PHR-ის წარმომადგენლებმა ქუთაისში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

28 მარტს, #USAID #PROLoG -ის მხარდაჭერით, ქუთაისში #PHR-ის იურისტებმა ანა თავხელიძემ და მარიამ ქევხიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანსაც იმერეთის რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალის, მასწავლებლების, პროკურორების, გამომძიებლებისა და მუნიციპალიტეტებში ახლად შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. შეხვედრა მარტის, როგორც ქალთა უფლებების დაცვის თვეს მიეძღვნა.

შეხვედრაზე PHR-ის იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობა გააცნეს და იმ წინააღმდეგობებზე ისაუბრეს, რასაც ქალთა უფლებების დაცვისას სახელმწიფო სისტემაში აწყდებიან: – „მნიშვნელოვანია, ყველა იმ სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც ქალთა მხარდაჭერის პროცესში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ, გააცნობიერონ თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რადგან სწორედ თანამშრომლობით შეგვიძლია ეფექტური შედეგების მიღწევა და ქალთა დაცვა ძალადობისგან“, – აღნიშნა PHR-ის წარმომადგენელმა.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთი სამუშაო სფეროსთვის დამახასიათებელ პრობლემურ საკითხებზე, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი მათ სამომავლო თანამშრომლობისთვის რეკომენდაციები გაუზიარეს, განიხილეს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები.

სხვადასხვა რაიონის პროკურორებმა და გამომძიებლებმა ისაუბრეს რეგიონში მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავებისადმი მიმართვისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინების პროცესში ექიმებისა და მასწავლებლების აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე. გამომძიებლებმა მტკიცებულებების მოპოვების სირთულესა და დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავებაზე ისაუბრეს, რაც კულტურული ფაქტორის გამო, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას ერთ-ერთ ძირითად ხელშემშლელ ფაქტორად დაასახელეს.

მასწავლებლებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, აღნიშნეს, რომ კლტურული ფაქტორის გამო ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ, რაც მასწავლებლებს ძალადობის შემთხვევებისას სამართალდამცავებისთვის მიმართვაში უშლით ხელს. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა კი, თავად დაწესებულებებისა და პერსონალის მხრიდან საკითხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და ინფორმაციის ნაკლებობაზე ისაუბრეს: – „მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დავესწარი და მოვისმინე, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ექიმს ქალების დასახმარებლად, ვაკვირდები ხოლმე სამუშაო პროცესში თანამშრომლებს და ვხვდები, როგორი გულგრილები არიან თემის მიმართ“, – აღინიშნა შეხვედრაზე.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, რომლებმაც აუდიტორიას საბჭოს მუშაობის სამომავლო გეგმები გააცნეს, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს რეკომენდაციები და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მადლობას გამოხატავს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის და გამოყოფილი სივრცისთვის.

IMG_1922

IMG_1926

IMG_1929

IMG_1933

IMG_1935

IMG_1946

IMG_1949

IMG_1953