PHR-ის განცხადება სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტებისათვის იურიდიული დახმარების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით

PHR შეშფოთებას გამოთქვამს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში  მოთავსებული პირებისათვის იურიდიული დახმარების მიღების უფლების შეზღუდვასთან დაკავშრებით, რაც, მეტი ვარაუდით, კავშირშია დაწესებულებაში არსებულ ადამიანის უფლებებისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

2018 წლის 7 მაისს ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“ რა დროსაც, მათ არ მიეცათ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. აღნიშნული შეზღუდვა არ არის ერთჯერადი ხასიათის. 2018 წლის 27-28 მარტს უფლებადამცველების პაციენტებთან შეხვედრის შეზღუდვა დაფიქსირდა ასევე ხონის (ქუტირის) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რასთან დაკავშირებითაც, PHR-მა დაუყოვნებლივ მიმართა სამინისტროს რეაგირების მოთხოვნით[1], თუმცა სამინისტროს მიერ არ მოხდა შეზღუდვის მიზეზის განმარტება.

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიზიტისას, PHR-სთვის ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ვახტანგ ამირანაშვილი, რომლის დაწესებულებიდან სწრაფი ჩამოშორების საჭიროება ჯერ კიდევ 2018 წლის მარტის თვეში არსებობდა, 2018 წლის 4 მაისამდე კვლავ, რჩებოდა დაწესებულების მმართველ რგოლში და დროებითი მმართველი, მხოლოდ დისტანციურად მართავდა ამ პერიოდის განმავლობაში დაწესებულებას.

სურამი.jpg

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა სიუჟეტი[2], სადაც ვახტანგ ამირანაშვილი მიუთითებდა, რომ მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული ქალი ბენეფიციარების ბანაობისა და გაპარსვის პროცესში. სიუჟეტში ასევე ნაჩვენები იყო თუ რა დამამცირებელ და ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება დაწესებულებაში მოთავსებულ ადამიანებს. სწორედ, სიუჟეტში ნაჩვენებმა დარღვევებმა წარმოშვა საკითხზე ოპერატიულად რეაგირებისა და დირექტორის დაწესებულებიდან სწრაფი წესით ჩამოშორების საჭიროება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის,  გენდერული დისკრიმინაციისა და შესაძლო ძალადობის შემთხვევების რისკები.

გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ[3], რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა ჩაენაცვლებინა ძველი მმართველი. თუმცა, ამის საპირისპიროდ, სამინისტრომ დროებითი მმართველის დანიშვნასთან ერთად ვახტანგ ამირანაშვილს მისცა შესაძლებლობა, თითქმის ორი თვის მანძილზე, კვლავ ჩართულიყო სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულების საქმიანობაში და უწყვეტად ჰქონოდა შეხება დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან.

ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროს მიერ სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნა ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, საზოგადოებრივი მღელვარების ჩახშობის განზრახვით და მის რეალურ მიზანს არ წარმოადგენდა დაწესებულებაში მოთავსებული პირების დაცვა უფლებების დარღვევის რისკებისგან. სისტემის მხრიდან მსგავსი მიდგომა ადამიანის უფლებების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ეხება, რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფება და შეზღუდული აქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, შემაშფოთებელი და მიუღებელია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვას და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პირებისთვის უფლებადამცველებთან შეხვედრის უფლების რეალიზება, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფის შემთხვევები.

 


 

[1] http://phr.ge/home/content?content_id=722

[2] https://www.imedi.ge/ge/video/21870/patsientebis-koveldgiuroba-suramis-psiqiatriul-klinikashi–imedis-kviris-reportaji-dakhuruli-zonidan

[3] https://imedinews.ge/ge/saqartvelo/52443/suramis-psiqiatriul-saavadmkoposhi-droebiti-mmartveli-dainishneba