სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შსს ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დაევალა

26 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ოჯახში ძალადობის გამო გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაძალაში დატოვა.

White.jpgაღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნით, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2016 წლის მარტის თვეში მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა, სამინისტრომ უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ, მათი აზრით, მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნებოდა პერსონალური მონაცემების შემცველ, დახურული ტიპის საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემაც შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

შესაბამისად, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ინფორმაციის გაცემა, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებსაც წარმოადგენენ: – „საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები”.