PHR-ის მიმართვის საფუძველზე სკოლამ მოსწავლისთვის სპეციალური პედაგოგი გამოჰყო

ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დახმარებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლებმა მომართეს, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ შვილი, რომელიც ირიცხება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის მე-2 საჯარო სკოლის მეორე კლასში, საჭიროებდა ინკლუზიურ განათლებას; მიუხედავად ამისა, სკოლა ვერ უზრუნველყოფდა სპეციალური პედაგოგის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. შედეგად, ბავშვი ვერ ახერხებდა განათლების უფლებით სრულყოფილად სარგებლობას.

amea_2PHR-მა შულავერის სკოლას 8 სექტემბერს მიმართა, რათა გაეთვალისწინებინა მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და მიმდინარე სასწავლო წლიდან უზრუნველეყოთ სკოლაში სპეციალური პედაგოგის აყვანა, რათა მოსწავლეს შეძლებოდა სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვა. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 24-ე მუხლით დაცულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი მისაწვდომობა ინკლუზიურ, ხარისხიან და უფასო დაწყებით და საშუალო განათლებაზე მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით[1].

შულავერის მე-2 საჯარო სკოლამ გაითვალისწინა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და PHR-ის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყო საგანმანათლებლო პროცესში სპეციალური პედაგოგის ჩართვა, რის შემდეგაც ბავშვისთვის შესაძლებელი გახდა მის საჭიროებაზე მორგებული ინკლუზიური განათლების მიღება.


[1] შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია – მუხლი 24-ე (b) – https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289