PHR-ის საჩივრის საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა გენდერულად მგრძნობიარე ასპექტის გათვალისწინებით, განმეორებით შეისწავლა არასრულწლოვანზე ძალადობა

სოციალური მომსახურების სააგენტომ PHR-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე არასრულწლოვანზე ძალადობა განმეორებით შეისწავლა და ორგანიზაციის მიერ მითითებული შენიშვნები გაითვალისწინა. PHR-მა სააგენტოს საჩივრით 21 ნოემბერს მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ სოციალური მუშაკის მხრიდან გამოვლინდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობის მიმართ გენდერულად არამგრძნობიარე დამოკიდებულება, მომზადებული დასკვნა შეიცავდა ხარვეზებს და შესაბამისად, ორგანიზაცია მოითხოვდა დასკვნის გაუქმებასა და არასრულწლოვნის მდგომარეობის ხელახლა შესწავლას.

საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანს განსაზღვრული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სარგებლობს სოციალური პაკეტით, რომელსაც მინდობილობის საფუძველზე ერთპიროვნულად პირადი მიზნებისთვის  იყენებდა მისი ერთ-ერთი მშობელი, რაც წარმოადგენს ეკონომიკურ ძალადობასა და ბავშვის უგულებელყოფას. ამასთანავე,  მშობლის მხრიდან მეორე მშოლის მიმართ ბავშვის თანდასწრებით  სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნულის თაობაზე მშობლის მიერ ინფორმირებული იყო სოციალური მუშაკი, თუმცა მას რაიმე ზომა არ მიუღია. მას შემდეგ რაც  მშობელმა ჩვენს ორგანიზაციას მომართა და ითხოვა დახმარება, ორგანიზაციის წარმომადგენელმა  ძალადობის ფაქტის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს, რის საფუძველზეც გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.  ბავშვის მიმართ მიმდინარე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ასევე მიეწოდა სოციალური მომსახურების სააგენტოსაც და მოთხოვნილ იქნა რეაგირება. საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა კი, საქმის შესწავლის შემდეგ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა არ ხორციელდებოდა.

socsaagento-e1515655418991.jpgსწორედ აღნიშნული დასკვნის გაუქმების მოთხოვნით მიმართა PHR-მა სოციალური მომსახურების სააგენტოს და საჩივარში მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, სოციალური მუშაკი ვერ გამორიცხავდა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ამასთანავე, სოციალური მომსახურების სააგენტომ არასათანადო რეაგირება მოახდინა არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად, კერძოდ – არ გაითვალისწინა ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რის გამოც მას ოჯახში ძალადობის მოწმედ ყოფნა განსაკუთრებულ ზიანს აყენებდა; მას არ განუხორციელებია ვიზიტი ოჯახში, არ შეუსწავლია არასრულწლოვნის მდგომარეობა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მის მიმართ არ ხორციელდებოდა ძალადობა და ძალადობაგამოვლილი ქალის მიმართ არ ყოფილა გენდერულად მგრძნობიარე. უფრო მეტიც, მან ბავშვის მიმართ ძალადობის გამოსარიცხად საკმარისად მიიჩნია მშობლების შერიგების ფაქტი, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება სოციალური მუშაკისათვის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს. მოცემულ შემთხვევაში კი, სოციალურ მუშაკი არ იყო გენდერულად მგრძნობიარე, რადგან მან ბავშვზე ძალადობის შესწავლისას არ გაითვალისწინა ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის გენდერული ასპექტები, თუ რამდენად დიდ სირთულეს წარმოადგენს მსხვერპლისთვის  მოძალადესთან ღიად დაპირისპირება, რის გამოც თავად უნდა მიემართა სასამართლოსთვის მოძალადე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შესაზღუდად, რაც არ განახორციელა.

ჩვენი საჩივრის პასუხად, ორგანიზაციას სოციალური მომსახურების სააგენტომ 26 დეკემბერს აცნობა, რომ  განმეორებით შეისწავლეს საქმე და სოციალური მუშაკის ჩარევის შედეგად, მოძალადე მშობელმა ნებაყოფლობით გადასცა მინდობილობა მეორე მშობელს. რის შემდეგაც, არასრულწლოვნის მიმართ ზემოხსენებული ფორმით ძალადობა აღარ ხორციელდება.