“იმედმა” ფემიციდის შემთხვევა ეთიკის პრინციპების დარღვევით გააშუქა

14 ივნისს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭომ PHR-ის განცხადება განიხალა, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ფემიციდის შემთხვევას ეხებოდა. PHR-ის პოზიციით, ჟურნალისტმა ვერ გააცნობიერა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ასევე, სიუჟეტში ქალის პირადი ცხოვრების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ქარტიის საბჭომ გაიზიარა ორგანიზაციის პოზიცია და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “იმედის” ჟურნალისტმა  ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპები დაარღვია.

35267372_1672129756170084_6094552524235210752_n.jpg

ფემიციდის შემთხვევების გაშუქებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჟურნალისტი არ ჩაუღრმავდეს მკლელობის მიზეზს და თავი შეიკავოს მკვლელობის მოტივის ჩვენებისგან, რადგან არ არსებობს არცერთი მიზეზი, რომელიც ქალის სიძულვილის მოტივით ჩადენილ მკვლელობას გაამართლებს.

35328480_1672129129503480_1902423225090965504_n.jpgPHR-ის პოზიციით, მოცემულ სიუჟეტში ჟურნალისტი უღრმავდება ქალის მკვლელობის მიზეზს და ავრცელებს ეჭვმიტანილის ადვოკატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად შეიცავს მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალებს: „გარდაცვლილსა და შავი BMW-ეს მძღოლს შორის, როგორც ირკვევა, იყო ინტიმური ურთიერთობა. ხალათით ვისთან იყო, ეს არის გამოძიების დასადგენი და გასარკვევი“, – ამბობს წყარო. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, ჟურნალისტი ხელს უწყობს მსხვერპლის წარმოჩენას იმგვარად, თითქოს მსხვერპლმა თავად მისცა საფუძველი დამნაშავეს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა. ქალთა ფემიციდის მსგავსი გაშუქება ამყარებს საზოგადოებაში არსებულ მცდარ სტერეოტიპებს, რითაც, თითქოს მამაკაცს ენიჭება პრივილეგია, ქალის გარკვეული „არასწორი“ სოციალური ქცევის საფუძველზე ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს მას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მარტივი შესაძლებელია, მოძალადის ქცევის ირიბად გამართლებითა და მსგავსი დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამყარებით, ჟურნალისტმა წაახალისოს ქალთა მიმართ ძალადობა და დანაშაული.

ასევე, PHR-ი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტში მსხვერპლის „ინტიმური ურთიერთობის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ წარმოადგენდა საზოგადოების მაღალ ინტერესს და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, რადგან აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას არ შეეძლო საზოგადოებისთვის რაიმე სახის სიკეთის მოტანა, არც ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, სახელმწიფო სისტემური დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანა და ა.შ.

ქარტიის საბჭომ განხილვაზე, რომელსაც არ ესწრებოდნენ თავად ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენელი და სიუჟეტის ავტორი, მოისმინა და გაიზიარა PHR-ის არგუმენტები, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ “იმედის” ჟურნალისტმა ფემიციდის შემთხვევა ეთიკის პრინციპების დარღვევით გააშუქა.

“საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის” საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

35267380_1672129142836812_3629502739580452864_n.jpg

35224195_1672129782836748_927203754678157312_n.jpg