ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ

2011 წელს, ევროპის საბჭომ ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სახელმძღვანელო პრინციპები მიიღო. [1] ეს პრინციპები მრავალ თემას მოიცავს, მათ შორის, იგი ფარავს ბავშვთა მართლმსაჯულებასთან დაკავშრებულ შემდეგ საკითხებს: ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება სამართალწარმოებამდე, სამართალწარმოების დროს და სამართალწარმოების შემდეგ, ბავშვები და პოლიცია, ბავშვები და სასამართლო მოსმენა და სხვა.

ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო წესებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბავშვის უფლებას ჰყავდეს ადვოკატი და ბავშვის ინტერესების წარმომადგენლობა. დოკუმენტი მიუთითებს:

-         ბავშვებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი ადვოკატისა და წარმომადგენლობის უფლება, საკუთარი სახელით, ისეთ სამართალწარმოებაში, როდესაც არსებობს ან, შესაძლოა წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტი ბავშვსა და მშობლებს ან, სხვა ჩართულ მხარეებს შორის.

  • ბავშვებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ უფასო იურიდიულ დახმარებაზე ისეთივე, ან უფრო ხელსაყრელი პირობებით, როგორც უფროსებს.

  • ადვოკატებს, რომლებიც წარმოადგენენ ბავშვებს, გავლილი უნდა ჰქონდეთ გადამზადება და იცნობდნენ ბავშვთა უფლებებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ადვოკატებმა მუდმივად უნდა განაახლონ ცოდნა. ჰქონდეთ ძლიერი კომპეტენცია ბავშვებთან კომუნიკაციაში და, ამავე დროს, შეეძლოთ ამ ცოდნის გამოყენება ბავშვებთან ურთიერთობაში, ბავშვების აღქმის შესაბამისად.

  • ბავშვები უნდა მივიჩნიოთ სრულფასოვან კლიენტებად, რომელთაც აქვთ საკუთარი უფლებები, ხოლო ადვოკატები რომლებიც იცავენ ამ ბავშვების ინტერესებს მათ მოსაზრებებს უნდა წარმოადგენდნენ.

  • ადვოკატმა ბავშვს უნდა მიაწოდოს ყველა მნიშნელოვანი და აუცილებელი ინფორმაცია, აუხსნას ყველა შესაძლო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს ბავშვის პოზიციის და მოსაზრების განხორციელებას.

  • თუ, ბავშვებს და მშობლებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, კომპეტენტურმა პირმა უნდა დანიშნოს ბავშვის საპროცესო წარმომადგენელი (guardian ad litem) ან სხვა დამოუკიდებელი წარმომადგენელი, რომელიც ბავშვის მოსაზრებებს დაიცავს.

  • გარანტირებული უნდა იქნას სათანადო წარმომადგენლობა და მშობლებისგან დამოუკიდებელი წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ისეთი სამართალწარმოების დროს, სადაც მშობლები, ოჯახის წევრები ან, აღმზრდელები სავარაუდო სამართალდამრღვევები არიან. 

აღსანიშნავია, რომ, ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების განმარტებითი მემორანდუმი გვთავაზობს კიდევ რამდენიმე საკითხს, რომელიც ეხება ბავშვების ადვოკატებსა და წარმომადგენლობას:

  • 39-ე პრინციპი აღწერს ბავშვების წარმომადგენელი ადვოკატების პროფესიულ მოთხოვნებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ადვოკატის სასამართლო ხარჯები არ ეკისრებოდეთ მის მშობლებს პირდაპირ ან ირიბად. თუ ადვოკატის ხარჯებს ფარავენ მშობლები, კერძოდ ისეთ საქმეებზე, რომელიც შეიცავს ინტერესთა კონფლიქტს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ადვოკატი დამოუკიდებლად დაიცავს ბავშვის მოსაზრებებს.

  • რეკომენდირებულია სპეციალიზირებულ ახალგაზრდა ადვოკატთა სისტემა, ამავდროულად, აუცილებელია ბავშვის მიერ ადვოკატის თავისი ნებით არჩევა. მნიშვნელოვანია ბავშვის ადვოკატის ზუსტი როლის განსაზღვრა. ადვოკატის მოვალეობაში არ შედის იმ აზრის წარმოჩენა, რასაც თავად მიიჩნევს ბავშვის საუკეთესო ინტერესად (როგორც მეურვის შემთხვევაში), არამედ ბავშვის შეხედულებებისა და მოსაზრებების განსაზღვრა და დაცვა, ისევე, როგორც სრულწლოვანის შემთხვევაში.
  • ადვოკატმა უნდა მიიღოს ბავშვის ინფორმირებული თანხმობა სამართლებრივი სტრატეგიის არჩევისას. თუ ადვოკატი არ ეთანხმება ბავშვის მოსაზრებას, იგი უნდა შეეცადოს აუხსნას ბავშვს ალტერნატიული მოსაზრების და სამართლებრივი გზის უპირატესობა, როგორც ამას სხვა კლიენტის შემთხვევაში გააკეთებდა.

  • ადვოკატის როლი განსხვავდება მოსამართლის მიედ დანიშნული საპროცესო წარმომადგენლის როლისგან, რომელიც შემოტანილია 52-ე სახელმძღვანელო პრინციპით, რამდენადაც, ეს უკანასკნელი დანიშნულია სასამართლოს და არა „კლიენტის“ მიერ, და უნდა დაეხმაროს სასამართლოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრაში. თუმცა, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ადვოკატისა და სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო წარმომადგენლის/მეურვის ფუნქციების შეთავსება ერთი პირის მიერ, რამდენადაც, შეიძლება წარმოიშვას პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი  კომპეტენტურმა ორგანომ, გარკვეულ შემთხვევებში, უნდა დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი ან სხვა დამოუკიდებელი წარმომადგენელი ბავშვის შეხედულებების წარმოსადგენად. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ბავშვის ან სხვა, შესაბამისი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.


ტექსტი: ანა არგანაშვილი



[1] სრული ტექსტი: https://rm.coe.int/16804b2cf3


მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.