პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მთავარ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართა

21 მაისს, PHR-ის მიმართვის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ რეკომენდაცია გამოსცა, რითაც მოუწოდა, საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და არასრუწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით  შეაფასოს სუბიექტისათვის დასკვნის ნაწილობრივ გადაცემის ან სხვა ფორმით განმცხადებლის ინფორმირების შესაძლებლობა და კანონით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძვლის არ არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

პროკურატურა2018 წლის 15 მარტს PHR-ის იურისტმა მთავარი პროკურატურის მიერ არასრულწლოვან ლ.ჩ.-ს ინფორმირების წესის დარღვევის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.  PHR-ის იურისტი არასრულწლოვანი ლ.ჩ.-ს ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში იცავს, რომელიც ლ.ჩ.-ს მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეეხება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ლ.ჩ. სარგებლობს მოწმის სტატუსით. პროკურორის გადაწყვეტილებით, ლ.ჩ.-ს დაენიშნა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზა.  PHR-ის იურისტმა განცხადებით მიმართა პროკურორს და ითხოვა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემა. პროკურორმა აღნიშნული დასკვნის გადმოცემაზე ორგანიზაციას უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ ლ.ჩ. არ წარმოადგენდა მხარეს.

PHR-ის იურისტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისადმი მიმართულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს მოწმისათვის საკუთარი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მიწოდებას. ამასთან, აღნიშნულ საქმეში ლ.ჩ. არის პირი, ვისაც სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, შესაბამისად, მის ინტერესებში შედიოდა გამოძიების ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმოება. შესაბამისად, პოტენციური დაზარალებულის  მენტალური მდგომარეობის მიუხედავად, თუნდაც, ექსპერტიზის დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს ლ. ჩ.-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს, სახელმწიფო ვალდებულია, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა. 

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, ამიტომ მიუღებელია, სახელმწიფო პირის შესახებ ფლობდეს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია დაფარული იყოს თავად ამ პირისგან. ამასთანავე, პროკურორმა არ გაითვალისწინა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით არასრულწლოვანს ეზღუდებოდა აღნიშნული დასკვნის გასაჩივრების უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი არასათანადოდ იყო შედგენილი ან  შეიცავდა არასწორ ინფორმაციას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორმა უფლების შეზღუდვა განახორციელა ზოგადი წესის შესაბამისად, ისე რომ სათანადოდ არ იქნა შეფასებული  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4 მუხლის (არასრუწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა) მოთხოვნებიდან  გამომდინარე მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის ნაწილობრივ ან სხვა ფორმით დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ვინაიდან  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე  უარის შესახებ  მონაცემთა სუბიექტს აცნობა მოთხოვნიდან 01 (ერთი) თვისა და 09 (ცხრა) დღის შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნული ვადა მიიჩნია არაგონივრულად და რეკომენდაცია გასცა სუბიექტის გონივრულ ვადაში ინფორმირების თაობაზე.