PHR-ის იურისტებმა კახეთის რეგიონში ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ სათემო ორგანიზაციებში სამუშაო შეხვედრები გამართეს

11 მაისს PHR-ის იურისტებმა კახეთის რეგიონში მდებარე სათემო ორგანიზაციების „თემი ქედელის“, „ბროწლიანის სათნოების სახლისა“ და „თაობათა კერის“ ადმინისტრაციის პერსონალთან, რომელთა უმრავლესობაც ამავე სათემო სახლების მომსახურების მიმღებ პირთა მხარდამჭერები არიან,  სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა შეეხებოდა ქმედუნარიანობის რეფორმის პრაქტიკაში განხორციელებისას არსებულ პრობლემატურ საკითხებსა და მიმდინარე ცვლილებებს. იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს მხარდამჭერთა უფლება-მოვალეობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დისკუსიის რეჟიმში დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

32375916_1930280616991340_4532169178592837632_nმხარდამჭერებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს სასამართლოს მიერ მხარდაჭერის სფეროებისა და ფარგლების განსაზღვრის პროცესის შესახებ. მნიშვნელოვან პრობლემად გამოიყო საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისა და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი,  ამავე პრობლემაზე თავად სათემო სახლებში მცხოვრებმა პირებმაც ისაუბრეს. მხარდაჭერის მიმღები პირები აღნიშნავდნენ, რომ ვერ სარგებლობენ დაგროვითი საპენსიო გასაცემლით, რაც საბანკო დაწესებულების მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების არაეფექტურად აღსრულებას უკავშირდება.

 

32349422_1930280716991330_3155167277259685888_nასევე, მხარდაჭერის მიმღებმა პირებმა ისაუბრეს, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქვეყნის გარეთ გადაადგილების სურვილის შემთხვევაში. მათი თქმით, წინააღმდეგობებს ხვდებიან სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისას, პრობლემურია ბიომეტრიული პასპორტის მიღება. საზღვარგარეთ წასვლის სურვილის შემთხვევაში, მათ თავიდან უწევთ სასამართლოსთვის მიმართვა შესაბამისი სფეროების (საზღვრის გადაკვეთა, ჯანდაცვა, წვრილმანი გარიგების დადება, გადაადგილება) განსაზღვრის მოთხოვნით. გარდა ამისა, ბარიერს წარმოადგენს ისიც, რომ მხარდაჭერის მიმღები პირები დამოუკიდებლად, მხარდამჭერის გარეშე ვერ კვეთენ საზღვარს, რადგან საჭიროებენ მხარდაჭერას მათთვის განსაზღვრულ სფეროებში. რიგ შემთხვევაში აღნიშნული ბარიერები დაკავშირებულია ფინანსებთან, გარკვეულ შემთხვევებში კი მხარდამჭერის ნებაზეა დამოკიდებული.

შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღები პირები წინააღმდეგობებს ხვდებიან იმგვარი სურვილების დაკმაყოფილებისას, როგორიც შესაძლოა იყოს საყვარელი მომღერლის კონცერტზე დასწრება და უარის თქმა უწევთ ისეთ შემოთავაზებებზე, როგორიცაა საზღვარგარეთ მათი მონაწილეობით კონცერტის გამართვა.

IMG_2375