PHR-ის მიმართვის საფუძველზე NCDC ბავშვებში ტყვიით მოწამვლის შემთხვევებს შეისწავლის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ორგანიზაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცნობა, რომ ბავშვებში ტყვიით მოწამვლის შემთხვევებს შეისწავლის. PHR-მა 10 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობით მიმართა და ორი (5 და 7 წლის) არასრულწლოვნის ტყვიით მოწამვლის შესახებ აცნობა. ბავშვებს აღენიშნებოდათ ტყვიის შემცველობის საგანგაშო კონცენტრაცია და მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, რაც საფრთხეს წარმოადგენდა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ორგანიზაციამ მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ აღნიშნული შემთხვევის შესწავლა და ბავშვებში ტყვიის შემცველობის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

34-2ჩვენი მიმართვის საფუძველზე, NCDC-იმ გვაცნობა, რომ ცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ არასრულწლოვნების მშობელს და დაიწყეს შემთხვევის მოკვლევა. NCDC-ის საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ – „საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გეგმავს განმეორებითი კვლევის ჩატარებას იმ ბავშვებში, ვისაც 2015 წლის კვლევაში დაუფიქსირდათ 5mcg/dl და მეტი მაჩვენებელი. კვლევაში ასევე ჩაერთვებიან ის ბავშვები, რომლებსაც დადგენილი აქვთ სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი და ვისმა მშობელმაც მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემდგომი კვლევის სურვილით“.

მნიშვნელოვანია, რომ კვლევისას შეისწავლიან ტყვიის შემცველობას ჰაერში, წყალში, სუნელებსა და კედლის საღებავის ჩამონაფხეკში; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ნიადაგში. „სისხლში ტყვიის ანალიზი განხორციელდება იაშვილის კლინიკის ბაზაზე; ასევე, ნიმუშები გაიგზავნება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ლაბორატორიაში.

გარდა ამისა, 2018 წლის მეორე-ნახევარში NCDC-ი გეგმავს პოპულაციური კვლევის განხორციელებას. დაგეგმილი 2-5 წლის 1500 ბავშვის გამოკვლევა; განიხილება ორსულების ჩართვის საკითხი. ტყვიასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აგრძელებს ბავშვთა უფლებების დაცვას. PHR-ის იურისტები მზად არიან ბავშვებს თავიანთი უფლებების დასაცავად უფასო იურიდიული დახმარება გაუწიონ.