როცა დუმილი დანაშაულია

anatavxelidze

ბოლოს მშობლიურ ბაღდათში რომ ჩავედი, ჩასვლისთანავე ერთი საზარელი ამბავი შევიტყვე, 83 წლის კაცმა  65 წლის ცოლი მოკლა. ცხადია, დეტალებით დავინტერესდი და დიდხანს ძიება არც დამჭირვებია. მომხდარი არაერთმა ტელევიზიამ გააშუქა. ის, რაც ტელეეთერში არ ითქვა, ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია სალაპარაკო თემად და  მთელი ბაღდათი ამ ოჯახის ცოლ-ქმრობაზე ალაპარაკდა.  მეზობლები  აღშფოთებულები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ საშინლად ექცეოდა  კაცი ცოლს წლების მანძილზე. მათი მონათხრობიდან მივხვდი, რომ მთელი ამ დროის მანძილზე, ყველა ხედავდა ძალადობას, ყველას ესმოდა ყვირილი და ყველამ იცოდა, მათ ოჯახში რა  ხდებოდა, თუმცა, მაინც ყველა დუმდა. აზრად არავის   მოსვლია  სამართალდამცავი ორგანოსთვის მიემართა. უკვე დღეს კი, როცა ქალი ცოცხალი აღარ არის, ქმრის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ…

2017 წელს, ეს უკვე მეხუთე ოჯახში ჩადენილი მკვლელობაა იმერეთის რეგიონში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მკვლელობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, სწორედ, იმერეთის რეგიონში ფიქსირდება. ყოველთვის როცა ქალის მკვლელობის შესახებ ვიგებ, ვფიქრობ რომ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება მეზობელს, მეგობარს, ნათესავს რომ დროულად ემოქმედა,  ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმედ კი არა, საკუთარ პრობლემად რომ ჩაეთვალა.

ამ ბლოგში სწორედ შეტყობინებაზე მინდა ვისაუბრო.  2017 წლის პირველ ივნისს  ძალაში შევიდა სტამბოლის კონვენციის საფუძველზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძლადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე შესაბამისი ორგანოებისათვის შეტყობინების ვალდებულების შესახებ. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი  და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს შეატყობინოს ინფორმაცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს ეხება და თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.

ანალოგიური ვალდებულება ეკისრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, განსაზღვროს პირი, რომელსაც დირექტორი, მასწავლებელი და მანდატური მიაწვდიან ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, ხოლო აღნიშნული პირი შეატყობინებს შესაბამის ორგანოებს.  საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან განსხვავებით, ცალსახად, შეტყობინების ვალდებულება არ აქვთ სამედიცინო მომსახურების გამწევ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე. სხვა შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების გამწევი თავად იღებს გადაწყვეტილებას – შეატყობინოს თუ არა შესაბამის ორგანოებს. 

ყველა სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეტყობინების ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ოჯახში ჩადენილი დანაშაულები ნაკლებად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება და შესაბამისად,  შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება. სწორედ ამ დროს, წინა პლანზე დგას მოქალაქეობრივი ვალდებულება – არ დავხუჭოთ თვალი ძალადობაზე და მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს.სამწუხაროდ, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხშირად გვესმის, რომ პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ეფექტური რეაგირება არ მოახდინა და ამიტომ აღარ მიმართავენ მათ, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ შეტყობინების შემდეგ, მნიშვნელოვანია, პროცესს ბოლომდე მივყვეთ და იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია არ ახდენს რეაგირებას, დავრეკოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ( 126 ), რასაც აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.  ძალადობა არასოდეს დარჩება დაუსჯელი, თუ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს და საჭიროების შემთხვევაში ვაიძულებთ მათ იმოქმედონ.

ბუნებრივია, პოლიციისთვის შეტყობინება არავისთვის არის კომფორტული, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება  ოჯახში ძალადობას ჯერ კიდევ ოჯახის საქმედ მიიჩნევს. შეტყობინებისთანავე  განმცხადებელში ჩნდება მოძალადის მხრიდან შურისძიების შიში, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო დამატებით გარანტიებს აძლევს განმცხადებელს და პოლიციას ავალდებულებს – უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ.

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი როლი აკისრია.  არჩევანი დგას შემდეგნაირად, ერთ მხარეს არის „ოჯახის საქმეში ცხვირის ჩაყოფა“, პოლიციაში დარეკვის დისკომფორტი და ა.შ. ხოლო საპირისპირო მხარეს დგას  ფემიციდი – გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობა. გამომდინარე აქედან, დროულად უნდა მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგი.

ავტორი: ანა თავხელიძე