ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ

19-24 თებერვალს, ბრიუსელში საქართველოდან არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციასა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს მხრიდან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიღწევები და გამოწვევები განიხილებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით პოლიტიკის დოკუმენტებსა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ანგარიშებს 2015 წლიდან ამზადებენ. ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგს ბავშვთა უფლებების მიმართულებით ახორციელებს.

PHR-ის ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა ბავშვთა ინსტიტუციებზე, როგორც ბავშვებისთვის ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციულ და საფრთხის შემცველ დაწესებულებებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, კვლავ ფუნქციონირებს დიდი ზომის ინსტიტუციები, რომლებიც მესამე პირების, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობების, რელიგიური ორგანიზაციებისა და კერძო პირების მმართველობაშია. სახელმწიფო კი, ვერ აკონტროლებს აღნიშნულ ინსტიტუციებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას.  არსებული რეალობა ბავშვებს სახელმწიფო მზრუნველობისა და მონიტორინგის ფარგლებს გარეთ ტოვებს, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მოწყვლადი ჯგუფის – ბავშვების დაცვის მოთხოვნის აშკარა დარღვევაა.

ანამ ასევე, ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არასაკმარის და არაეფექტურ, რიგ შემთხვევებში კი, არ არსებულ სერვისებზე. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ არაქმედით ნაბიჯებზე.

s3-news-tmp-56002-gdpr--default--1280.jpgსაქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში (2017-2020) ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ყველა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ ბავშვების დაცვაზე. ბავშვთა უფლებების მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგი სახელმწიფოს ავალდებულებს ყოველწლიური მონიტორინგის წარმოებას, ყველაზე დაუცველი ბავშვების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი ღონისძიებების გაძლიერებას, რაც სახელმწიფომ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაფართოების გზით უნდა შეძლოს.

ასევე, სახელმწიფოს ევალება ბავშვთა დაცვის მექანიზმების მოწესრიგება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება და ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციისკენ მიმართული მუშაობა. აგრეთვე, ჰაბილატაციის / რეაბილიტაციის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის საჭირო პროგრამების შექმნა და ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს 2018 წელს კვლავ ბავშვთა უფლებების მიმართულებით განახორციელებს.