გადაწყვეტილება საქმეზე PHR-ი მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

14 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადება განიხილა, რომელშიც PHR-ი უთითებდა, რომ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ვერ მოახერხა მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არასრულწლოვანი გოგონას კონფიდენციალობის სრულად დაცვა, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა მისი იდენტიფიცირება. ორგანიზაციის პოზიციით, იმ ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც არასრულწლოვნის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, ჟურნალისტმა ვერ მოახერხა ბავშვის ინტერესების დაცვა. ქარტიის საბჭომ გაიზიარა ორგანიზაციის არგუმენტები და გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა დაარღვია ქარტიის მერვე (ბავშვის ინტერესების დაცვა) პრინციპი.

30741449_1614419231941137_1960111141054946694_nსიუჟეტი წარმოდგენილი იყო 15 წლის გოგონას ისტორია, სადაც ის პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. სიუჟეტი შეიცავს ვიდეო ჩანაწერს, სადაც ისმის მსხვერპლისა და პედაგოგის საუბარი. ორგანიზაციის პოზიციით, ჟურნალისტმა ვერ შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე, რომელსაც ძალადობის ფაქტის გაშუქებით უქმნიდა მოზარდს. სიუჟეტში იდენტიფიცირებულია არასრულწლოვნის ხმა, ასევე, ისეთი დეტალები, როგორიცაა მოზარდის საცხოვრებელი სახლისა და გარემოს კადრები, სამაჯური, რომელიც არასრულწლოვანს ხელზე უკეთია, თმა, სამოსი, რაც ნაცნობებისთვის საკმარისი ინფორმაციაა იდენტიფიცირებისათვის. გარდა ამისა, ის ფაქტორი, რომ გოგონა საფეხბურთო ნაკრებში თამაშობს, ავიწროებს მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ასევე, რუსულ ენაზე მოსაუბრე მშობელი. ყოველივე ამის გაუთვალისწინებლობამ ადვილად შესაძლებელი გახადა არასრულწლოვნის ვინაობა, შედეგად კი, ძალადობაგამოვლილი გოგონა თანატოლებისგან აგრესიის, ზეწოლის, ბულინგისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულმა ფაქტმა იმდენად ნეგატიური გავლენა მოახდინა მსხვერპლზე, რომ არასრულწლოვანმა მიიყენა თვითდაზიანებები და თვითმკვლელობა სცადა.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტი უნდა აცნობიერებდეს მის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გავლენასა და შედეგს, უნდა ითვალისწინებდეს საკითხის სიმძაფრეს, სპეციფიკას, კულტურულ ფაქტორებს, და უნდა მოქმედებდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჟურნალისტს უნდა ეხმარა ყველა ღონე, რათა დაეფარა ყველა ის დეტალი, რაც გოგონას იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა და თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი საფრთხე. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.