I.G.
მოლდოვას
რესპუბლიკის წინააღმდეგ [1]
არაოფიციალური
თარგმანი
შედეგი: სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა
და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან.
ეს მუხლი გულისხმობს ადამიანის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი დასჯის ან
მასთან გათანაბრებული მოპყრობის დაუშვებლობას.
საქმის არსი: გაუპატიურების დანაშაულის გამოძიების სტანდარტი არასრულწლოვნებთან მიმართებით.
საქმის გარემოებები:
განმცხადებელი
(გოგო ბავშვი) დაიბადა 1989 წლის 10 დეკემბერს.. იმ დროისთვის, როდესაც საქმეში აღწერილი
მოვლენები განვითარდა, ის იყო 14 წლის და
8 თვის.
2004 წლის 21 აგვისტოს V.R.-მ დაპატიჟა განმცხადებელი და მისი ერთ-ერთი მეგობარი წვეულებაზე. V.R. იყო 23 წლის და ცხოვრობდა განმცხადებლის ბებიის მეზობლად.. განმცხადებელი და V.R. წლების განმავლობაში იცნობენ ერთმანეთს და სხვადასხვა სიტუაციაში ხვდებოდნენ ხოლმე.
საღამოს განმცხადებელი და V.R. მანქანით წავიდნენ მეზობელ სოფელში მდებარე ბარში/ღამის კლუბში. ბარში მათ შეუერთდათ V.V. , V.D. და კიდევ ერთი გოგო A.S. განმცხადებელი დაჯდა V.R.-სა და მის მეგობრებთან ერთად. V.R.-მა მოიტანა ბოთლით ალკოჰოლური სასმელი და განმცხადებელი შეაგულიანა დასალევად. თავდაპირველად განმცხადებელმა უარი თქვა დალევაზე, თუმცა შემდეგ მეგობრების ზეწოლით დათანხმდა და დალია დაახლოებით 100 მლ ლიტრი არაყი.
განმცხადებლის
თანახმად, V.R, დაემუქრა მას ძალადობით და
იქვე დატოვებით (სახლში მანქანით არ წაიყვანდა), თუ არ დალევდა ალკოჰოლს. მოგვიანებით, დაკითხვისას , V.R.-მა უარყო ამგვარი
მუქარა. დალევის შემდეგ ყველამ ერთად დატოვა
ბარი და V.R.-მა მანქანით მიიყვანა ყველა სახლში.
როდესაც ისინი მივიდნენ V.D.-ს სახლთან, V.D. -მა და A.S. –მა V.R.-ს სთხოვეს, რომ ნახევარ საათში დაბრუნდებოდნენ და დალოდებოდა
მათ.
V.R. და განმცხადებელი
მარტო დარჩნენ მანქანაში. V.R. - მა მანქანა V.D.-ს სახლის გვერდით გააჩერა და განმცხადებელს
სთხოვა მანქანის
უკანა სავარძელზე გადასვლა. მოგვიანებით განმცხადებელმა პროკურორისთვის მიცემულ ჩვენებაში
ახსნა, რომ როდესაც ადგა, მან იგრძნო თავბრუსხვევა და მანქანას მიეყრდნო. V.R.-მა უარყო
აღნიშნული და თქვა, რომ განმცხადებელს არ ეტყობოდა ინტოქსიკაცია (ალკოჰოლური თრობა).
განმცხადებელმა განმარტა, რომ მანქანის უკანა სავარძელზე ჯდომისას V.R.-მა სცადა მისთვის
ტუჩებში ეკოცნა, თუმცა განმცხადებელმა ჩამოიშორა და უთხრა, რომ არ ჰქონდა მასთან სექსუალური
ურთიერთობის სურვილი.. V.R. თანდათან ახლოს
მივიდა მასთან, სხეულით ეკვროდა და აწვებოდა ძირს, თან არწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა ამის შესახებ. V.R.-მა ერთი ხელით მკლავები დაუკავა განმცხადებელს,
ხოლო მეორე ხელით ტანსაცმელს ხდიდა.
V.R.-მა უარყო
მოვლენათა მსგავსი განვითარება და თქვა, რომ განმცხადებელი მაშინვე დათანხმდა მის შეთავაზებას
სექსუალური კავშირის დამყარების თაობაზე და თავად გაიხადა ტანსაცმელი. V.R.-მა ასევე
განმარტა, რომ მან არ იცოდა განმცხადებლის
ასაკი.
განმცხადებლის
განმარტებით, აღნიშნული გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, ხოლო გაუპატიურების შემდეგ V.R. მას დაემუქრა მოკვლით, თუ ვინმეს ეტყოდა მომხდარის
შესახებ. განმცხადებელმა ტანსაცმელი ჩაიცვა.
მალევე მანქანასთან დაბრუნდნენ V.D. და A.S..
V.R.-მა სახლში მიიყვანა განმცხადებელი და ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით,
თუ ვინეს ეტყოდა მომხდარზე. თუმცა გამოძიებასთან მან ეს მუქარა კვლავ უარყო.
მოგვიანებით (2004
წლის 22 აგვისტოს) განმცხადებელმა მომხდარის შესახებ უამბო დედას, რომელიც იმავე დღეს
მივიდა V.R.-ის სახლში. V.R.-მა აღიარა, რომ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა განმცხადებელთან
და დაპირდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მას ცოლად მოიყვანდა. აქედან 2 დღის შემდეგ
განმცხადებლის დედამ გაიგო, რომ V.R.-ისგან სხვა გოგო იყო ფეხმძიმედ და მის ცოლად მოყვანას აპირებდა. 2004 წლის 25 აგვისტოს განმცხადებლის დედამ გაუპატიურების
შესახებ საჩივარი შეიტანა პოლიციაში. 2004 წლის 26 აგვისტოს გამოძიება დაიწყო არასრულწლოვნის
გაუპატიურების ფაქტზე.
საქმე გადაეცა
პროკურატურას. პროკურორმა V.C.-მ დანიშნა ექსპერტიზა
განმცხადებლის სამედიცინო გამოკვლევის მიზნით. ექსპერტიზა ჩატარდა იმავე დღეს და დაადგინა,
რომ განმცხადებლის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული იყო, რაც შესაძლებელია გამოწვეული
ყოფილიყო რაიმე მყარი. ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მათ შორის სასქესო ორგანოს
მეშვეობით. ექსპერტიზის დაგვიანებით ჩატარების
გამო სისხლის ან სპერმის კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა.
პროკურორმა გამოკითხა
განმცხადებელი და მისი დედა. მოგვიანებით კი V.R. , 2004 წლის 01 სექტემბერს განმცხადებლის ჩვენებისა
და ექსპერტიზის პასუხზე დაყრდნობით, პროკურორმა
V.R. ბრალდებულად ცნო არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე. 2004 წლის 14 სექტემბერს
პროკურორმა დამატებით დანიშნა ექსპერტიზა განმცხადებლის
სამედიცინო გამოკვლევის მიზნით. დამატებითმა ექსპერტიზამ იგივე შედეგი აჩვენა, თუმცა დამატებით მიუთითა, რომ განმცხადებელს
სხეულზე არ აღენიშნებოდა რაიმე სახის დაზიანება.
საქმეზე მოწმის
სახით გამოიკითხა V.V., რომელმაც განმარტა, რომ 2004 წლის 21 აგვისტოს საღამოს ის იმყოფებოდა
მეზობელ სოფელში მდებარე ბარში V.R-სთან, განმცხადებელთან,
V.D.-სა და A.S.-თან ერთად. V.V.-მ დაადასტურა, რომ განმცხადებელმა დალია
ალკოჰოლი და იცეკვა. ბარის დატოვების შემდეგ V.R.-მ მიიყვანა საცხოვრებელ სახლთან, ხოლო მანქანაში V.R.-სთან
და განმცხადებელთან ერთად დარჩნენ V.D. და A.S. ამის შემდეგ
მოვლენათა განვითარება ცნობილი არ იყო V.V.-სთვის.
2004 წლის 26 ოქტომბერს
განმცხადებელი და ბრალდებული V.R. დაუპირისპირეს
ერთმანეთს. მხარეებს პოზიციები არ შეუცვლიათ.
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ სექსუალური კავშირი მისი თანხმობის გარეშე მოხდა,
ხოლო V.R. საპირისპიროს უთითებდა. მხარეები ასევე დავობდნენ მოკვლის მუქარა იყო თუ
არა და იცოდა თუ არა V.R. – მ განმცხადებლის ასაკი.
2004 წლის 26 ნოემბერს
პროკურორმა თავისი ზემდგომისგან მოითხოვა გამოძიების ვადის გაგრძელების ნებართვა
2005 წლის 31 იანვრამდე. მან მიუთითა, რომ
საჭირო იყო რამდენიმე მოწმის გამოკითხვა.
ზემდგომმა პროკურორმა A.B.-მ დააკმაყოფილა
პროკურორ V.C.-ს მოთხოვნა ვადის გაგრძელების შესახებ.
2004 წლის 1 დეკემბერს იმავე პროკურატურის სხვა პროკურორმა C.C.-მ მიიღო გადაწყვეტილება V.R.-ს მიმართ ბრალდების მოხსნის თაობაზე. პროკურორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგი:
“ …სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე მსხვერპლის ჩვენების თანახმად, V.R.-ს ქმედება არ შეიცავს გაუპატიურების ნიშნებს...“
იმავე გადაწყვეტილებაში
პროკურორმა დაადგინა, რომ გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რაიმე სხვა დეტალზე მინიშნება არ გაუკეთებია.
გამოძიება გაგრძელდა.
იმავე პროკურორმა გამოკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის განმცხადებლის ბიძაშვილები,
თანაკლასელები და მეზობლები.
2005 წლის 19 იანვარს ზემდგომმა პროკურორმა A.B.-მ გააუქმა პროკურორ C.C.-ს
2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ბრალდების
მოხსნის შესახებ და მიუთითა, რომ „ გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა საქმის გარემოებების
ყოველმხრივ გამოკვლევას, განსაკუთრებით იმას, რომ სექსუალური კავშირის განხორციელების
დროს მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი, ალკოჰოლური
ინტოქსიკაციით და არ შეეძლო გაეკონტროლებინა საკუთარი ქმედებები
.“ უფრო მეტიც, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეში გამოვლინდა
ახალი გარემოებები, რომლებიც ადასტურებდა V.R.-ს
დამნაშავეობას. საქმე გადაეცა ისევ პროკურორ V.C.-ს.
2005 წლის 25 იანვარს
V.R.-ს ისევ წარედგინა ბრალდება არასრულწლოვნის
გაუპატიურებისათვის. გამოძიება დასრულდა 2005 წლის 31 იანვარს და საქმე გაიგზავნა სასამართლოში.
მტკიცებულებათა
გამოკვლევის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ
სექსუალური კავშირი განხორციელდა თანხმობით, მსხვერპლს სხეულზე არ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები,
რაც დასტურდებოდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლომ საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და V.R.
დამნაშავედ ცნო არა გაუპატიურების, არამედ
16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ნაწილში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა
3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განმცხადებელმა
და პროკურორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
V.R.-ს არ გაუსაჩივრებია აღნიშნული გადაწყვეტილება.
განმცხადებელი
დავობდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მისი მოწყვლადობა
ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა და ასაკის გამო და თანხმობის არსებობა შეაფასა მხოლოდ ფიზიკური
წინააღმდეგობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის გამო.
პროკურორმა მსგავსი
არგუმენტაციით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ
არ მიიღო განმცხადებლის საჩივარი იმ
საფუძვლით, რომ მსხვერპლს არ ჰქონდა გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეში.
სააპელაციო სასამართლომ
ასევე არ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი,
გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
და შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა V.R.-ს მიმართ. სასამართლომ განმარტა, რომ ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება,
რომლითაც გაუქმდა ქვემდგომი პროკურორის მიერ ბრალდების მოხსნის გადაწყვეტილება, იყო
უკანონო, ვინაიდან A.B. (ზემდგომი პროკურორი)
არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა. გარდა ამისა,
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურორ C.C.-ს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი
არ არსებობდა, ვინაიდან:
ა) V.R. - ს ქმედება არ შეიცავდა გაუპატიურების ნიშნებს;
ბ) პირი ამ მუხლის
მიზნებისთვის ეჭვმიტანილი შეიძლებოდა ყოფილიყო 3 თვის განმავლობაში.
საბოლოოდ, სააპელაციო
სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 1-ლი დეკემბრის გადაწყვეტილება V.R.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
შესახებ იყო სწორი და ამის შემდეგ V.R.-ს მიმართ დევნის გაგრძელება წარმოადგენდა ორმაგი დასჯის (ლათ. ne bis in idem) პრინციპის დარღვევას.
განმცხადებელმა
წერილობით მიმართა გენერალურ პროკურორს და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების
უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება. პროკურატურამ კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა
გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.
საბოლოო ჯამში,
V.R.-ს მიმართ ყველა პროცედურა შეწყდა.
სააპელაციო სასამართლოში
მიმდინარე პროცესების დასრულების შემდეგ განმცხადებელს დასჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება.
2007 წლის ივლის-აგვისტოში მან მიიღო ფსიქიატრის მომსახურება ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციის დახმარებით. ექსპერტის 2007 წლის
18 აგვისტოს სამედიცინო ჩანაწერებში აღინიშნა,
რომ განმცხადებელს ჰქონდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რაც გამოწვეული იყო სექსუალური
ძალადობით, სასამართლოს მიერ მსჯავრდების განხორციელებაში
ჩავარდნითა და დამცირებით, რაც განიცადა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცედურებით.
განმცხადებელმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოს და მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლების დაცვის ევროპული კონვენციის მე-3, მე-8, მე-13 და
მე-14 მუხლების დარღვევაზე. სახელმწიფო არ დაეთანხმა განმცხადებელს.
სასამართლომ საჩივარი
ცნო დასაშვებად.
სასამართლოს შეფასება
სასამართლომ მიუთითა,
რომ ხელშემკვრელი მხარეები კონვენციის პირველი
მუხლის თანახმად, ვალდებულნი არიან დაიცვან ყველა ადამიანის უფლება და თავისუფლება,
რაც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა
და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, მათ შორის კონვენციის მე-3 მუხლით,
რომელიც მოითხოვს, რომ სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ არავინ დაექვემდებაროს
არასათანადო მოპყრობას, მათ შორის კერძო პირების მხრიდან.
სასამართლომ განმარტა, არაერთ საქმეში განისაზღვრა, რომ კონვენციის მე-3
მუხლი ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას
ჩაატაროს ოფიციალური, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება.
სასამართლო უთითებს M.C. v. Bulgaria (Application no. 39272/98) საქმეზე და მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას სისხლის სამართლის ეფექტური კანონმდებლობით დასჯადი გახადოს გაუპატიურება, უზრუნველყოს პრაქტიკაში ეფექტური გამოძიება და დევნის განხორციელება.
მოცემულ საქმესთან
დაკვშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ
V.R.-ს მიმართ გაუპატიურების ბრალდების შესახებ საბოლოო განმსაზღვრელი გახდა პროკურორ
C.C.-ს, 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება (დევნის შეწყვეტის შესახებ). სასამართლო
აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების გარეშე. განსაკუთრებით მას შემდეგ,
რაც ამ საქმის მთავარი ამოცანა იყო დაედგინათ თანხმობის საკითხი სექსუალური კავშირის
დროს, ამისთვის სავალდებულო იყო თითოეული მხარის ვერსიის სანდოობის შესახებ აზრის ჩამოყალიბება.
ეს შეიძლებოდა მომხდარიყო იმ ადამიანების გამოკითხვით, რომლებიც იცნობდნენ განმცხადებელს და V.R.-ს, მაგალითად, მეგობრების,
მეზობლების, მასწავლებლებისა და სხვა პირების, ვისაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს მათი
ჩვენებების სანდოობას. აღნიშნული არ განხორციელებულა 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების
მიღებამდე. სასამართლო ასევე უთითებს, რომ
სამი ადამიანიდან ორი - V.D. და A.S., რომლებმაც
სავარაუდო გაუპატიურებამდე და შემდეგ
მალევე ნახეს განმცხადებელი და V.R., არ დაკითხულან. ასევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებს
შეეძლოთ ექსპერტების მოსაზრების მოძიება.
სასამართლო განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ საქმეში ჩართულმა პროკურორებმაც დაადასტურეს, რომ
2004 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით გამოძიება არ იყო დასრულებული. 2004 წლის 26 ნოემბერს პროკურორმა V.C.-მ მიიჩნია, რომ გამოძიება არ იყო დასრულებული და მოითხოვა გამოძიების ერთი თვის ვადით გაგრძელება იმ მიზნით, რომ რამდენიმე
მოწმე დაეკითხა. პროკურორის ეს მოთხოვნა გაიზიარა
ზემდგომმა პროკურორმა. აქედან რამდენიმე დღეში
ამავე პროკურატურის სხვა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება V.R.-ს პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების შესახებ, თუმცა დაადგინა გამოძიების გაგრძელება, რაც იმას ნიშნავს,
რომ მისი მოსაზრებითაც გამოძიება დასრულებული არ იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, სასამართლო, ისე რომ არ გამოხატავს მოსაზრებას V.R.-ს დამნაშავეობასთან
დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საქმეზე გამოძიებას ჰქონდა ჩავარდნა სახელმწიფოს
მიერ პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილში, რომელიც
გულისხმობს ეფექტურ გამოძიებასა და გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ყველა ფორმის
დასჯას.
სასამართლომ დაადგინა,
რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული
პოზიტიური ვალდებულება.
სასამართლომ ასევე
დაადგინა, რომ არ არსებობდა კონვენციის მე-8,
მე-13 და მე-14 მუხლების დამოუკიდებლად განხილვის საფუძველი.
სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა განმცხადებლისათვის მორალური ზიანის სახით 10 000 ევროს გადახდის ვალდებულება.
[1]
განაცხადის ნომერი – N53519/07
https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-110904%22]}
მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.