დამოუკიდებელი ცხოვრება – ზრუნვიდან მოქალაქეობამდე

img_5600

თვალსაზრისის ავტორი: ნანა გოჩიაშვილი

ისტორიულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოკლებულნი იყვნენ გადაწყვეტილებების თავად მიღებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის შესახებ საუბრის დროს, ალბათ, ყველაზე ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ ადამიანების დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ჩართვას, რისთვისაც შესაბამისი სერვისების შექმნაა საჭირო.

თავად ტერმინი – ,,დამოუკიდებელი ცხოვრება“ იმდენად ბევრ საკითხს მოიცავს, რომ ხშირად ეს ზოგადი ცნება ხელის შემწყობიც კი ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე საუბრისას და ამავე დროს, კითხვების დასმისა და მრავალმხრივი განმარტების საშუალებას იძლევა. საკითხის ინტერპრეტაციას ხელს უწყობს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ დამოუკიდებელი ცხოვრების განსხვავებული გაგება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მნიშვნელობიდან და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებზე ხაზგასმის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციამ ცალკე გამჰოყო აღნიშნული საკითხი კონვენციის მე-19 მუხლში[1]. 2017 წლის 29 აგვისტოს კი, უფრო ზუსტი განმარტების მიზნით, თავისი მეხუთე ზოგადი კომენტარი გამოსცა[2].

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზრდილები კვლავ განაგრძობენ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრებას, რაც სრულად გამორიცხავს მათი თავისუფალი განვითარების უფლებას. დღეისათვის ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ორი და მოზრდილთა 3 რეზიდენტული დაწესებულება, სადაც ყოველდღიურად ხდება მათი უფლებების სისტემური დარღვევა. ინსტიტუციებში არსებული გარემო სრულად გამორიცხავს იქ მცხოვრები ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას.

კომიტეტმა თავის მეხუთე ზოგად კომენტარში განმარტა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას. მათ შორის, იმსჯელა, რას ნიშნავს ,,დამოუკიდებელი ცხოვრება“, ,,საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვა“ და ,,დამოუკიდებელი ცხოვრების პირობები“. ამასთან, კომიტეტი ხაზს უსვამს ამ უფლების დიდ მნიშვნელობას და ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებაში ჩართვა შეუძლებელია კონვენციის სხვა მუხლების ეფექტური აღსრულების გარეშე, რადგან დამოუკიდებელი ცხოვრება ყველა სხვა უფლებით სარგებლობასაც გულისხმობს.

რას მოიცავს ტერმინი ,,დამოუკიდებელი ცხოვრება“ ?

კომიტეტის განმარტებით დამოუკიდებელი ცხოვრება/დამოუკიდებლად ცხოვრება გულისხმობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა აუცილებელი საშუალებით, რომელიც სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. აუცილებელია, ადამიანებმა საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს თავად. პირადი ავტონომია და თვითგამოხატვა არის დამოუკიდებელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას უკავშირებს კონვენციით დაცულ სხვა უფლებებს. კერძოდ, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება – სად იცხოვროს, ვისთან ერთად, რა ჭამოს, როდის დაიძინოს, სად დაიძინოს, ჰყავდეს შინაური ცხოველი თუ მოუსმინოს მუსიკას. ეს ყველაფერი განსაზღვრავს, რეალურად, ვინ ვართ ჩვენ, თითოეული ადამიანის იდენტობას.

რას მოიცავს ტერმინი ,,საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვა“?

უფლება ჩართული იყოს საზოგადოების ცხოვრებაში მიემართება სრულ და ეფექტურ ინკლუზიას და მონაწილეობას. ეს გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წვდომას ყველა საჯარო და მხარდამჭერ სერვისზე. აღნიშნული სერვისები მოიცავს უფლებას – საცხოვრისზე, ტრანსპორტზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, რეკრეაციულ აქტივობებზე და ყველა სხვა საკითხს, რომელიც უკავშირდება საზოგადოებაში ცხოვრებას, მათ შორის – წვდომას სოციალურ მედიაზე.

რას მოიცავს ტერმინი ,,დამოუკიდებელი საცხოვრებელი პირობები“?

დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვა მოიცავს საცხოვრებელ პირობებს ყველა ფორმის რეზიდენტული დაწესებულების გარეთ. დიდი ზომის ინსტიტუცია არ გულისხმობს მხოლოდ ცხოვრებას რომელიმე კონკრეტულ შენობაში. პირველ რიგში, ეს უკავშირდება გადაწყვეტილებების თავად მიღების შესაძლებლობის დაკარგვას. კომიტეტის მოსაზრებით, არც დიდი ზომის ინსტიტუცია (სადაც ასზე მეტი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს), არც მცირე საოჯახო ტიპის სახლი (ხუთიდან რვა ადამიანამდე), არც ინდივიდუალური სახლი – არ შეიძლება განიხილებოდეს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობად, თუ მას ექნება ინსტიტუციის რაიმე მახასიათებელი.

მიუხედავად იმისა, რა ზომისაა საცხოვრებელი და რა ჰქვია, არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რაც კონკრეტულ დაწესებულებას ან ადგილს ინსტიტუციად აქცევს:

  • დამხმარის სავალდებულო გაზიარება სხვა მაცხოვრებელთან  და არჩევანის შეუძლებლობა, ვისგან მიიღოს დახმარება;
  • საზოგადოების ცხოვრების ამა თუ იმ სფეროდან იზოლაცია და სეგრეგაცია;
  • ყოველდღიური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შეუძლებლობა;
  • არჩევანის არარსებობა ვისთან ერთად იცხოვროს;
  • რუტინის მკაცრი დაცვის მოთხოვნა;
  • იდენტური აქტივობები ერთ სივრცეში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის;
  • პატერნისტული დამოკიდებულება მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან.

კომიტეტის მოსაზრებით, სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული სტრუქტურული რეფორმის განხორციელებისკენ, რაც გამოიწვევს ყველა სახის ინსტიტუციის დახურვას. დიდი ზომის ინსტიტუციები და მცირე საოჯახო ტიპის სახლები განსაკუთრებით დამაზიანებელია ბავშვებისათვის, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა არ არსებობს ოჯახში აღზრდის ჩანაცვლების გადაუდებელი აუცილებლობა. ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული საცხოვრებლები, ასევე, წარმოადგენს ინსტიტუციებს და არ შეიძლება განიხილებოდეს ოჯახურ ზრუნვად.

ზოგადი კომენტარი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვის უფლებაზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ დაუშვებელია დისკრიმინაცია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის. მიდგომა, რომ ზოგიერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება და ინსტიტუცია, შესაძლოა, მათთვის საცხოვრებლად საუკეთესო გარემოა, არ უნდა იყოს გაზიარებული. 

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კომიტეტის განმარტება, რომ მხარდაჭერა პირის სამართლებრივი ქმედუნარიანობის პროცესის უზრუნველყოფის დროს, მიწოდებული უნდა იყოს მხოლოდ თემზე დაფუძნებული სერვისების საშუალებით. აღნიშნული სერვისები მიმართული უნდა იყოს კონკრეტული ინდივიდის სურვილების უპირატესი გათვალისწინებისაკენ.

კომიტეტი გამოჰყოფს რამდენიმე საკითხს, რაც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვას. აღნიშნული წინააღმდეგობების გაანალიზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული რეალობა ამ გამოწვევების წინაშე დგას:

  • სამართლებრივი ქმედუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც უშუალოდ კანონმდებლობით, ისე არასწორი პრაქტიკით, რაც გამორიცხავს მხარდაჭერის მიმღები პირების მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას;
  • არასაკმარისი სოციალური დახმარებისა და დაცვის საშუალებები, რათა რეალურად იყოს უზრუნველყოფილი დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა;
  • არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და ბიუჯეტი, რომელიც მიმართული იქნება პერსონალური დამხმარეებისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერის უზრუნველყოფაზე;
  • დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ნაკლებობა და ინსტიტუციებში ინვესტიციების გაგრძელება;
  • უარყოფითი დამოკიდებულება, სტიგმა და სტერეოტიპები, რომელიც გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართვას საზოგადოების ცხოვრებაში;
  • დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები;
  • მისაწვდომი სერვისების ნაკლებობა, როგორიც არის – ტრანსპორტი, ჯანმრთელობის სერვისები, სკოლა, საზოგადოებრივი ადგილები, საცხოვრისი, თეატრები, კინოები და საჯარო დაწესებულებები;
  • შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონვენციის მე-19 მუხლით დაცული უფლების რეალიზება, მათ შორის, აღნიშნული მონიტორინგის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების მონაწილეობის სიმცირე;
  • ბიუჯეტის ფორმირების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გაუთვალისწინებლობა;

[1] გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რატიფიცირებულია 2013 წლის 26 დეკემბერიდან, ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილიდან.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289

[2] გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი კონვენციის მე-19 მუხლზე: დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვა

 http://www.ohchr.org/EN/HRBodies/CRPD/Pages/CRPDIndex.aspx