სკოლის საპირფარეშოების მოწესრიგების შესახებ არსებული ნორმის დისკრიმინაციულად ცნობის მოთხოვნით PHR-მა სახალხო დამცველს მიმართა

2018 წლის 26 მარტს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სახალხო დამცველს სკოლის საპირფარეშოების მოწესრიგების შესახებ არსებული ნორმის დისკრიმინაციულად ცნობის მოთხოვნით მიმართა. ორგანიზაცია დისკრიმინაციულად მიიჩნევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის ბრძანებას[1], რომლის მიხედვითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა სართულზე უნდა არსებობდეს ტუალეტები ბიჭებისა და გოგონებისათვის, რომელსაც უნდა ჰქონდეს კარებიანი კაბინები (ჩამკეტის გარეშე).

98ორგანიზაციის პოზიციით, მოცემული ნორმა დისკრიმინაციის ნიშანს ასაკის მიხედვით შეიცავს, რადგანაც ზოგადი, გავრცელებული სტანდარტით,  ყველა სხვა საჯარო დაწესებულებაში განთავსებულ საპირფარეშოს, რომლითაც სარგებლობენ სრულწლოვანი პირები, აქვს ჩამკეტი; ასევე, ყველა საჯარო სკოლაში აკადემიური პერსონალისთვის არსებობს ცალკე საპირფარეშო ჩამკეტით. ჩამკეტის არსებობა არსებითია და დაკავშირებულია ადამიანის პირად ცხოვრებასთან, რადგანაც პირადი ცხოვრების უფლების განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ადამიანის ელემენტარული ფიზიოლოგიური საჭიროებებით უზრუნველყოფა უსაფრთხოების და პერსონალურობის/პირადულობის დაცვის მაღალი ხარისხით მოახდინოს. შესაბამისად, არსებული ნორმა, სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების უფლების განხორციელებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს და გარკვეულწილად, არ აღიარებს ამ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების პრივატულობის დაცულობის უფლებას.

აღნიშნულ შემთხვევაში, PHR-ი დისკრიმინაციად მიიჩნევს განსხვავებული მოპყრობის შესახებ ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ, ვინაიდან, რეგულაცია მიმართულია მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე, რაც მათ განსხვავებულ, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს სხვა, კერძოდ, სრულწლოვან პირებთან შედარებით. არსებული დისკრიმინაციული ნორმის არსებობა გამოწვეულია სკოლის მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, რადგანაც ეს რეგულაცია მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ საპირფარეშოს ეხება და მსგავს მითითებას, მასწავლებლებთან დაკავშირებით არ აკეთებს.

PHR-ი ასევე განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს სკოლის მოსწავლე გოგონების მდგომარეობას, რადგანაც ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილების პრივატულობის სივრცის სტანდარტთან შეუთავსებლობისას, მენსტრუალური ციკლის პერიოდში შესაძლებელია ერთი მხრივ, გოგონებმა ვერ ისარგებლონ მათთვის საჭირო სამედიცინო-სანიტარული დახმარებით, ხოლო მეორე მხრივ, გახდნენ ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის მსხვერპლნი. ამგვარ პირობებში, მენსტრუალური ციკლის დროს, მაღალი ალბათობით, გოგონები აცდენენ სკოლას, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე და შესაბამისად, მათი თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის საფრთხე ჩნდება.

ფიზიოლოგიური საჭიროებებით უზრუნველყოფა, პირადი ცხოვრების უფლების განხორციელების ისეთი კატეგორიაა, რომელიც ასაკის მიხედვით ადამიანთა დაყოფას არ უნდა ითვალისწინებდეს, რადგანაც ყველა ასაკის მქონე პირს თანაბრად აქვს საჭიროება საპირფარეშოთი სარგებლობისას მათი უსაფრთხოება და პირადი სივრცე იყოს დაცული. მოცემული დისკრიმინაციული ნორმით, სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობა ირღვევა ადამიანის თავისუფალი განვითარებისა და ღირსების უფლებასთან ერთიანობაში და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.

შესაბამისად, PHR-ი მიიჩნევს, რომ არსებული ნორმა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებას (მე-14 მუხლი) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების (მე-20 მუხლი) კონტექსტში.  ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სახალხო დამცველს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულობის საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა.


[1] საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N308/ნ ბრძანება; თავი – „ჰიგიენური მოთხოვნები მოსწავლეთა სწავლების პირობებისადმი სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სანიტარული წესები და ნორმები“;  მე-5 მუხლის მე-40 პუნქტი