ონლაინ რისკებისგან ბავშვების დასაცავად

IMG_0020.JPG

ონლაინრისკებისაგან ბავშვებისა და მოზარდების დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თანამედროვე კომუნიკაციების სამყაროში მშობლების, მასწავლებლებისა და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის უმნიშვნელოვანეს ობიექტს წარმოადგენს.

ინტერნეტი ყველაზე რთულად კონტროლირებადი სივრცეა და მისგან მომდინარე საფრთხეები იზრდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვებსა და მოზარდებს ინტერნეტთან წვდომა არათუ  მხოლოდ პერსონალური კომპიუტერით, არამედ უკვე მობილური ტელეფონებით შეუძლიათ, რასაც თავის მხრივ, ბევრი არასასურველი შედეგის გამოწვევა შეუძლია.

ბავშვთა დაცვის საკითხებში სახელმწიფო როლზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროპის საბჭოს რიგით 33-ე წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის კონვენცია ე.წ. „ლანზაროტის“ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. საქართველოს მიერ რატიფიცირებული კონვენცია ძალაში 2015 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ამით საქართველომ  საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იკისრა ვალდებულება  – დაიცვას ბავშვები სექსუალური ძალადობისაგან, მათ შორის, ონლაინ ფორმით.

ონლაინ რისკებისგან ბავშვების დასაცავად პარლამენტში ინიციატივის მომზადების შესახებ განცხადება ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ -დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა, რომლის თანახმადაც, „ტექნოლოგიების განვითარებამ ბავშვის სწორად განვითარება არ უნდა დააზარალოს“. კანონის მიზანი კი ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა დაცვა უნდა იყოს ისეთი ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას.

ის ფაქტი, რომ ქართულ ონლაინ სივრცეში ბავშვების ძალადობისგან დაცვის მექანიზმი არ არსებობს, განპირობებულია იმით, რომ დღესდღეობით,  სახელმწიფოს არ გააჩნია ინტერნეტ სივრცის მარეგულირებელი მექანიზმი და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არასასურველი ინფორმაციის გავრცელების პრევენციისა და მის გავრცელებაზე შემდგომი რეაგირების ქმედით მექანიზმებს. კერძოდ,  ბავშვების არასასურველ ინფორმაციაზე წვდომისგან დაცვაზე. სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელმწიფოს მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.  ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს სხვადასხვა ვალდებულება დაეკისრება. მათ შორის იქნება  რეგულაცია ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის, რომელთაც  მოეთხოვებათ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა.

მარტივად ამოსაცნობ საფრთხეებთან ერთად, როგორიცაა პორნოგრაფიული ვებგევრდები, ანდაც, ძალადობის ამსახველი ვიდეოები, ბავშვებსა და მოზარდებზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში განთავსებულ ონლაინმაღაზიათა რეკლამებს. მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს ინტერნეტის მეშვეობით უცხო პირებთან კონტაქტის დამყარება, რა შემთხვევაშიც ბავშვებსა და მოზარდებს, განსხვავებით უფროსებისაგან, არ შეუძლიათ მარტივად განჭვრიტონ მოსალოდნელი შედეგები. საშიშროებას წარმოადგენს ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური სოციალური თამაშები, რაც უკიდურეს შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება. ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია და მათ მიმართ სექსუალური ძალადობა იზრდება შემაშფოთებელი პროპორციებით როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით, განსაკუთრებით, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მზარდი გამოყენების თვალსაზრისით, როგორც თვით ბავშვების, ასევე, დამნაშავეების მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება ინტერნეტში პორნოგრაფიული პროდუქციის, სიძულვილისა და ძალადობის მძიმე ფორმების ამსახველი პროდუქციის გავრცელებისაგან არასრულწლოვნების დაცვას.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ბავშვთა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის პარალელურად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, შესაძლოა,  რიგ შემთხვევაში, საფრთხე შეექმნას დემოკრატიულ სახელმწიფოში ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება.

მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია, საუბარი ერთის მხრივ ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე, სახელმწიფოს მიერ მათ ეფექტურ დაცვაზე, ხოლო მეორე მხრივ – „დაუშვებელი პროდუქციის” ცნების განხილვასა და იმის გამორკვევაზე, თუ რამდენად პასუხობს მისი თითოეული საფუძველი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი უფლება, რომელიც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას და აღნიშნული უფლება გარანტირებულია ბავშების შემთხვევაშიც. ამასთან, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები  გავლენას ახდენს ბავშვის გართობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლების განხორციელებით, რომლებიც დაცულია ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციით და ევროპული სოციალური ქარტიით. მაშასადამე, ციფრული სამყარო ბავშვებს უსაზღვრო სასწავლო და ახალი კავშირების შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა, გაზრილი ინტერნეტმოხმარების პირობებში, იზრდება იმის რისკიც, რომ ბავშვები გახდნენ სხვადასხვა სახის ინტერნეტძალადობის მსხვერპლნი. მაშასადამე, არსებობს რეალურად დასაფიქრებელი გამოწვევებიც, რასაც  სახელმწიფო ეფექტურად უნდა ებრძოდეს, ეს კი, უპირველესად, ეფექტური მექანიზმების შექმნაში უნდა გამოიხატოს.

სახელმწიფოს მხრიდან ქმედით ნაბიჯებზე საუბრისას, უნდა გამოიკვეთოს ორი კომპონენტი. კერძოდ, ონლაინრისკებისაგან ბავშვების დასაცავად მნიშვნელოვანია, არსებობდეს საფრთხის პრევენციისა და მასზე შემდგომი რეაგირების მექანიზმები. პრევენცია გულისხმობს, რომ მშობლებსა და ბავშვთან მომუშავე ყველა პირს ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვის დაცვა მსგავსი ტიპის საფრთხეებისაგან. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ სხვადასხვა კამპანიების, სოციალური რგოლების, ტრენინგების საშუალებით, რაც უპირველესად, საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული და ამასთან, შესაძლებელს გახდის ინფორმაციის მიღებას უშუალოდ ძალადობის ფორმებისა და მათი თავიდან აცილების თაობაზე. რაც შეეხება შემდგომ რეაგირებას, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უპასუხებს შეკითხვებს, – თუ სად და ვის უნდა მიმართონ მშობლებმა, ბავშვებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა უკვე არსებული ონლაინძალადობის  შემთხვევაში? როგორ და რა ფორმით დაიცავთ მათ სახელმწიფო და რა ფორმით მოხდება საკანონმდებლო კონტროლი? ამ ყოველივეს საშუალებითა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დაცვა არადისკრიმინაციულობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამოხატვის თავისუფლებისა და ციფრულ გარემოში ჩართულობის კუთხით, რის შედეგადაც, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ ისარგებლონ ონლაინ სივრცით.