აბა, მაცივარი ასწიე

2017 წლის 9 აგვისტოს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რათა ქალებისა და კაცებისთვის ერთი და იგივე საპენსიო ასაკი – 60 წელი განისაზღვროს. „სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა, როცა კაცები პენსიას 65 წლის ასაკიდან იღებენ, ქალები კი 60 წლის ასაკიდან“ – აცხადებენ პარტიაში[1].

ასეთი ნიუსის წაკითხვის შემდეგ, პოზიციის გამოხატვის სურვილი მიჩნდება, თუნდაც მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ გენდერული თანასწორობის საკითხები გაცილებით რთულია, ვიდრე წინასაარჩევნოდ წამოსაჭრელი პოპულარული საკითხი.

ფემინისტი აქტივისტებისთვის არსებობს შეთანხმებული პრინციპები, რაზეც ქალები აღარ ვდაობთ და ამ საკითხებზე ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. მაგალითად ქალთა ეკონომიკური უთანასწორობა და ხანდაზმულთა დისკრიმინაცია.

ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, განსაკუთრებით იმაზე დამწყდა გული, რომ ის პარტიის „ქალთა ორგანიზაციამ“ გააკეთა. ქალების პოლიტიკაში აქტიურობას ყველა ფემინისტი ვუჭერთ მხარს. ისინი სულ ოდნავ რომ დაინტერესებულიყვნენ ფემინისტური მოძრაობით ან ქალთა უფლებების ფილოსოფიით, ასეთ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდნენ.

თანასწორობის „მახე“

როცა გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში ქალები იწყებენ ჩართვას, ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილების გაზიარებას და ვაფრთხილებთ, რომ აუცილებლად მოუწევთ და უნდა გადალახონ ბარიერები, რომელიც ყველა ჩვენგანს შეგვხვდა. არსებობს ზედმეტსახელები, რომელსაც დაგიძახებენ, ბევრი მახე და ხაფანგი, რომელიც ამ ბრძოლაში  აუცილებლად დაგხვდებათ. მახსოვს, ახალი ჩაბმული ვიყავი ამ პროცესში და ერთ ფემინისტ ქალს ჩუმად ვუთხარი, რომ ფემინისტური მოძრაობის ტალღებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ-მეთქი. მან კი, დაუზარელად  განმიმარტა ყველაფერი და ახლა ვხვდები, რომ ბევრი შეცდომისგან მიხსნა.

ზოგიერთ ასეთ „ხაფანგს” იმდენად საყოველთაო ხასიათი აქვს, ფემინიზმის ისტორიაშიც კი შევიდა. სწორედ ასეთი მახეა, თანასწორობის „მახე“, რომელიც ყველამ გავიარეთ და ჩვენზე უფრო ადრე კი ამერიკელმა ფემინისტებმა.

ისტორია იყო შემდეგი: საუკუნეების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალებს მრავალ პროფესიაში თუ სამსახურში ფეხს არ ადგმევინებდნენ, მათ შორის, სამართალის პროფესიებში. 1971 წელს, „პროფესიონალ ქალთა ჯგუფმა“ შეიტანა კოლექტიური სარჩელი ამერიკაში ფედერალურ დაფინანსებაზე მყოფ ყველა სამართლის სკოლის წინააღმდეგ, რომლებიც ქალებს იურდიული განათლების მიღებას უკრძალავდნენ. ამ საქმის მოგების შემდეგ, 1980 წელს სამართლის სკოლების სტუდენტების მესამედი უკვე ქალი იყო.გავლენიანმა უოლ-სტრიტის იურიდიულმა კომპანიებმაც დაუშვეს ქალი იურისტების მუშაობა თავიანთ ფირმებში. თუმცა, ქალების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან კანონით თანასწორობა ანუ ფორმალური თანასწორობა, ჯერ კიდევ არ ნიშნავდა რეალურ თანასწორობას.მათ სამუშაოს კაცების საზომით ზომავდნენ, წარმატების მიღწევსაც კაცების მიერ კაცებისთვის შექმნილი კონკურენციის პირობებში თხოვდნენ,დამსაქმებლებს კანონით აღარ შეეძლოთ უარი ეთქვათ მათ დასაქმებაზე, თუმცა, იურისტი ქალები მაინც ვერ აღწევდნენ დამსახურებულ წარმატებას, რადგან მათ წინააღმდეგ იყენებდნენ კაცების ეტალონს, „შუშის ჭერის“ ბარიერს და ძალაუფლების იერარქიას.

თანასწორობის „მახეს” ქალები ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენს ცხოვრებაში ისეთ გამოთქმებში, როგორიცაა, „თუ თანასწორობა გინდა, აბა ეს მაცივარი ასწიე“, „კაცივით უნდა იმუშაო სამსახურში“, „ჯარში უნდა წახვიდე“, „თუ თანასწორობა გინდა, პენსიაც კაცის ასაკში უნდა მოითხოვო“. თუმცა, სინამდვილეში, ჩემი თანასწორობა „კაცის მსგავსებას“ არ გულისხმობს და კაცი შესადარებელი ეტალონი თანასწორობისთვის არ არის. კაცივით ვერ ვიმუშავებ, როდესაც ჩემს თვეების ასაკის შვილს ძუძუთი კვების საათი უწევს და კაცისგან განსხვავებით, მჭირდება დამატებითი შესვენება სამუშაოზე. კაცისგან განსხვავებით, მოხუცი მშობლებისათვის საკვების გაკეთება ჯერ ისევ ჩემი, ანუ ქალის საზრუნავია. კაცისგან განსხვავებით, მე მჭირდება სამსახურში სქესობრივი შევიწროვებისგან, უთანასწორო ანაზღაურებისგან და ორსულობის დროს დისკრიმინაციისგან დაცვა.

მაშასდამე, დისკრიმინაციაა არაა მხოლოდ ის, როდესაც ერთნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს განსხვავებულად გვეპყრობიან, არამედ ისიც, როდესაც განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ერთნაირად გვეპყრობიან.

ხანდაზმული ქალების საპენსიო უთანასწორობა

საპენსიო უთანასწორობა ქალებისათვის მთელ ცხოვრებაში გამოცდილი უთანასწორობის დასკვნითი ეტაპია. უთანასწორობების ლოგიკური შედეგი. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა, 2010 წელს  გამოსცა ზოგადი რეკომენდაცია[2] სადაც მიუთითებს: ფორმალური დასაქმების სექტორში ქალები უფრო  ნაკლებად არიან წარმოდგენილი ვიდრე კაცები. ქალები ხშირად არაფორმალურ და აუნაზღაურებელ შრომას ეწევიან, რაც, როგორც წესი, არ არის სათანადოდ გათვალისწინებული დაგროვითი პენსიის სქემებში.  მაშინაც კი, როდესაც ქალები ახერხებენ ფორმალურად დასაქმებას, მათ ნაკლებს უხდიან ვიდრე კაცებს, რასაც კუმულაციური ეფექტი აქვს სიბერეში მათი პენსიის ოდენობაზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხანდაზმულობის პენსია დაკავშირებულია ცხოვრების განმავლობაში მუშაობის შედეგად გაკეთებულ შენატანზე დასაქმებულების მიერ. ხანდაზმული ქალები ყოველთვის იჩაგრებიან. მათი შენატანი უფრო ხშირად ბავშვების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაშია, რაც საპენსიო სქემებზე ნაკლებად აისახება.

ერთი მხრივ, არ უნდა მოხდეს ხანდაზმული ქალებისათვის საპენსიო ასაკის დადგომის გამო სამსახურის შეწყვეტის იძულება და, მეორე მხრივ, უნდა მოხდეს მათთვის სამართლიანი საპენსიო გასაცემლის უზრუნველყოფა, რომელიც გაითვალისწინებს ქალების შემოსავლების ნაკლებობას და ქალების მიერ სამსახურის დროებითი ან მუდმივი თავის დანებების საჭიროებას ბავშვებზე ან ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვის ვალდებულების გამო.

პროფესორი ფრენსის რიდი გვთავაზობს საპენსიო უთანასწორობის სტატისტიკას და მიზეზებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე[3].

ფრენსის რიდის თანახმად: 25 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ 6 ქვეყანაში აჭარბებს ხანდაზმული ქალების მიერ მიღებული პენსიის წილი, ხანდაზმული კაცების მიერ მიღებულ პენსიის წილს. აღნიშნულის მიზეზები შემდეგია:

  1. ქალების სამუშაო ბაზარზე მონაწილეობის შეზღუდვა – ქალების შეზღუდული ეკონომიკური აქტივობა პირდაპირი მნიშვნელობით აისახება მათი შენატანების ნაკლებობაზე საპენსიო ფონდში. სახელფასო სხვაობა (gender gap) 12%-ია ქალებისათვის ვისაც არ ჰყავთ ბავშვები, 32% -ია, ორი ან მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში;
  2. ნახევარ შტატზე მუშაობა და არაფორმალური შრომა – ქალები მათი სოციალური როლის გამო, ხშირად, ნახევარ შტატზე მუშაობას ირჩევენ, იმისათვის, რომ შეძლონ საოჯახო ვალდებულებების შეთავსება კარიერასთან. მათ საპენსიო სქემას ასევე არ ავსებს მათი არაფორმალური შრომა;
  3. წყვეტა კარიერაში – ქალების უმრავლესობას უწევს კარიერის შეწყვეტა რეპროდუქციული ფუნქციიდან გამომდინარე, რაც მათ ხელს უშლის დაუბრუნდნენ კარიერის იმ საფეხურს სადაც იყვნენ და ითვლებიან რისკ ჯგუფად, ახალ სამსახურში დასაქმებისთვის;
  4. საპენსიო ასაკის გათანაბრების ტენდენცია – მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ქალების ეკონომიკურ ჩაგვრას ქვეყნები აკომპენსირებდნენ საპენსიო ასაკის რამდენიმე წლით დაწევით, დღეს ეს ტენდენცია ამ ასაკის გათანაბრებისკენ შეიცვალა, რასაც  მოსახლეობის დაბერებით და სამუშაო ასაკის გახანგრძლივებით, ასევე ეკონომიკური გამოწვევებით ხსნიან;
  5. სპეციალური მოწყვლადობა – მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობისას როგორც ქალები, ისე კაცები ხდებიან მოწყვლადები სხვადასხვა გარე ფაქტორის მიმართ, დადგენილია, რომ ხანდაზმული ქალები უფრო ხშირად რჩებიან მარტო, მზრუნველისა თუ საკუთრების გარეშე, მათთვის სიღარიბე და ავადობა უფრო რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მსჯელობა ქალთა და კაცთა განსხვავებულ საპენსიო ასაკზე

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ამ თემაზე არაერთხელ იმსჯელა, შეიძლება ითქვას, უკვე დადგენილი პრაქტიკაც აქვს. შემოგთავაზებთ მხოლოდ ორ საქმეს, რომელიც სასამართლოს მიდგომას ამ საკითხზე ასახავს:

აუგუსტინ ანდრლე ჩეხეთის წინააღმდეგ[4]

1946 წელს დაბადებულმა აპლიკანტმა აუგუსტინ ანდრლემ, 2008 წლის 28 იანვარს მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, მოთხოვნით – დაედგინა დისკრიმინაცია სქესის ნიშნით. აპლიკანტის განცხადებით, ჩეხეთში არსებული საპენსიო სქემა, რომელიც ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა საპენსიო ასაკს ითვალისწინებდა, არღვევდა მისი საკუთრებისა და თანასწორობის უფლებას.

ჩეხეთში განსხვავებული საპენსიო ასაკის მარეგულირებელი ნორმა „სოციალური უზრუნველყოფის აქტში“ 1956 წელს მიიღეს. კანონი ქალთა საპენსიო ასაკის დადგენისას ითვალისწინებდა შვილების რაოდენობას. კანონის განმარტებითი ბარათი აღნიშნავს:

ეს განსხვავებული ასაკობრივი ზღვარი პენსიაში გასვლის უფლების მოპოვებისთვის ასახავს იმგანსხვავებულ მდგომარეობასრაშიც იმყოფებიან დედებიროდესაც ისინი სამსახურისვალდებულებასთან ერთად ზრუნავენ ბავშვებზე და ასრულებენ სხვა საოჯახო ვალდებულებებს“.

სტრასბურგის სასამართლომ თავის მსჯელობაში მიუთითა:

ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი ანუ დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს მოეპყრას განსხვავებულად, იმისათვის, რომ ამ მოპყრობით გამოასწოროს „ფაქტობრივი უთანასწორობები“ სხვადასხვა ჯგუფებს შორის. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში, სწორედ ამ განსხვავებული მოპყრობის ნაკლებობა წარმოშობს მე-14 მუხლის დარღვევას, ანუ იწვევს დისკრიმინაციას. თუმცა, განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას აქ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის პროპორციული.

სასამართლოს შეფასებით, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს აქვს ამგვარი განსხვავებული მოპყრობის დანერგვის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი მის საჭიროებას დაასაბუთებს. ჩეხეთის შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს სახელმწიფოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ჩეხოსლოვაკიის პერიოდში ქალებს ჰქონდათ უდიდესი გამოწვევა სრულ ცვლაში დასაქმების პარალელურად აღეზარდათ ბავშვები და ეს ჩანაწერიც სწორედ ქალების უთანასწორო მდგომარეობის საკომპენსაციოდ შეიქმნა.

სასამართლო ასევე იაზრებს 1960-იანი წლების ქვეყნის ისტორიულ კონტექსტს და ამავე დროს, აღიარებს ჩეხეთის სახელმწიფოს რეფორმებს ამ კუთხით. თუმცა, მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სხვაობა საპენსიო ასაკში ქალსა და კაცს შორის წამოადგენს გონივრულ და ობიექტურად დასაბუთებულ ღონისძიებას და შესაბამისად, არ ადგენს დისკრიმინაციას სქესის საფუძველზე.

პირსონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ[5]

ბატონმა სიდნი ჯორჯ პირსონმა 2003 წელს მიმართა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მტკიცებით იმის შესახებ, რომ განიცდიდა სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. ბატონი პირსონი, რომელიც დაიბადა 1942 წელს, 65 წლის ასაკამდე გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, ვერ მიიღებდა სახელმწიფო პენსიას, ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც ხანდაზმულობის სახელმწიფო პენსია ენიშნებოდათ 60 წლის ასაკში.

სასამართლოს მსჯელობის თანახმად, განსხვავებული მოპყრობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დისკრიმინაციული, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და არ არის პროპორციული. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს შეფასების ფართო ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. სასამართლო დაეყრდნო დიდი პალტის მიერ განხილულ საქმეს ამავე თემაზე სტეჩი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ[6] სადაც, დიდმა პალატამ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ გაერთიანებულ სამეფოში საპენსიო ასაკის სხვაობის დიფერენციალური მიდგომა დამკვიდრა 1940 წელს, ევროპული კონვენციის მიღებამდე ბევრად ადრე. ეს სხვაობა კაცისა და ქალის ასაკებს შორის მიზნად ისახავდა შეემცირებინა ფინანსური უთანასწორობა და მძიმე ტვირთი, რომელიც ქალებს აწვათ ტრადიციული აუნაზღაურებელი შრომის და ოჯახზე ზრუნვის ვალდებულების გამო. ამ ტრადიციული როლების განხორციელების გამო, ქალები ვერ ახერხებდნენ დასაქმების ადგილას ფულის გამომუშავებას. შესაბამისად, განსხვავებული საპენსიო ასაკი მიღებული იყო ამ „ფაქტობრივი უთანასწორობის“ გამოსასწორებლად ქალებსა და ქალებს შორის, ამიტომაც იგი იყო ობიექტურად გამართლებული.

სხვაობა საპენსიო ასაკს შორის გამართლებული იქნება მანამ, სანამ არ შეიქმნება სოციალური პირობები, რომელიც შეცვლის ქალების უთანასწორო მდგომარეობას.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-14 მუხლის დარღვევა აღნიშნულ საქმეში.

როდის შეიძლება გათანაბრდეს საპენსიო ასაკი კაცსა და ქალს შორის

როგორც ქართველი ფემინისტი მკვლევარი გვანცა ხონელიძე მიუთითებს[7], ხანგრძლივი პერსპექტივით აშკარაა, რომ სოციალურ პენსიას კერძო საპენსიო ფონდებით ჩაანაცვლებენ, ხოლო საპენსიო ასაკის საყოველთაო ზრდა მისი გათანაბრების ტენდენციისკენ იხრება. ამის მიზეზად ასახელებენ იმას,  რომ მსოფლიომ ზრდად ეკონომიკურ და „მოსახლეობის დაბერების“ გამოწვევებს გაუძლოს. მკვლევარის შეფასებით, „პენსიის პრივატიზაცია“ ის პროცესია, რომელიც  ქალებს, როგორც დაბალანაზღაურებად მუშახელს, ყველაზე წაგებულ სეგმენტად აქცევს.

მთავარი კითხვა უნდა დავსვათ ასე: თუ საპენსიო ასაკის გათანაბრება და კერძო საპენსიო სქემების შემოტანა გარდაუვალია, როგორ უნდა ავიცილოთ ქალების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დისკრიმინაციის რისკი? ამ კითხვას ევროკომისიის 2012 წლის სარეკომენდაციო დოკუმენტი პასუხობს[8]:

„იმისათვის, რათა საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი დავაყენოთ საჭიროა გენდერული უთანასწორობის საკითხების გააზრება, რომელიც დაკავშირებულია ქალისა და კაცის უთანასწორო დასაქმებასთან, ანაზღაურებასთან, საპენსიო შენა ტანთან, კარიერის შეწყვეტასთან, ნახევარ შტატში მუშაობასთან ზრუნვის ვალდებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადეკვატური და მდგრადი საპენსიო რეფორმა საჭიროებს საპენსიო და დასაქმების პოლიტიკაზე ერთდროულ მუშაობას. ეს  საპენსიო შემოსავლებში გენდერული უთანასწორობას აღმოფხვრის“.

შეჯამების სახით, უნდა ითქვას ორი დასკვნა, საპენსიო ასაკის გათანაბრების ინიციატივა, რომელიც ახლახან გაჟღერდა, ნაკლებად წარმოადგენს დისკრიმინაციასთან ბრძოლის გამოხატულებას, ვინაიდან ისტორიულად ქალთა თანასწორობისკენ მიმართული მექანიზმის გაუქმებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, საპენსიო ასაკის გათანაბრების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც არ იქნება შეჯერებული დასაქმებაში და შრომით სფეროში ქალთა უფლებების დაცვისკენ, თავად გახდება დისკრიმინაციული ნაბიჯი, ვინაიდან, სწორედ ქალების მიმართ სტრუქტურული და ისტორიული უთანასწორობის გაძლიერებას  გამოიწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ იმ გენდერული უთანასწორობის მიზეზების აღმოსაცხვრელად უნდა  ვიბრძოლოთ, რომელთა საკომპენსაციოდაც განსხვავებული საპენსიო ასაკი შემოიღეს.

და ბოლოს, ქალებო, არ ასწიოთ მაცივარი თანასწორობის დასამტკიცებლად!

[1]  http://netgazeti.ge/news/212684/

[2] https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G10/472/53/PDF/G1047253.pdf?OpenElement

[3]http://www.ohchr.org/_layouts/15/WopiFrame.aspx?sourcedoc=/Documents/Issues/Women/WG/ESL/BackgroundPaper6.doc&action=default&DefaultItemOpen=1

[4]  Andrle v. the Czech Republic, 6268/08

[5] Pearson v. UK, 8374/03

[6]  Stec and others v. UK, 65731/01

[7] http://www.feminism-boell.org/ka/2017/03/30/kalebi-da-saxelmcipo-pensia-privilegia-tu-uxilavi-utanascoroba

[8] http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=COM:2012:0055:FIN:EN:PDF