PHR-მა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან შეხვედრის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა

9jandacva-660x330

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. სწორედ ამ მიზნით, 2018 წლის 27-28 მარტს ორგანიზაციის იურისტები ხონში (ქუტირი) მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ არ მიეცათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, გვაფიქრებინებს, რომ ამ ადამიანებს, დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, ირიბად შეეზღუდათ სამართლებრივი დახმარების მიღების უფლება.

მიუხედავად დაწესებულების ადმინისტრაციის პოზიციისა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაეწიათ სამართლებრივი დახმარება, მათ იურისტებს არ მისცეს შესაძლებლობა თავად შესულიყვნენ განყოფილებაში, შეხვედროდნენ იქ მოთავსებულ პირებს და სურვილის შემთხევავში, გაეცათ სამართლებრივი კონსულტაციები.  ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდება განხორციელდა სოციალური მუშაკების საშუალებით, რომლებმაც იურისტებს განუმარტეს, რომ არცერთმა მათგანმა არ გამოთქვა სამართლებრივი დახმარების მიღების სურვილი.

მართლმსაჯულების მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-13 მუხლითაა დაცული[1]:  „მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის, მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთა წარმოების სხვა საწყისი საფეხურების ჩათვლით“, – ნათქვამია კონვენციაში.

იმ ფონზე, როდესაც სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში[2] არაერთხელ გაესვა ხაზი ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ არაერთ დარღვევას და მძიმე უფლებრივ მდგომარეობას, გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ყველა პაციენტის მხრიდან უფლებადამცველებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის სურვილის არ ქონა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებული პირები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას ღიად მიუთითებენ დაწესებულების პერსონალის მხრიდან ღირსების შემლახავი, ძალადობრივი და უხეში მოპყრობის ფაქტებზე[3]. ამასთან, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში აღინიშნა ისიც, რომ ბენეფიციართა მხრიდან უფლებადამცველებთან კომუნიკაცია, შესაძლებელია მათი ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მიზეზი გახდეს[4], რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ქუტირის ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია/პერსონალი არ არის კეთილგანწყობილი უფლებადამცველთა მხრიდან დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან ურთიერთობისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების კუთხით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ როგორც ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ასევე ყველა სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს არ შეეზღუდოთ უფლებადამცველებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების მიღების უფლება.


[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289?geo=on

[2] „ფსიქიატრიული დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2015 წელი ; „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2017 წელი

[3] „ფსიქიატრიული დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2015 წელი, გვ. 35 ; „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2017 წელი, გვ. 72

[4] „ფსიქიატრიული დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2015 წელი, გვ. 52