PHR-მა სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა

img_3196

2017 წლის 14 აგვისტოს ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”  სახალხო დამცველს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

PHR-ი „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის ბრძანებას[1] დისკრიმინაციულად მიიჩნევს, რომლის თანახმადაც, ბავშვები 4-14 წლის ასაკში თავსდებიან ბავშვთა განყოფილებაში, 15-17 წლის ასაკის პაციენტები კი – მოზარდთა განყოფილებაში, ასეთის არარსებობის შემთხვევაში თავსდებიან ზრდასრულთა განყოფილებაში. ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიაჩნია, რომ 15-17 წლის ასაკის პაციენტების მოთავსება მოზრდილთა განყოფილებაში არის დისკრიმინაციული შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს.

 გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი, სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევდეს. კონვენციის მე-3 მუხლი განსაზღვრავს, რომ ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე  სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

ამავე კონვენციის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა სარგებლობდეს ჰუმანური მოპყრობით და მისი პიროვნების განუყოფელი ღირსების პატივისცემით მისი ასაკის პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი განცალკევებული უნდა იყოს უფროსებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიჩნეულია, რომ ამის გაკეთება არ ღირს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და ჰქონდეს უფლება კავშირი იქონიოს თავის ოჯახთან მიმოწერის და პაემნის მეშვეობით, გარდა განსაკუთრებული გარემოებისა.

ვინაიდან ფსიქიატრიული დაწესებულება წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვის ადგილს, რომლის დატოვება ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ბავშვთა უფლებების კონვენციის ის ჩანაწერი, რომელიც ეხება თავისუფლების შეზღუდვის და აღკვეთის ადგილებს.

ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ ბავშვის უფროსებისგან განცალკევებით მოთავსება სავალდებულოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისათვის.  ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებაში გაკეთებული გამონაკლისი კი, ცალსახად, არღვევს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნების თანასწორობის უფლებას და არის დისკრიმინაციული.


[1] №87/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი