სააპელაციო სასამართლომ ძალადობის მოწმე ბავშვისა და მშობლის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი ძალაში დატოვა

29 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დედისა და ბავშვის დაცვის მიზნით მეზობლის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი ძალაში დატოვა. სწორედ გენდერული მოტივით განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და მოძალადის მიერ დამცავი ორდერის გაუმქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აქმე შეეხებოდა 2015 წლიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით მეზობლის მხრიდან ქალთა მიმართ განხორციელებულ ადევნებას, რაც გამოიხატებოდა ბავშვის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრების მიმართ სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობაში. რამაც ქალი აიძულა, ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეეცვალა, კერძოდ, ნებაყოფლობით დაეტოვებინა სამსახური და ასევე, დღის საათებში ოჯახი გარიდებოდა საცხოვრებლის ეზოს, ხოლო ბავშვი უარს აცხადებდა ეზოში თამაშზე და სახლში დარჩენას ითხოვდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტულია, ვინაიდან სასამართლომ ძალადობის მოწმე ბავშვს, რომლის მიმართაც, უშუალოდ, არ განხორციელებულა ძალადობრივი ქმედება, მაგრამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შემსწრე გახდა, მსხვერპლის სტატუსი პირველად მიანიჭა.

სტამბოლის კონვენციის 56-ე მუხლის მე-2 პარაგრაფი სახელმწიფოს ავალდებულებს ქალის მიმართ ძალადობის მოწმე ბავშვის დაცვის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას. აღნიშნული კონვენციის საფუძველზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატა ჩანაწერია, სადაც ნათქვამია, რომ „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“.