PHR-ის ორგანიზებით ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ რუსთავში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12 ივნისს PHR-ის იურისტებმა სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთი კოპალიანმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. იურისტებმა შეხვედრაზე ქმედუნარიანობის რეფორმის ძირითადი არსი მიმოიხილეს, ყურადღება გაამახვილეს მხარდამჭერის უფლება-მოვალეობებზე, ისაუბრეს მიმდინარე რეფორმის განხორციელების პროცესში არსებულ ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე.

დისკუსიის ნაწილში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, კვლავ გაჟღერდა ის კონკრეტული პრობლემები, რასაც ისინი სამუშაო პროცესში აწყდებიან. სოციალური მუშაკები აღნიშნავდნენ, რომ რეფორმას მოუმზადებლები შეხვდნენ, რადგან რეფორმის არსისა და უშუალოდ მათი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებულები. შესაბამისად, გამოწვევად იქცა მათი როლის განსაზღვრა საქმიანობის განხორციელების დროს, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან როგორც სასამართლოსთან ურთიერთობას, ისე მხარდამჭერის მოვალეობების შესრულების მონიტორინგის ნაწილს გულისხმობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებმა პრობლემად დაასახელეს ბანკებთან  ურთიერთობის პროცესი და ექსპერტიზის ჩატარების წესის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს. უნდა აღინიშნოს, რომ PHR-ის იურისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე მხარდამჭერები პრობლემად ხშირად ასახელებენ ბანკებთან ურთიერთობას. ასევე, მხარდამჭერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები მიიჩნევენ, რომ ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოკლე პერიოდში სიღრმისეულად ვერ ადგენენ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის შესაძლებლობებს, რაც შემდგომში მათი მხარდაჭერის სფეროებისა და ფარგლების განსაზღვრისას წარმოშობს პრობლემებს.35224845_1963411610344907_9176251645707681792_n

35118873_1963411960344872_4730789232526753792_n.jpg

35151724_1963411943678207_1294703490353856512_n