სამოქალაქო სექტორსა და განათლების მინისტს შორის სკოლებში ძალადობისა და ბულინგის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

4 დეკემბერს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ფსიქოლოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი – ანა არგანაშვილი ესწრებოდა. მხარეებმა სკოლებში არსებული ძალადობისა და ბულინგის პრობლემა განიხილეს და განათლების სამინისტროს სკოლებში ძალადობის პრევენციისა და კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გაუზიარეს.

„შეხვედრის მიზანი იყო, გვემსჯელა იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც თანაბრად დგანან როგორც სამთავრობო უწყებები, ისე სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციით, არ შეიძლება ძალადობრივი ფაქტები განვიხილოთ ბავშვის უფლებებისგან განცალკევებით. ქვეყანის უმთავრესი პრობლემა სწორედ ბავშვის უფლებების იგნორირებაში მდგომარეობს, ამიტომ რაც არ უნდა გაძლიერდეს სკოლაში ფსიქოლოგის ინსტიტუტი, თუ პარალელურად არ გაძლიერდა ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის საკითხი, სოციალური სამსახურის როლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა და თუ სხვადასხვა რეფორმაში არ ავსახეთ ბავშვთა ინტერესები, მხოლოდ განათლების სისტემა ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, განათლების სამინისტრომ ერთიანი სამოქმედო გეგმის ინიცირებით უნდა დაიწყოს მოქმედება და უნდა აიღოს საკუთარ თავზე ლობირების ფუნქცია. ბავშვების ხმა მიიტანოს სხვადასხვა უწყებებამდე, დაარწმუნოს ისინი, რომ ბავშვებს ვერ დავიცავთ მხოლოდ ერთი სამინისტროს მუშაობით და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სკოლებში ძალადობას ერთი ფსიქოლოგი მოაგვარებს“, – ანა არგანაშვილი.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იმედოვნებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას სკოლებში ძალადობისა და ბულინგის აღმოსაფხვრელად და სამუშაო შეხვედრებს ექნება პერმანენტული ხასიათი.