PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად სასამართლომ შშმ პირის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნა დააკმაყოფილა

PHR-ის იურისტების სამართლებრივი დახმარების შედეგად კიდევ ერთი საქმე დასრულდა წარმატებით, 30 აპრილს გამართულ სხდომაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1355879240__MG_9876-Panoramaსამართლებრივი დახმარებისთვის დ.ჭ.-მ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის  უფლებებისთვის“ 2015 წელს მომართა და საცხოვრებელი სახლის მიღებაში დახმარება სთხოვა. PHR-მა 2015-2017 წლების განმავლობაში სამჯერ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა, განეხილა დ.ჭ.-ის გარდაბნის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხი. 22 ივნისის საპასუხო წერილის თანახმად, დ.ჭ.-ს საბოლოოდ უარი უთხრეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების დასაცავად სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოსარჩელის მოთხოვნა, რის შედეგადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დ.ჭ.-ს სამართლებრივად გარანტირებული სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა დაევალა.