PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული კიბერბულინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად რამდენიმე არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ კიბერბულინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ არასათანადო მოპყრობას გულისხმობს.

UNICEF-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში „ბავშვები ციფრულ სამყაროში“ საუბარია, თუ რამდენად გაზარდა ინფორმაციულმა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ტრადიციული რისკები (მაგალითად, ბულინგი) და შექმნა ბავშვებზე ძალადობისა და მათი ექსპლუატაციის ახალი ფორმები: – „არცერთი ბავშვი არაა დაცული ონლაინ საფრთხეებისგან და არასოდეს ყოფილა ასეთი ადვილი ყველაზე მოწყვლადი ბავშვების მიზანში ამოღება ბულინგის მოყვარულების, სექსუალური მოძალადეების, ადამიანით მოვაჭრეებისა და ბავშვებისთვის სხვა სახის ზიანის მიმყენებელი პირების მიერ“,[1] – ნათქვამია ანგარიშში. კიბერბულინგი[2] ყველაზე გავრცელებული ფენომენია. ეს არის ქმედება, როცა ვინმე იყენებს ინტერნეტს, იმეილს, ტექსტურ შეტყობინებას, ჩათს, სოციალურ ქსელს, ონლაინ ფორუმს და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს იმ მიზნით, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს ან დაამციროს სხვა ადამიანი. კიბერბულინგის ტერმინებია ასევე, ონლაინ ბულინგი, ინტერნეტბულინგი, ინტერნეტჩაგვრა, ონლაინ ჩაგვრა, კიბერჩაგვრა და ა.შ.

ჩვენს ორგანიზაციას  სამართლებრივი დახმარების მიზნით დაუკავშირდნენ და სოციალურ ქსელ “Facebook-ში“ შექმნილ რამდენიმე თემატურ ჯგუფში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათის უნებართვოდ განთავსების შესახებ შეატყობინეს, რასაც ასევე თან ახლდა ბავშვების მიმართ გამოხატული უცენზურო კომენტარები, დამცირება, ბულინგი და შეურაცხყოფა. ფოტოსურათი ხელმისაწვდომი გახდა არასრულწლოვანთა თანაკლასელებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მიმართ ბულინგი სასკოლო სივრცეში. აღნიშნული ქმედების შედეგად არასრუწლოვნებმა განიცადეს  მორალური ტანჯვა.

ორგანიზაციის  სამართლებრივი კონსულტაციის შედეგად განმცხადებელმა მიმართა  სამართალდამცავ ორგანოს, რის შედეგადაც გამოძიება დაიწყო. PHR-ის იურისტი განაგრძობს არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.


[1] UNICEF – “ბავშვები ციფრულ სამყაროში”/2017 – გვ.24-25 http://unicef.ge/uploads/UNICEF_SOWC_GEO_FINAL_NO_Print.pdf

[2] https://www.cyberhouse.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98/