PHR-ი სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს მხარდაჭერას უცხადებს

PHR კიდევ ერთხელ ეხმიანება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიერ სავარაუდოდ განხორციელებულ სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ძალადობის ფაქტებს, რის შესახებაც ინფორმაცია “ქალთა მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოქვეყნდა.

უკიდურესად ვგმობთ და განვიცდით საქართველოში მწვავედ დამკვიდრებულ ძალადობრივ ურთიერთობებსა და სისტემებს, რისი მსხვერპლებიც, უმეტესად, ქალები არიან. არსებითად მნიშვნელოვანია, ყველამ ვინც სამართლიანობას ცხოვრებისა და მუშაობის უზენაეს პრინციპად აღიარებს, მხარდაჭერა გამოუცხადოს ყველა ჩაგრულ სოციალურ ჯგუფს და კანონიერი საშუალების გამოყენებით მიაღწიოს სოციალურ ცვლილებებს.

ჩვენი ორგანიზაციის მისიას სწორედ ჩაგრული ჯგუფების უპირობო მხადრაჭერა წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით ყველა იმ ქალის გვერდით, ვისაც ჩვენი დახმარება გააძლიერებს.

პირველივე წუთებიდან სოლიდარობა გამოვუცხადეთ ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს და შევთავაზეთ უფასო სამართლებრივი დახმარება. დღეიდან კი, უფლებადამცველი ქალები ვიწყებთ პრაქტიკულ მოქმედებებს ქალებისთვის. მიუხედავად სისტემის მხრიდან სექსუალური შევიწროვების, როგორც პრობლემის არ აღიარებისა, რაც ყველაზე მკაფიოდ საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა თემის დატოვებით გამოიხატება, ჩვენი გუნდი სხვა მხარდამჭერებთან ერთად, ყველაფერს იღონებს, რათა ქალებმა ყველა სამართლებრივი საშუალება გამოიყენონ დარღვეული უფლებების აღსადგენად.