PHR-ის სამართლებრივი დახმარება “ხელი ხელს” ბენეფიციარს

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად სათემო სახლის “ხელი ხელს” მომსახურებაში ჩართულ ადამიანს დროებითი მხარდამჭერი დაენიშნა. დროებით მხარდამჭერი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარდაჭერის მიმღების ინტერესების გათვალისწინებით დანიშნული პირია, რომელიც მას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისას ეხმარება. 26 დეკემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დროებითი მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნო მ.მ. და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მხარდაჭერის სფეროები განესაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარდაჭერის მიმღებ პირს ზიანის მიყენებისგან თავიდან აცილების მიზნით, დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი ისეთ სფეროებში, რომელიც პირს შეუქცევადი ზიანისგან დაიცავს. შეუქცევადი ზიანი შესაძლოა, გამოიხატებოდეს იმაში, რომ პირმა ვერ შეძლოს სოციალური პაკეტით სარგებლობა და საკუთარი საპენსიო თანხების განკარგვა, ასევე, ვერ შეძლოს სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა.

vaska1სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საბანკო დაწესებულებისთვის ჯერ კიდევ სირთულეს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს მხარდამჭერის მონაწილეობა მხარდაჭერის მიმღების დამოუკიდებლად მოქმედებისას საფინანსო დაწესებულებასთან ურთიერთობის დროს. მხარდაჭერის მიმღებისა და მხარდამჭერის ერთობლივი მოქმედების მოდელი საჭიროებს დამატებით რეგულაციას საიმისოდ, რათა ბანკისთვის ცხადი გახდეს საკუთარი მოქმედების პრინციპი მხარდაჭერის მიმღების მიერ სხვადასხვა საფინანსო ტრანზაქციების განხორციელებისას.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამზადებს ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელშიც განიხილავს მხარდაჭერის მიმღებსა და საბანკო დაწესებულებებს შორის იმგვარ ალტერნატიულ მოდელებს, რომელთა ფარგლებშიც სამართლებრივი ქმედუნარიანობის პრინციპი მაღალი ხარისხით იქნება დაცული. ხოლო, მანამ სანამ ქართული რეალობის  სამართლებრივ პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ არსებობს საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის ალტერნატიული მოდელების გამოყენების გამოცდილება და შესაბამისი რეგულაცია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, წარმომადგენლის სრული უფლებამოსილება, მათ შორის საბანკო-საფინანსო სფეროში, მიენიჭებინა მხარდამჭერისთვის რათა თავიდან აეცილებინა ყველა შესაძლო ზიანი.

ამასთან, ვინაიდან სახეზეა სრული წარმომადგენლობითი უფლების მინიჭება, მხარდაჭერის მიმღები პირის დაცვისა და მხარდამჭერის მიერ მისი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების მიზნით, სასამართლოს დავალებით მხარდამჭერმა არა 6 თვეში ერთხელ (არსებული პრაქტიკის მიხედვით), არამედ ყოველ თვე უნდა წარადგინოს ანგარიში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დარღვევა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტის ფარგლებში – „ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოში“ – აგრძელებს უფასო იურიდიულ დახმარებას ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანების მხარდაჭერის დაჭერის მიმღებ პირად აღიარებისა და მათთვის მხარდამჭერის დანიშვნის პროცესში.