PHR ბავშვებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტურ შესაძლებლობას ითხოვს

სახალხო დამცველმა ბავშვების სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასთან დაკავშირებით ასაკის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა

2017 წლის 25 ოქტომბერს PHR-მა სახალხო დამცველს სახელმწიფოს მხრიდან, არასრულწლოვნის მიმართ, ასაკის ნიშნით, დისკრიმინაციის დადგენის მიზნით მიმართა და მიუთითა, რომ არსებული რეგულაცია, რომელიც არასრულწლოვანს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას უზღუდავს დისკრიმინაციულია და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო და შიდასამართლებრივ ნორმებთან.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ბავშვმა ორგანიზაციას იურიდიული დახმარებისთვის მიმართა

ორგანიზაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით 17 წლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა არასრულწლოვანმა მიმართა, რომელიც ირიცხებოდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ვინაიდან არასრულწლოვნის დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ჰქონდა ერთთვიანი ვადა, ბავშვი საჭიროებდა დაუყოვნებლივ იურისტის დახმარებას, სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემაზე მიმართვის მიზნით. ბავშვსა და ორგანიზაციის იურისტებს შორის მინდობილობის გაფორმებისთვის აუცილებელი იყო არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ორგანიზაციის იურისტებმა ბავშვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართეს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ და სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდს“ , რათა მათ მიეცათ ორგანიზაციისთვის თანხმობა ბავშვისთვის იურიდიული დახმარების გაწევის თაობაზე. სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ მიმართვაზე დროული რეაგირება არ განხორციელებულა.

ორგანიზაციის იურისტებისათვის მინდობილობის გაცემის მიზნით, არასრულწლოვანმა დამოუკიდებლად მიმართა ნოტარიუსს, თუმცა, ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედებაზე ბავშვის ასაკის მითითებით, უარი განაცხადა.

ასევე, შეუძლებელი გახდა აღნიშნული უარის სასამართლო წესით გასაჩივრება, რადგან თავშესაფრის მისამართის კონფიდენციალურობის გამო, არასრულწლოვანს ვერ ჩაბარდა ნოტარიუსის უარი.

მოგვიანებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ორგანიზაციას აცნობა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი PHR-ის იურისტების არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლად ჩართვისა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც უზღუდავს ბავშვს, საკუთარი სურვილით აირჩიოს თუ ვინ იქნება მისი დამცველი, სასამართლოსთვის მიმართვამდე, რომელიც მას დაეხმარება მტკიცებულებების მოპოვებაში, ორგანიზაციის მოსაზრებით, წარმოადგენს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას. ხოლო, ისეთ შემთხვევაში კი, როდესაც, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ანუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შესაძლოა თავად არღვევდეს ბავშვის უფლებებს,  ბავშვს ასევე უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი ადვოკატი, ვინაიდან ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს.

14-დან 17 წლამდე ბავშვებისათვის იურიდიული დახმარების საჭიროება სასამართლოსთვის მიმართვამდე

 

აღნიშნულ საქმეზე, სახალხო დამცველმა გაიზიარა ორგანიზაციის მოსაზრება და დაადგინა ირიბი დისკრიმინაცია ბავშვების მიმართ, რომლის საფუძველიც ის საკანონმდებლო ნორმაა, რომელიც 14-18 წლის ასაკის ბავშვებს სასამართლოსადმი მიმართვის და ადვოკატის ყოლის ეფექტურ მექანიზმს არ სთავაზობს. სახალხო დამცველის მოსაზრებით: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა 14-დან 18 წლამდე ბავშვს აძლევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს, ხოლო მიმართვის შემდეგ, სასამართლო ბავშვს უნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს – ეს მოწესრიგება არ არის ეფექტური, რადგან ბავშვის საპროცესო წარმომადგენლის ჩართვა ხდება დაგვიანებით, რაც ვერ გამორიცხავს არასრულწლოვნის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის ეტაპზე ხარვეზს და არასრულწლოვანს, მოპასუხესთან შედარებით, არათანასწორ პირობებში აყენებს. შესაბამისად, არასრულწლოვანს ესაჭიროება ადვოკატის დახმარება სარჩელის შეტანის ეტაპზევე, რაც პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

14 წლამდე ბავშვებისათვის, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის აუცილებლობა

სახალხო დამცველმა აღნიშნულ რეკომენდაციაში ასევე შეისწავლა 14 წელს მიუღწეველი ბავშვების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. შეაფასა საკანონმდებლო ნორმა, რომელიც აკეთებს სპეციალურ დათქმას იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსარჩელეებს მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით შეუძლიათ სასამართლოში საქმის წარმოება. ხოლო თუ კანონიერი წარმომადგენელი თავად არღვევს ბავშვის უფლებას ან უარს იტყვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად სასამართლოსადმი მიმართვაზე, 14-წლამდე ბავშვის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის გარეშე რჩება.

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხვა პირების თუ ბავშვის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობას, 14 წლამდე ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ სასამართლოს მიმართონ, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად კანონიერი წარმომადგენელი, მშობელი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არღვევს ბავშვის უფლებას.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებების სრულყოფილად დაცვისთვის აუცილებელია, საქართველოს კანონმდებლობამ გაიზიაროს ევროპული სასამართლოსა და გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მიდგომა, ვინაიდან პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლის ან სხვა პირის კანონიერი წარმომადგენლობის გარეშე დარჩენილი, სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვი, სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ხდება უფლებადარღვევის მსხვერპლი. ასეთ შემთხვევაში კი იქმნება სამართლებრივი ვაკუუმი, რომელშიც არასრულწლოვანი მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, დამოუკიდებელ ადვოკატთან ერთად საკუთარი უფლება დაიცვას სასამართლოს მეშვეობით. პრაქტიკაში ასევე ვერ გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედებაზე, სახელმწიფო კი, ბავშვის უფლების დასაცავად, არ დგამს ნაბიჯებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ შემთხვევაზეც დაადგინა  14 წლამდე ბავშვების მიმართ ირიბი დისკრიმინაცია კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ბავშვებს უზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვას დამოუკიდებლად, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე.

საქართველოს სახალხო დამცველმა, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

• მოამზადოს და განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც გაითვალისწინებს ყველა ასაკის ბავშვის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის მიზნით, უფასო იურიდიულ დახმარებას ან/და ნათესავის, სხვა ახლობელი ადამიანის ან ადვოკატის მიერ წარმომადგენლობის შესაძლებლობას, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე.