მიმოხილვა
2021 წლის გაზაფხულზე, ნინოწმინდის პანსიონატში, სახალხო დამცველის მონიტორინგის ფუნქცია შეუზღუდეს. საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი სახალხო დამცველის მანდატი კი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში უკანონოდ მოთავსებული ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა იყო.
სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - (PHR), სახალხო დამცველის კონსტიტუციური ფუნქციის დასაცავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა კომიტეტს მიმართა.
2021 წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა გამოსცა დროებითი ზომა, რომლითაც საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველის ბავშვთა პანსიონში დაუყოვნებელი შეშვება დაავალა. ვინაიდან საქართველოს მთავრობამ, დროებითი ზომა დაუყოვნებლივ არ აღასრულა, PHR-მა განმეორებით მიმართა ეროვნულ სასამართლოს და ბავშვთა პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (შშმ) დაუყოვნებელი გამოყვანა მოითხოვა, რადგან ამ და სხვა ბავშვების მიმართ, ხორციელდებოდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფოს ბავშვების გამოყვანა დაავალა, საქართველოს საპატრიარქოს ქ. ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 14 ივნისს გაასაჩივრა.
რა გადაწყვიტა თბილისის სააპელაციო სასამართლომ
2021 წლის 1 ნოემბერს PHR-ს ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თეა ძიმისტარაშვილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალა პანსიონში მოთავსებული შშმ ბავშვების დაუყოვნებელი, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, გამოყვანა და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლში) ან ოჯახებში დაბრუნება.
როგორ იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მოთავსება ბავშვთა სახლში (ინსტიტუციაში) წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, რომელიც მთავრობამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ბავშვზე ზრუნვის ყველა შესაძლებლობა ნაცადი და ამოწურულია. ამიტომ ბავშვები ასეთ დაწესებულებაში მხოლოდ მინიმალური დროით შეიძლება დარჩნენ.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით აკრძალულია ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურო ძალადობა, ჩაგვრა, იძულება წამება და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმის გამოყენება. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვების დასაცავად, შექმნას ძალადობის შეტყობინების, გასაჩივრების, რეფერირების და გამოძიების ეფექტური მექანიზმები. ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და უფლებების აღდგენისთვის საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
„რაც შეეხება საჩივრის ავტორის [ნინოწმინდის პანსიონის] აპელირებას ბავშვების მოსმენის უფლებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც პატივისცემით მოეპყრობიან ადამიანის ღირსებას და უზრუნველყოფილი იქნება უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება.“
პალატის მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი შშმ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სწრაფი რეაგირების აუცილებლობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 05 ივნისის დროებითი განჩინება.
როგორ
გრძელდება ეს საქმე
აღნიშნულ საქმეზე, გარდა დროებითი განჩინებისა PHR-მა სასამართლოს ასევე მიმართა ძირითადი სარჩელით, სადაც ერთერთი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში არსებული ყველა ბავშვთა სახლის დახურვა და ბავშვების ოჯახებში დაბრუნება, ოჯახების გაძლიერების გზით. ამავე თემაზე, სამართალწარმოება გრძელდება გაეროს ბავშვთა კომიტეტში. სისხლის სამართლის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს პანსიონატში ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და PHR აგრძელებს ბავშვების და ყოფილი აღსაზრდელების უფლებების დაცვას.
PHR კვლავაც გააგრძელებს
საზოგადოების ინფორმირებას აღნიშნულ საქმეზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება
USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.