დაუყოვნებლივ შეტყობინების და რეაგირების ვალდებულება ბავშვთა მიმართ ძალადობისას

15755740ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება – D.M.D.  რუმინეთის წინააღმდეგ
 

საჩივრის ნომერი: – 23022/13

შედეგი: მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა.

ფაქტები: მომჩივანი დაიბადა 2001 წელს რუმინეთში.  მისი მშობლები C.I. და D.D. განქორწინდნენ 2004 წლის სექტემბერში. 2004 წლის 27 თებერვალს C.I.-მ დარეკა ბავშვთა დაცვის ცხელ ხაზზე და შეატყობინა მეუღლის მხრიდან ბავშვის და მის მიმართ ძალადობის შესახებ. ბავშვთა დაცვის ორგანომ D.M.D.  ჩართო ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამაში და არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოსადმი.

C.I.-მ 2004 წელს ოთხჯერ მიმართა პოლიციას მეუღლის მხრიდან მასზე და მის შვილის განხორციელებულ ძალადობაზე. აღნიშნულ საჩივრებს რეაგირება არ მოჰყოლია. მხოლოდ საჩივრით მეხუთედ მიმართვის შემდეგ დაიწყო გამოძიება. გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში. ხოლო სასამართლო განხილვა ყველა ინსტანციაში დაახლოებით 8 წლის განმავლობაში.

სასამართლომ დაადგინა:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ეფექტურად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის ფაქტი, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის ფაქტები.  სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა დაიცვას ბავშვები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები და აღკვეთოს მათი პიროვნული ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული  სერიოზული დარღვევები. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ოჯახში ძალადობას, ამ დროს აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩართულობა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები მომჩივანის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ 2004 წლის 27 თებერვლიდან, თუმცა მათ არ მიუღიათ სათანადო ზომები, კერძოდ არ მიუმართავთ პოლიციისათვის, მაშინ როდესაც მათ ეროვნული კანონმდებლობით ეკისრებოდათ შეტყობინების ვალდებულება.  უფრო მეტიც, დანაშაულთან დაკავშირებულ პირველ ოთხ  საჩივარზე ხელისუფლების ორგანოებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების ხანგრძლივობაზე, კერძოდ, დაახლოებით 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა ყველა ინსტანციაში, რაც ძირითადად განპირობებული იყო ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ შეცდომების დაშვებით. გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 3 წლის და 6 თვის განმავლობაში, მთელი ამ დროის განმავლობაში კი, არც გამომძიებელს და არც პროკურორს რაიმე დაბრკოლება არ შეხვედრიათ. მთელი ეს დრო დასჭირდა ექვსი მოწმისგან ჩვენების აღებას და რამდენიმე დასკვნის შესწავლას. გამოძიების პასიურობაზე ასევე მიუთითებდა რუმინეთის ეროვნული სასამართლოც. ადამიანის უფლებათა ევროპილმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სახელმწიფოს, პოზიცია, რომ სამართალწარმოების გაჭიანურებას ხელი შეუწყო მომჩივანის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებამ და აღნიშნა, რომ ამ პირობებში ვერ მოხდებოდა თავად მომჩივანის დადანაშაულება,  რომ მან ბოროტად გამოიყენა საპროცესო უფლებები.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ  სამართალწარმოების ხანგრძლივობა ეროვნულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხოლოდ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ხოლო დაზარალებულთან მიმართებით ეს გარემოება არ გაითვალისწინა. მაშინ როდესაც მომჩივანსაც ზიანს აყენებდა სამართალწარმოების გაჭიანურება. ამასთანავე, მომჩივანს არანაირი კომპენსაცია არ მიუღია მიყენებული ზიანისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  ხაზს უსვამს ეროვნული სასამართლოს მიერ გამოყენებულ ფრაზებს, რომელიც გარკვეულ ქმედებებს  მისაღებად მიიჩნევს ოჯახურ სივრცეში და განმარტავს, რომ დაუშვებელია  ნებისმიერი ფორმის სხეულებრივი დასჯა. უფრო მეტიც  ევროპის საბჭო აღიარებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რომელიც ეჭვგარეშე მოიცავს მისი უფლებებისა და ღირსების პატივისცემას, არის ბავშვების სხეულებრივი დასჯისგან დაცვის ქვაკუთხედი. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის  მთავარი საზრუნავი არის ბავშვის ღირსება (dignity). ბავშვების ღირსების პატივისცემა მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბდნენ. სასამართლო ბავშვის ღირსებასთან შეუთავსებლად მიიჩნევს ნებისმიერი სახის კომპრომისს ბავშვთა მიმართ ძალადობის გაკიცხვასთან დაკავშირებით, თუნდაც ეს მიღებული იყოს როგორც „ტრადიცია“ ან შენიღბული, როგორც „დისციპლინა“.  ბავშვების მოწყვლადობა და მათი დამოკიდებულება ზრდასრულებზე – სავალდებულოს ხდის, რომ ისინი უფრო მეტად, და არა ნაკლებად,იყვნენ დაცულები ძალადობისაგან, მათ შორის ოჯახში სხეულებრივი დასჯისგან. სასამართლოს განმარტებით ბავშვის ღირსების დაცვა ვერ იქნება გარანტირებული თუ ეროვნული სასამართლო  არასათანადო მოპყრობის რაიმე შემთხვევას, მათ შორის სხეულებრივ დასჯას, რომელიც კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულია, დასაშვებად მიიჩნევს.  

ყოველივე ზემოთხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. გარდა არასათანადო მოპყრობისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობის თანახმად სავალდებულო არ იყო პირს მოეთხოვა კომპენსაცია. სასამართლოს  თავისი ინიციატივით უნდა ემსჯელა მართლმსაჯულებაზე უარის თქმის გამო ზიანის ანაზღაურების საკითხზე, თუნდაც არ დაეკისრებინა.

თარგმნა ანა თავხელიძემ