PHR-ი ტრეფიკინგის ფონდს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

#სამართიანობა #თანასწორობა #პარტნიორობა (11)

2018 წლის 28 მარტს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტები იმყოფებოდნენ  ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, რა დროსაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაწესებულებაში მცხოვრები ორი ადამიანი ვერ სარგებლობს სოციალური გასაცემლით, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევითა თუ სხვა პროგრამებით, რამდენადაც მათ არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის მოწმობის არ ქონის გამო, მათ ასევე არ აქვთ მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. დოკუმენტის არ ქონა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ვერ ხერხდება დაბადების ადგილის განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ პირები 20 წელზე მეტია ირიცხებიან ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში და მთელი ამ დროის მანძილზე მათ შეზღუდული აქვთ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობის უფლება.

ძევრის პანსიონატის ადმინისტრაციის მხრიდან, 2016 წელს, ადგილი ჰქონდა დაბადების ადგილის დადგენის მცდელობას, რასაც სათანადო შედეგი არ მოჰყოლია. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაბადების ადგილის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა  დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მხრიდან არ გადადგმულა სხვა ქმედითი ნაბიჯები საკითხის მოგვარების მიზნით, რასაც მოწმობს ის, რომ აღნიშნულ პირები დღემდე არ ფლობენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.

ორგანიზაციის პოზიციით, ფონდის მხრიდან საკითხისადმი მსგავსი მიდგომა შეიძლება შეფასდეს, როგორც უმოქმედობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების უგულებელყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური გასაცემელი წარმოადგენს აღნიშნული პირების ერთადერთ შემოსავალს, რომლითაც შეუძლიათ დაიკმაყოფილონ პირადი მოთხოვნილებები ისე, რომ არ იყვნენ დამოკიდებულნი სხვა პირთა ნებაზე.  ამასთან, აღნიშნული პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა, პირადობის მოწმობის არ ქონის პირობებში კი, ისინი რჩებიან მხოლოდ ფონდის სახსრებისა და კეთილი ნების იმედად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნორმატიულ დონეზე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა  დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ერთ-ერთ მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა წარმოადგენს, აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მოცემულ შემთხვევაში,  თავისი უმოქმედობით ფონდი თავად გვევლინება კონკრეტულ პირთა ღირსებისა თუ საქართველოს კონსტიტუციითა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დამრღვევად.

შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, PHR-ი მოუწოდებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა  დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, მხედველობაში მიიღოს აღნიშნული გარემოებები და მიიღოს ყველა საჭირო და ქმედითი ზომა იმისათვის, რომ პანსიონატში მოთავსებულ ყველა პირს გააჩნდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან მათთვის შეთავაზებულ ყველა სერვისზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებით უკვე მიმართა ორგანიზაციამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს.