საქართველოს ახალი, ¾-ით ავტორიტარული, რესპუბლიკის 1-ლი კონსტიტუციის 323-ე მუხლის თანახმად, 40 წლამდე ასაკის ბავშვებს საღამოს 9 საათსა და 00 წუთზე უკვე უნდა ეძინოთ). 12 წლის ბ.გ.  „წრეში ბურთისა“ და ე.წ. „დამალობანას“ თამაშის შემდეგ, სახლში ტალახით მოთხვრილი და მოუწესრიგებელი ამობრძანდა. დედის თხოვნა-მუდარისა და პერმანენტული აჯის მიუხედავად, ბ.გ. არაფრის დიდებით არ შევიდა აბაზანაში და მიიღო გადაწყვეტილება, დაუბანელსა და თავიდან ფეხებამდე დასვრილს დაეძინა.

საბედნიეროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ერთობლივი მოქმედებით, სამართალდამრღვევის ვინაობა მალევე დადგინდა. ბ.გ. ამჟამად დაკავებულია და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს ელოდება. მოგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ახალი, ¾-ით ავტორიტარული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირადი ჰიგიენის დაუცველობისა და არასრულწლოვანთა მხრიდან ტოტალური დაუბანლობის ფაქტები მეტისმეტად გახშირდა. მართლაც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, არასრულწლოვანთა შორის ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულის მაჩვენებელი, როგორიცაა, ძილის წინ კბილების არ-გამოხეხვა,  წინა წელთან შედარებით 2.1%-ითაა გაზრდილი; ხშირია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც; კერძოდ: გაზეპილი თმით მოსიარულე არასრულწლოვანთა რაოდენობა 3.4%-ითაა მომატებული; ხოლო, 12-დან 18წლამდე ასაკის იმ არასრულწლოვანთა ზუსტ ოდენობას, რომელთაც ოთახში მტვრის გადაწმენდა, სარეცხი ფხვნილის ყიდვა, ცხოვრება და, მათივე თქმით, „აუუ, ვაბშე ყველაფერი“ ეზარებათ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დამსახურებული ექსპერტებიც კი ვეღარ ითვლიან. გენერალური პროკურორის შეხედულებით, კრიმინალურ აქტივობათა მსგავსი ზრდა კავშირი უნდა იყოს მასონურ“…

როგორც იქნა, დღევანდელი დღეც დასრულდა. შუბლიდან ცივი ოფლის წვეთები ფაქიზი და ფითქინა ცხვირსახოცით მოიწმინდა. ლურჯი პერანგი დაცვარულ ზურგზე ეკვროდა. მცირედი ტრემორით წამოდგა მოხერხებული სავარძლიდან, პირჯვარი გადაიწერა და უბედურ სამშობლოს გამოჯანმრთელება, წარმატება და „ყველაფერი საუკეთესო“ უსურვა. ეს ყოველივე, მართლაც, სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა საქართველოს პირველ, ¾-ით ავტორიტარულ რესპუბლიკას.

                                                             *  *  *

“ბავშვის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, მთლიანად უყურადღებოდ ტოვებს ბავშვთა მიმართ ძალადობას, „ბულინგს“ კი, მხოლოდ განმარტების სახით გვთავაზობს. არ აღმოფხვრის ბავშვების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის დისკრიმინაციულ შეზღუდვას, 21 წლამდე მოქალაქეებს უკრძალავს  „მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში“ 24:00 საათის შემდეგ ყოფნას, ზღუდავს 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა რწმენის თავისუფლებას, არ გვთავაზობს მხარდაჭერის მიმღები ბავშვების საჭიროებებზე გათვლილ რეგულაციას; სამაგიეროდ, –  შეიცავს „ბავშვის მოვალეობათა“ ვრცელ და უკიდურესად საინტერესო ნუსხას: ბავშვის ვალდებულებაა სისუფთავის დაცვა და საოჯახო საქმეებში მონაწილეობის მიღება; მშობლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს პატივისცემა; მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგის დაცვა და სხვანი და სხვანი.

„ბავშვისთვის დაკისრებული მოვალეობების“ ნაწილში, მოცემული კანონპროექტი, თავისუფლად შესაძლებელია ითქვას, რომ თავისი საქმის ჭეშმარიტი პირველ-აღმომჩენი და სამართლებრივი კონკისტადორია. რადგანაც, ბავშვთა უფლებების შესახებ ევროპული კონვენცია, ისევე, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების თანამედროვე საკანონმდებლო პრაქტიკა, „მოვალეობის“ დეფინიციას იყენებს მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მშობლის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრისას, მაშინ, როდესაც ახალი კანონპროექტით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სწორედ „ბავშვის მოვალეობებზე“, ხაზი ესმევა ბავშვის მხრიდან სისუფთავისა და დღის წესრიგის დაცვის, პატივისცემისა და მორჩილების გამომჟღავნების სამართლებრივ რეგულაციათა დამკვიდრების სამკვდრო-სასიცოცხლო აუცილებლობას. ერთადერთი ქვეყანა, რომლის კანონმდებლობითაც არასრულწლოვან პირს ეკისრებოდა „შრომის“, „მშობლისა და სახელმწიფოს პატივისცემის“ და სხვა, „პარტიული“ ვალდებულებები,  სადაც საზოგადოებრივი მორალისა და კანონის რეგულაციის სივრცე, ერთობ მოხერხებულად და იდეოლოგიური მანქანის ფუნქციონირებისთვის ფრიად სასარგებლოდ, ერთმანეთს გადაკვეთდა, გახლდათ საბჭოთა კავშირი. ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის სტანდარტის გამოყენების ნაცვლად, საბჭოთა კავშირთან სწორების ტენდენცია ბადებს საშიშროებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემები, დაწყებული ბავშვთა მიმართ ძალადობით, დასრულებული მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომის უფლების შეზღუდვით, ყურადღების მიღმა დარჩეს; „ბრძოლის ველმა“ კი, რეალურად არსებული პრობლემებიდან ქაღალდის წისქვილებთან, –  ყალბი მორალიზმისა და უსარგებლო პათეტიკის შემცველ საკანონმდებლო ნორმებთან გადაინაცვლოს.

იმდენად, რამდენადაც კანონით გათვალისწინებულ დანაწესთა შეუსრულებლობას, რასაკვირველია, შესაბამისი ადმინისტრაციული, სამოქალაქო, ან სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს,  ისმის კითხვა: უნდა ველოდოთ თუ არა, „ბავშვის კოდექსის“ კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსიის კანონად ქცევის შემთხვევაში, რომელიღაც ლურჯპერანგიანი (ან, ვარდისფერპერანგიანი, ან თეთრპერანგიანი…) ტელეწამყვანის ნერვიულ მონოლოგს თემაზე: „შეურაცხყო თუ არა სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი გრძნობები თავისი არასახელმწიფოებრივი ქმედებით 11 წლის მ.კ.-მ, როდესაც საქართველოს ¾-ით ავტორიტარული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის გარეკანზე უწმაწური სიტყვა დაწერა და“… თავისუფლად შესაძლებელია, რომ რომელიღაც დისტოპიურ, პარალელურ სამყაროში მსგავსი ტელე-რეპორტაჟები სრული სინამდვილე ყოფილიყო;  თუმცა, არსებულ რეალობაში უფრო მეტად სავარაუდოა ის, რომ „დღის წესრიგის“, ან ამავე თანრიგის სხვა „ვალდებულებათა“ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დასჯის მექანიზმთა გამოყენების ობიექტური შეუძლებლობის გამო, ბავშვისთვის  გაიზრდება რისკი იმისა, რომ ის გახდეს ძალადობის მსხვერპლი ოჯახის, ან განათლების სისტემის მესვეურთა მხრიდან. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრის ან შემცირების ნაცვლად, „ბავშვის კოდექსის“ კანონპროექტის აღნიშნული ნაწილით შესაძლოა უფრო მწვავე და მძიმე სინამდვილის წინაშე აღმოვჩნდეთ.