8 რეკომენდაცია ბავშვებს

HR-2ავტორი: ანა არგანაშვილი

ინტერნეტი გადავსებულია ინფორმაციით, როგორ მართონ მშობლებმა ბავშვების ქცევა, ფსიქოლოგები და პედიატრები ასწავლიან მშობლებს, როგორ  აღზარდონ, ასწავლონ და გაუმკლავდნენ ბავშვების პრობლემებს. თითქმის არასდროს წერენ, როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი თუ მშობელი იქცევა „არც ისე კარგად“. არადა, ფაქტია, მშობლები ხშირად ვიქცევით გაუგებრად, და გაუგებარ ქცევას აღზრდას ვარქმევთ. ვსარგებლობთ იმით, რომ ბავშვმა თავიანთი უფლებები არ იციან.

ერთი სიტყვით, მშობლებს ხშირად გვეშლება და ბავშვებთან ამის აღიარებით უნდა დავიწყოთ. თუ რატომ გვეშლება, ამას დიდი ისტორია აქვს, ხშირ შემთხვევაში, ალბათ, ისე ვიღლებით სამსახურში საქმით, რომ საღამოს ენერგია აღარ გვყოფნის მოთმინებით მოვეკიდოთ დამატებით გამოწვევებს. , თუმცა, ეს არ გვამართლებს. ამიტომ ბავშვებო, მიიღეთ 8 რეკომენდაცია, როგორ მოიქცეთ, თუ მშობლები უცნაურად ვიქცევით:

  1. პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ უფროსების ცუდი ქცევა თქვენი ბრალი არ არის. მაშინაც კი, როცა ყვირილს ან ძალადობას თქვენი აღზრდის მოტივით ვამართლებთ. იმიტომ, რომ რაც არ უნდა შეეშალოს ერთ ადამიანს, მეორე ადამიანი ყვირილით ვერ გაუსწორებს.
  2. შესაძლებელია, ჩვენი ყვირილი ან ცუდი ქცევა ჩვენს სხვა პრობლემაზე მიანიშნებდეს: ან სადმე დაგვაგვიანდა, ან უფროსმა უხეშად მოგვმართა, ან ყოველთვიურად სახარჯი ფული დროზე ადრე ამოგვეწურა, ჩვენ კი, მოკლე დროში ამ პრობლემების გაანალიზება ვერ მოვახერხეთ  და გაღიზიანება ყვირილით გამოვხატეთ. ასეთ დროს, როგორც ყველა გაჭირვებულ ადამიანს, ცოტა დრო მოგვეცით, რომ დავმშვიდდეთ და როცა დავმშვიდდებით, მერე თქვენ რომ იცით, ისე გვაგრძობინეთ რომ შეგვეშალა.
  3. ეცადეთ, იმ რთული სიტუაციის გადავლის შემდეგ, დაგველაპარაკოთ და გვითხრათ, რა გავაფუჭეთ ჩვენი ყვირილით ან ძალადობით, რა გეტკინათ, როგორ შეგეშინდათ და გეწყინათ, როგორ იგრძენით თავი დაუცველად, რადგან ადამიანი ვისგანაც ყველაზე მეტად ელოდით დაცვას, უცებ, აყვირდა და ყველაზე დიდ საფრთხედ გადაიქცა. ჩვენ შეიძლება იმ წუთში თქვენი სიტყვები არ შევიმჩნიოთ, მაგრამ თქვენს ნათქვამს აუცილებლად დავიმახსოვრებთ, შეიძლება ჩუმად ვიტიროთ კიდეც სირცხვილისგან და მერე საჩუქრები დაგაძალოთ პატიების მისაღებად. არ გვკრათ ხელი, დაგვეხმარეთ უკეთესი მშობლები გავხდეთ.
  4. ჩვენთან საუბრისას ეცადეთ, რომ შეგვაფასოთ არა როგორც ცუდ ან კარგ ადამიანებად, არამედ შეაფასოთ ჩვენი ქცევა. რადგან იმ სიტუაციაში არც ისე კარგად მოვიქეცი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მორჩა, მიუღებელი ადამიანი გავხდი.  თქვენც ხომ არ მოგწონთ როცა უფროსები რაღაც იარლიყს მოგაკრავთ ხოლმე, მაგალითად – როგორი ზარმაცი ხარ! ან როგორი დაუდევარი ხარ?! უმჯობესია, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს როცა ჩვენ უხეშად გექცევით. ამ დროს, სჯობს აღწეროთ ჩვენი ქცევა და შეაფასოთ, თქვენზე როგორ ზემოქმედებს ეს ქცევა. დაფიქრდი, შენც ხომ არ მოგწონს, როცა გეუბნებიან – შენ ყოველთვის იგვიანებ! ამიტომ ნურც უფროსებს დაგველაპარაკები გვეტყვი – შენ არასოდეს გცალია ჩემთვის! ეს ხომ უფრო ბრალდებას ჰგავს და ადამიანს დიალოგისთვის არ განაწყობს?!
  5. მოგვეცით საშუალება, ბოდიში მოგიხადოთ და თუ ჩვენ ყვირილს წინ უძღოდა თქვენი ცელქობა (რომელიც, ცხადია ყვირილით მაინც არ გამოსწორდებოდა), თქვენც მოგვიხადეთ ბოდიში. რადგან ტყუილია გამოთქმა – „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა“, სინამდვილეში, ბოდიში მართლაც კურნავს.
  6. თუ ერთ მშობელს ვერ გააგებინეთ, მოძებნეთ მეორე მშობლის მხარდაჭერა. თუ ვერც ეს მიიღეთ, აუცილებლად მოძებნეთ ოჯახის ახლობლები, რომლებიც მოგისმენენ და ჩვენ, მშობლებს დაგველაპარაკებიან, აგვიხსნიან.
  7. ხშირად ვილაპარაკოთ, როგორია კარგი მშობლობა და კარგი შვილობა ანუ. მოგვიყევით ხოლმე, როგორი გინდათ რომ იყოს ჩვენი ოჯახი, რომელი მიზნებისკენ ვიაროთ, როგორ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება ბედნიერი და წარმატებული, რა გწყინთ, რა გიხარიათ, ვინ რა გითხრათ სკოლაში, როგორი იყო ცეკვაზე, ეზოში რა ითამაშეთ… ბოლო-ბოლო რომელ GAME-ში სადამდე გახვედით… საღამოს ჩაისთან, ან დილას, სანამ სკოლაში მივდივართ, საუკეთესო დროა ამაზე სალაპარაკოდ. ან ყველა სხვა დროს, სადაც გამოვა. თუ ვერ ვიცლით თქვენთან სალაპარაკოდ, გაგვიმეორეთ, – მინდა ვისაუბროთ! მინდა ვისაუბროთ! მინდა ვისაუბროთ!
  8. და ბოლოს, თუ ვერავის ვერაფერი გააგებინეთ, მოითხოვეთ დახმარება, არ გვაქვს მშობლებს უფლება რომ დაგარტყათ, გიყვიროთ, ვიძალადოთ, ჩაგკეტოთ… მშობლებს გვაქვს მხოლოდ თქვენი სიყვარულითა და მზრუნველობით აღზრდის ვალდებულება და თუ ამას არ ვაკეთებთ, ესე იგი მაგრად გვეშლება. დახმარების სათხოვნელად დარეკეთ:

1505-ზე, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი.

112- პოლიცია

1481 – ომბუდსმენის ცხელი ხაზი.

2 331356 – არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები ადამიანის უფლებებისთვის“