ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, (2012 წლის 30 ოქტომბერი, განაცხადის #57375/08)
არაოფიციალური თარგმანი
მასალა მომზადებულია თამარ გაბოძის მიერ
საქმის მნიშვნელობა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაადგინა სტანდარტი ბავშვთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ.
შედეგი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთმა დაარღვია ბავშვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, როდესაც სექსუალური ძალადობის შემდეგ არასრულწლოვანის აბორტის ხელმისაწვდომობა არაერთხელ შეფერხა.
საქმის არსი: სასამართლომ პირველად განიხილა მოზარდების განსაკუთრებული მოწყვლადობა, რომლებიც საჭიროებენ აბორტს და მის შემდგომ მოვლას და დაადასტურა ახალგაზრდების ავტონომია, როდესაც საქმე ეხება მათ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებებს უზრუნველყოს კანონიერი აბორტის ეფექტური მისაწვდომობა, პატივი სცეს მოზარდების პერსონალურ ავტონომიას, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში და უზრუნველყოს პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის ეფექტური დაცვა.
საქმის გარემოებები: განმცხადებელები არიან 14 წლის გოგო - P. და მისი დედა S. რომლებიც ცხოვრობენ ლუბლინში, პოლონეთში.
2008 წელს, 14 წლის P დაორსულდა თანაკლასელის მიერ სექსუალური ძალადობის შემდეგ. აბორტის გასაკეთებლად განმცხადებელმა, 2008 წლის 20 მაისს, მიიღო ნებართვა პროკურატურისგან, რადგან მისი ორსულობა გამოწვეული იყო გაუპატიურების შედეგად. დედის მხარდაჭერით, იგი ცდილობდა გაეკეთებინა ლეგალური აბორტი, მაგრამ წააწყდა მრავალ დაბრკოლებას. აბორტის გასაკეთებლად სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისას, განყოფილების უფროსმა არასრუწლოვანი წაიყვანა სასულიერო პირთან (კათოლიკურ მღვდელთან) ისე რომ არ უკითხავს არასრულწლოვნისთვის სურდა თუ არა მას წასვლა. მღვდელთან საუბრის დროს ცხადი გახდა, რომ მღვდელი ინფორმირებული იყო განმცხადებლის ფეხმძიმობის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ. სასულიერო პირი ცდილობა დაერწმუნებინა განმცხადებელი არ გაეკეთებინა აბორტი და ორსულობა მიეყვანა ბოლომდე.
სამედიცინო დაწესებულებაში განმეორებითი ვიზიტის დროს, კლინიკის მთავარმა გინეკოლოგმა ხელი მოაწერინა განმცხადებლის დედას აბორტზე თანხმობის დოკუმენტზე, რა დროსაც ის გაფრთხილებული იყო, რომ აბორტს შესაძლებელი იყო გამოეწვია მისი ქალიშვილის სიკვდილი. არასრულწლოვნის დედასთან უთანხმოების შემდეგ, მთავარმა გინეკოლოგმა უარი განაცხადა მის განყოფილებაში აბორტი გაკეთების ნებართვის გაცემაზე.
არასრულწლოვნის ორსულობის და საქმის გარემოებების შესახებ, საავადმყოფომ ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს. აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნდა არაერთი სტატია ადგილობრივ გაზეთებში. ასევე, საქმე გახდა ინტერნეტ სივრცეში განხილვის საგანი.
ამის შემდეგ, განმცხადებელი და მისი დედა გაემგზავრნენ ვარშავაში, პოლონეთის დედაქალაქში. არასრულწლოვანს აცნობეს, რომ შეეძლო აბორტის გაკეთება პროკურატურის მიერ გაცემული ნებართვის და სამედიცინო ცნობების საფუძველზე, თუმცა მანამდე უნდა მოეცადა სამი დღე ვიდრე აბორტის პროცედურა ჩაუტარდებოდა. ამ პერიოდში, სამედიცნო პერსონალმა შეატყობინა განმცხადებელს, რომ საავადმყოფო განიცდიდა ზეწოლას სხვადასხვა ადამიანების მხრიდან და იღებდა უამრავ წერილს ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც განმცხადებელი გაკრიტიკებული იყო მისი გადაწყევტილების გამო. ასევე, არასრუწლოვანი იღებდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს სასულიერო პირის და სხვა უცნობი ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობდნენ მის დარწმუნებას უარი ეთქვა აბორტზე.
პოლონეთის სახელმწიფოს შეფასებით, არასრულწლოვანი იყო დედის ზეწოლის ქვეშ გაეკეთებინა აბორტი. რის გამოც, განმცხადებელი 2008 წლის 6 ივნისს გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა მისი გამოკითხვა. იმავე დღეს, სასამართლომ გასცა ბრძანება განმცხადებლის არასრუწლოვანთა თავშესაფარში გადაყვანის შესახებ, როგორც დროებითი ღონისძიება, რაც დედისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის პროცედურას უკავშირდებოდა. არასრუწლოვანი ჩაკეტილ ოთახში განათავსეს და მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. მას თავშესაფარში დაეწყო ძლიერი ტკივილი და სისხლდენა. იგი გადაიყვანს საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა ერთი კვირის განმავლობაში. მის სანახავად რამდენიმე ჟურნალისტი მივიდა და მასთან საუბარი სცადა.
არასრულწლოვნის დედამ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ. მან სასამართლოს წარუდგინა ქალიშვილის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მას სურდა აბორტის გაკეთება და რომ დედა არ აიძულებდნენ ამის გაკეთებას.
2008 წლის 13 ივნისს P მოსამართლესთან დაიკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით, რომელმაც განმარტა, რომ მისი ორსულობა გამოწვეული იყო გაუპატიურების შედეგად. აბორტის გაკეთება იყო მისი სურვილი და ის არანაირ ზეწოლას არ განიცდიდა დედის მხრიდან.
2008 წლის 18 ივნისს ლუბლინის საოჯახო სასამართლომ გააუქმა გადაწყევტილება განმცხადებლის თავშესაფარში მოთავსების შესახებ.
2009 წლის 18 თებერვალს ლუბლინის საოჯახო და მზრუნველობის სასამართლომ, ექსპერტთა დასკვნაზე დაყრდნობით, გააუქმა გადაწყვეტილება მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ.
2008 წლის 13 ივნისს მეორე მომჩივანმა შეიტანა საჩივარი ჯანდაცვის სამინისტროში და ითხოვა ქალიშვილისთვის კანონიერი აბორტის გაკეთებაში დაეხმარება. საჩივრის შეტანიდან სამი დღის შემდეგ, დედას შეატყობინეს, რომ არასრულწლოვანს შეეძლო გაეკეთებინა აბორტი სხვა რაიონში, რომელიც იყო 500 კილომეტრით დაშორებული საცხოვრებელი სახლიდან. დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს ფარულად, სადაც იგი არ იყო რეგისტრირებული, როგორც პაციენტი და არ მიუღია ინფორმაციას აბორტის პროცედურის და მისი შემდგომი მოვლის შესახებ. არასრულწლოვანს გაუკეთდა აბორტი 2008 წლის 17 ივნისს, მიუხედავად იმისა, რომ მას აბორტზე ნებართვა პროკურატურისგან მიღებული ქონდა 2008 წლის 20 მაისს.
პოლონეთის ეროვნული კანონის მიხედვით, ოჯახის დაგეგმვის შესახებ (ადამიანის ნაყოფის დაცვა და ორსულობის შეწყვეტის ნებადართული პირობები), იმ დროს ითვალისწინებდა: ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლებას ჩასახვის მომენტიდან. შესაბამისად აბორტის გაკეთება შეიძლებოდა ექიმის ნებართვით, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, მათ შორის: როდესაც ორსულობა იყო დანაშაულებრივი ქმედების შედეგი.
ეროვნულ დონეზე მეორე მომჩივანი ასაჩივრებდა მისი შვილისთვის აბორტის შეფერხებას, პირადი ცხოვრების გასაჯაროებას, ასევე მათზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აბორტის გამო ზეწოლასთან დაკავშირებით, სამართალწარმოება შეწყდა მეორე დღესვე. პროკურატურამ დაადგინა, რომ არ არსებობდა პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, რადგან სისხლის სამართლის კანონი არ აჯარიმებდა ორსული ქალის დარწმუნების მცდელობას ორსულობის ბოლომდე მიყვანაზე, სანამ ფიზიკური ძალადობა არ იყო გამოყენებული. პროკურატურის გადაწყვეტილება განმცხადებლის მიერ გასაჩივრებული იქნა ეროვნულ სასამართლოში, თუცა სასამართლოს მიერ არ იქნა მომჩივანის მოთხოვა დაკმაყოფილებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:
სასამართლომ დაადგინა ბავშვის მიმართ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) აბორტზე შეუფერხებელი მისაწვდომობის არარსებობის და პირადი ინფორმაციის გასაჯაროების გამო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აბორტის გაკეთებისას, თუ ექიმს აქვს „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა“, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ქონდეს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომ პაციენტმა შეუფერხებლად ისარგებლოს სამედიცინო სერვისებით. „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია გადაამისამართოს პაციენტი სხვა ექიმთან, რომელიც გაუწევს საჭირო მომსახურებას. ამ საქმეში ექიმებს არ უცდიათ პაციენტის გადამისამართება სხვა სამედიცინო კლინიკაში ან ექიმთან. ისინი ცდილობდნენ პაციენტის დარწმუნებას თავი შეეკავებინა აბორტისგან.
სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავდა მომჩივანის გვარს და სახელს, ინფორმაცია შეიცავდა საკმარის დეტალებს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო განმცხადებლის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. განმცხადებელს უკავშირდებოდნენ სხვადასხვა პირები და მოუწოდებდნენ თავი შეეკავებინა აბორტისგან. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ არასრულწლოვნის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან.
სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) ბავშვის დედისგან განცალკევების და თავშესაფარში მოთავსების გამო.
რაც შეეხება თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხების უფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამარლომ დაადგინა: „არასრულწლოვანთა თავშესაფარში მოთავსებას და დედისგან განცალკევებას არ ჰქონდა ლეგიტიმური საფუძვლები. განცალკევების რეალური მიზანი იყო არასრულწლოვნისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებაზე მისაწვდომობის შეზღუდვა, კერძოდ აბორტის გაკეთებაში ხელის შეშლა. რის გამოც, მისი თავშესაფარში განთავსება და დედისგან განცალკევება არ შეიძლება იყოს გამართლებული. ამდენად არასრულწლოვნის განცალკევება იყო კონვენციის მე-5 მუხლის საწინააღმდეგო“.
სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) - რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას, განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვისთვის კანონიერი უფლების რეალიზების დროს არაერთი დაბრკოლების შექმნის გამო.
სასამართლოს განმარტებით, ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლთა ტანჯვას ამწვავებს არასასურველი ორსულობის რისკი. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებისთვის, მათ შორის ლეგალური აბორტის, აუცილებელ სამედიცინო მკურნალობაზე დროული ხელმისაწვდომობაზე უარის თქმა, მათ დამატებით ტანჯვას აყენებს და შეიძლება წარმოადგენდეს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. გაუპატიურების მსხვერპლი ქალის წუხილი შეიძლება ასევე გაძლიერდეს გაუპატიურებით გამოწვეული ორსულობის შესახებ, კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებით.
სასამართლომ განმარტა, რომ საავადმყოფოში მიყვანისას, არასრულწლოვანი იყო განსაკუთრებულად მოწყვლადი. კლინიკის მთავარი ექიმის მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელდა ზეწოლა, რათა გავლენა მოეხდინა მის გადაწყვეტილებაზე. ექიმმა განმცხადებელი იძულებული გახადა აბორტის შესახებ ესაუბრა სასულიერო პირთან. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული ყოფილიყო მისი საჭიროებები, იგი მოათავსეს არასრუწლოვანთა თავშესაფარში. ასევე, საავადმყოფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლა განხორციელდა ბავშვის დედაზეც, როდესაც ამ უკანასკნელს სთხოვეს ხელი მოეწერა თანხმობის ფორმაზე, რომელიც აფრთხილებდა, რომ აბორტს შეეძლო გამოეწვია მისი ქალიშვილის სიკვდილი, ყოველგვარი დამაჯერებელი მიზეზების არსებობის გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანს სახელმწიფო ეპყრობოდა სავალალოდ და ეს მოპყრობა იყო არაადამიანური, დამამცირებელი და ტანჯვის მომტანი. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა არასრულწლოვნის დაუცველობა, მისი ასაკი, მის მიერ განცდილი გრძნობები და ემოციები, ასევე უგულებელყო ის ფაქტი, რომ განმცხადებელი იყო გაუპატიურების მსხვერპლი.
ზემოთ მითითებული გარემოებების ერთობლივად გათვალისწინებით, მათ შორის, აბორტის დაყოვნების, საჭირო სამედიცინო კონსულტაციის არარსებობის და არასრულწლოვანის დედისგან განცალკევების გამო, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთმა არასრულწლოვნის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი. სასამართლომ, პოლონეთის სახელმწიფოს, არასრულწლოვნის სასარგებლოდ დააკისრა 30,000 ევროს ხოლო დედის სასარგებლოდ 15,000 ევროს გადახდა.
გადაწყვეტილების ორიგინალის სანახავად დააჭირეთ აქ.
მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე