Saviny v. Ukraine

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეში Saviny v. Ukraine (Application no. 39948/06)  ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში მოთავსების საფუძვლის გამო.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

ორივე განმცხადებელი იყო ბავშვობიდან უსინათლო. 1990 წლიდან 2006 წლამდე პირველი განმცხადებელი დასაქმებული იყო საწარმოში, რომელსაც მართავდა უკრაინის უსინათლოთა საზოგადოება, რომელიც იყო საჯარო ორგანიზაცია და სუბსიდირებას იღებდა სახელმწიფოსგან, რათა დახმარება აღმოეჩინა უსინათლო ადამიანებისთვის. თუმცა, როგორც მისი დამსაქმებელი აღნიშნავდა, 2001-2006 წლებში პირველი განმცხადებელი რეალურად მუშაობდა მხოლოდ წელიწადში რამდენიმე დღე. 2006 წელს პირველმა განმცხადებელმა მიაღწია საპენსიო ასაკს და გათავისუფლდა სამსახურიდან. მეორე განმცხადებელმა მუშაობა შეწყვიტა 1990-იანი წლების დასაწყისში.

1997 წლიდან ოჯახი ცხოვრობდა ორ საძინებლიან ბინაში, რომელსაც ფლობდა სახელმწიფო. თუმცა, განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ისინი რეალურად მხოლოდ ერთ საძინებელს იყენებდნენ. ბინაში იყო გათბობა, მაგრამ არ ჰქონდათ სადრენაჟო ან ცხელი წყალი. განმცხადებლებს ჰყავდათ შვიდი შვილი.

1998 წელს ოთხი ბავშვი გადაიყვანეს სახელმწიფო ზრუნვაში იმ მიზეზით, რომ განმცხადებლები ვერ ახერხებდნენ მათზე სათანადო ზრუნვას.  ბავშვები განთავსდნენ სხვადასხვა ინსტიტუციაში. თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოირკვა ,ყველა ბავშვი, ერთის გარდა, რომელიც გაშვილდა განმცხადებლების თანხმობით, განთავსებულები იყვნენ ერთ სკოლა-პანსიონატში.

1997 წელს, ყველაზე უფროსი ბავშვი, რომელიც დარჩა განმცხადებლების ზრუნვაში, ასევე ჩაირიცხა იმავე სკოლა-პანსიონატში. მშობლებს ის შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში სახლში მიჰყავდათ. რამდენჯერმე სკოლა-პანსიონატის ადმინისტრაციამ მიმართა მუნიციპალურ მმართველობას, რომ აღნიშნული ბავშვი სკოლიდან გამორბოდა, დახეტიალობდა, აგროვებდა ცარიელ ბოთლებს და მათხოვრობდა. თუმცა, კონკრეტული დეტალები აღნიშნულ შემთხვევებზე არ იყო მიწოდებული.

1998-2004 წლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ათჯერ მაინც იმყოფებოდნენ ვიზიტით განმცხადებლების ბინაში და ანგარიშებში აღნიშნეს, რომ საცხოვრებელი პირობები შეუსაბამო იყო იმ ბავშვების აღზრდისთვის, რომლებიც დარჩენილები იყვნენ მშობლების მეურვეობის ქვეშ. ამავე წლებში რამდენიმე დაუზუსტებელ თარიღში განმცხადებლებს მიეწოდათ სხვადასხვა დამხმარე ნივთები, მათ შორის შეშა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საკვები პროდუქტები (შაქარი, კარტოფილი, ბურღულეული და ფქვილი).

განმცხადებლებმა  დახმარებისთვის მიმართეს მუნიციპალიტეტს და მოითხოვეს ბინის ბუნებრივი გაზით მომარაგებაში დახმარება, რომ შეძლებოდათ საჭმლის მომზადება და წვდომა ქონოდათ ცხელ წყალზე. 2000 წელს მათ აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე მიიღეს უარი, რადგან მეზობლები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ მათ ბინაში გაზის შეყვანას, რადგან განმცხადებლები იყვნენ უსინათლოები და მათთვის ეს წარმოადგენდა საფრთხეს. ასევე, გაზის გაყვანა ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო. 2000 წელს განმცხადებლებმა მოითხოვეს ასევე მუნიციპალიტეტისგან, რომ დახმარებოდნენ სტაბილური სამუშაოს პოვნაში. აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი ვერ მიიღეს. ამავე წელს არასრულწლოვანთა მომსახურების ოფისმა მიმართა მუნიციპალიტეტს მოთხოვნით, რომ ოჯახისთვის გამოეყოთ ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა, არც აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

2001 წელს ერთ-ერთ ბავშვს (K.S.) დაუდგინდა მეტყველების შეფერხება და პირველი ხარისხის ანემია. ექიმმა დამატებით აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ბავშვს კუჭთან დაკავშირებული პრობლემებიც უფიქსირდებოდა. თუმცა, ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა და არ შეინიშნებოდა საკვების ნაკლებობა ან კანზე გამონაყარი, ლიმფური კვანძების ან ღვიძლის გადიდება, ყელის სიწითლე ან შარდვის და დეფეკაციის დარღვევები. ამავე წელს განმცხადებლებმა მიიღეს 150 უკრაინული გრივნა ელექტროენერგიის გადახდის მიზნით.

2003 წელს მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვისა და ბავშვების დანაშაულის პრევენციის კომიტეტმა გააფრთხილა განმცხადებლები, რომ მათ ესაჭიროებოდათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 2003 წელს ერთ-ერთ ბავშვის (K.S.) შესახებ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვი რეგულარულად დადის ბაღში და ის დაჰყავთ მშობლებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ განმცხადებლები აქტიურად ინტერესდებიან ბავშვის მდგომარეობით და ითვალისწინებენ მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალის შენიშვნებს. ანგარიში ასევე უთითებდა, რომ ბავშვი იყო საკმაოდ ჯიუტი და ნაკლებად აქტიური კლასში, თუმცა მოწადინებული იყო კონტაქტი დაემყარებინა სხვა ბავშვებთან. ისინი ასევე უთითებდნენ, რომ მისი თანაკლასელები შეშფოთებულები იყვნენ ხანდახან ბავშვის მოუწესრიგებლობითა და ჭუჭყიანი ტანსაცმლით.

2004 წელს არასრულწლოვანთა მომსახურების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, პროკურორმა მოითხოვა სასამართლოსგან განმცხადებლებთან დაჩენილი სამი ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა. 2004 წლის 2 დეკემბერს სასამართლომ დაადგინა:

,,განმცხადებლები არ ზრუნავდნენ ბავშვების აღზრდაზე სათანადოდ. ბავშვები იყვნენ ჭუჭყიანები, მშივრები და ხშირად რჩებოდნენ სახლში მარტო... 

არასრულწლოვანთა მომსახურების სამსახური აღწერს საშინელ საცხოვრებელ პირობებს, ჭუჭყს, შეუსაბამო სანიტარიულ მდგომარეობას და განმცხადებლების ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობას... 

ორი ბავშვი K.S. და O.S. საავადმყოფოში აღრიცხვაზე იყვნენ პირველი ხარისხის ანემიით... 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვების საცხოვრებელი პირობები არის საშიში მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის...“


განმცხადებლებმა გაასაჩივრეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ისინი უთითებდნენ უკრაინის კანონმდებლობაზე, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ბავშვების ოჯახიდან გამოყვანის წინაპირობებს, როგორებიცაა: ბავშვის მოვლაზე უარის თქმა, სასტიკი მოპყრობა, მშობლების ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, ბავშვების ექსპლუატაცია და მათხოვრობაში ჩართვა. მათი თქმით, არცერთი ეს წინაპირობა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა და ერთადერთი, რატომაც შეიძლება ბავშვები არ იყვნენ უკეთეს გარემოში, განპირობებული იყო მათი უსინათლობით, სახელმწიფოს კი უნდა მიეწოდებინა მათთვის შესაბამისი მომსახურებები, რომ ბავშვების ოჯახიდან გაყვანა არ გამხდარიყო აუცილებელი. 2005 წელს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მომხდარა ბავშვების მოსმენა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას გამოიყენა მინისტრთა კომიტეტის 2005 წლის რეკომენდაცია (Recommendation Rec(2005)5) რეზიდენტულ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების უფლებების თაობაზე, რომელიც ადგენს შემდეგ პრინციპებს:

,,ოჯახი არის ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისათვის ბუნებრივი გარემო და მშობლებს აქვთ მთავარი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე;
ბავშვებისა და ოჯახების მხარდამჭერი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც უპასუხებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს უზრუნველყოფილი უნდა იყოს;
ბავშვების განთავსება ზრუნვის სხვა ფორმაში უნდა განიხილებოდეს როგორც უკიდურესად საგამონაკლისო წესი და შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს;
ბავშვების ზრუნვის სხვა ფორმაში განთავსება არ უნდა ეფუძნებოდეს დისკრიმინაციულ მიდგომას მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის და ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ასევე უთითებს ევროპის საბჭოს 2006 წლის რეკომენდაციაზე პოზიტიური მშობლების მხარდაჭერის თაობაზე (Recommendation 2006), რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობლების მხარდაჭერის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს ცხოვრების შესაბამისი პირობების შექმნაში მშობლების მხარდაჭერა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვებსა და მშობლებს ჰქონდეთ წვდომა შესაბამის და მრავალფეროვან რესურსებზე (მატერიალური, ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურული). ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა ხდებოდეს მშობლების მხარდაჭერა, რათა მათ სრულად და ეფექტურად შეასრულონ მშობლის ფუნქციები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ამ პროცესში სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც კონკრეტულ და სპეციალურ მხარდაჭერას საჭიროებს.

საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ზემოაღნიშნულ პრინციპების ანალიზის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. სასამართლომ განმარტა, რომ O.S.-ს, K.S.-ს და T.S.-ს სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება წარმოადგენს მე-8 მუხლში ჩარევას და მსგავსი ჩარევა განსაზღვრული უნდა იყოს კანონით და ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.

სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სამსახურების გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო გარემოებაზე, რომ განმცხადებლებს არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსური რესურსი და პერსონალური მახასიათებლები, რომ ბავშვებისათვის მიეწოდებინათ საკმარისი საკვები, ტანსაცმელი, ჯანდაცვის სერვისები, დაეცვათ მათი ჰიგიენა, დაეკმაყოფილებინათ ბავშვების სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს მიზეზები ნამდვილად შეიძლება განხილული იყოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად. ამის მიუხედავად, ევროპული სასამართლო ეჭვს გამოთქვამს, რომ საქმეში არსებული გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა ბავშვების ოჯახში შენარჩუნების მიზნით, არ იყო საკმარისი. სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზი, რა ღონისძიებები გატარდა განმცხადებლების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი უწყებების მხრიდან. 


მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.