საქართველოში 2019 წლიდან ძალაშია საქართველოს
კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის უმთავრეს მიზანს ქვეყანაში ბავშვის უფლებების
ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნათა მიხედვით დაცვა წარმოადგენს. კოდექსი მოიცავს
ჩანაწერებს ოჯახების გაძლიერების, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესობასა და
ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვის ფორმების განვითარებაზე. კანონმდებლობის დონეზე
გაწერილი დებულებების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის
სისტემის უმთავრესი გამოწვევა სწორედ ბავშვების ოჯახურ გარემოში შენარჩუნება და ამის
პარალელურად, ასობით ბავშვის რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში ცხოვრება წარმოადგენს.
აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულად რა მოთხოვნებს
უწესებს საქართველოს სახელმწიფოს ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის სისტემასა და ოჯახების
გაძლიერების მიმართულებით ის საერთაშორისო ხელშეკრულებები და დოკუმენტები, რომელთა
შესრულების ვალდებულებაც აღებული აქვს ქვეყანას.
გაეროს სტანდარტები
ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებასთან დაკავშირებით
ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის მიზნით
სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებზე საუბრობს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი თავის
ზოგად კომენტარში ,,ბავშვის უფლებების იმპლემენტაცია ადრეულ ასაკში“ (Implementingchild rights in early childhood). კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადრეულ
ასაკში ბავშვების მშობლებთან ცხოვრების მნიშვნელობას, რადგან ადრეულ ასაკში ბავშვები
ფიზიკურად და ემოციურად განსაკუთრებით დამოკიდებულები
არიან მშობლებზე. კომიტეტი სახელმწიფოს ვალდებულებად მიიჩნევს შესაბამისი და აუცილებელი
ღონისძიებების განხორციელებით მშობლების იმგვარად გაძლიერებას, რომ მათ თავად შეძლონ
მშობლის ფუნქციის განხორციელება. სწორედ ამიტომ, მთავრობის უმთავრეს ფუნქციას ბავშვების
მიტოვების პრევენცია და ინსტიტუციური ზრუნვისა თუ სხვა ალტერნატიული ზრუნვის ფორმებში
მათი განთავსების მაქსიმალურად შემცირება წარმოადგენს. აღნიშნული უმთავრესი მიზნის
მისაღწევად აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს წვდომა ეფექტურ სერვისებზე, მათ შორის
ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ბავშვის კეთილდღეობისათვის საჭირო სხვა მომსახურებებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომიტეტის შეფასება ბავშვების ინსტიტუციური ზრუნვის ფორმებთან
დაკავშირებით. აღნიშნულ ზოგად კომენტარში კომიტეტი მიუთითებს, რომ ინსტიტუციური ზრუნვა
გრძელვადიანად მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების
კუთხით. შესაბამისად, ნებისმიერი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა უნდა იყოს ოჯახურ გარემოსთან
მიახლოებული, რაც შეიძლება იყოს მინდობით აღზრდა და/ან გაშვილება.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ
მიიღო რეზოლუცია ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვასთან დაკავშირებით (Guidelinesfor the Alternative Care of Children). დოკუმენტი ადგენს ყველა ძირითად პრინციპს, რომელიც
უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ ბავშვის ოჯახურ გარემოში შენარჩუნებისა და ზრუნვის
ალტერნატიული ფორმების განსაზღვრისა და განვითარების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ
დოკუმენტი ერთმანეთისგან განასხვავებს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვასა და რეზიდენტულ
ზრუნვას, რომელიც მოიცავს ზრუნვის ყველა იმ ფორმას, რომელიც არ არის პირდაპირ დაკავშირებულ
ოჯახთან მიახლოებულ გარემოსთან. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, რეზიდენტული ზრუნვის
ფორმას წარმოადგენს გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოყოფილი ბავშვთა საერთო საცხოვრებლები,
ტრანზიტული ცენტრები და ყველა მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეზიდენტული ზრუნვის ფორმები,
მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის სახლები.
გაიდლაინი მოიცავს ძირითადი პრინციპების ჩამონათვალს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს მიერ, როდესაც საუბარია ბავშვის ალტერნატიული ზრუნვის ფორმების განვითარებაზე. კერძოდ, აღნიშნულ პრინციპებს შორის აუცილებელია რამდენიმე ფუნდამენტური საკითხის გამოყოფა, რომელიც ასევე რელევანტურია საქართველოს ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემის დღეს არსებული გამოწვევების საპასუხოდ:
- ყველა გადაწყვეტილება ალტერნატიულ ზრუნვასთან დაკავშირებით ისე უნდა იყოს მიღებული, რომ ბავშვი განთავსდეს მაქსიმალურად ახლოს მის საცხოვრებელ ადგილთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის უწყვეტი და მუდმივი კონტაქტი მშობლებთან, ასევე, საგანმანათლებლო და კულტურულ გარემოსთან;
- ალტერანტიული ზრუნვა უნდა მოიცავდეს სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას ბავშვისთვის და მისი ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას;
- ყოველთვის დაცული უნდა იყოს ბავშვის ღირსება. ასევე, ბავშვები ალტერნატიულ ზრუნვაში დაცულები უნდა იყვნენ ძალადობის, უგულებელყოფისა და ექსპლუატაციის ყველა ფორმისგან, როგორც უშუალო მზრუნველის, ისე თანატოლებისა თუ მესამე პირების მხრიდან;
- ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტილება უნდა იყოს და ის უნდა განიხილებოდეს როგორც დროებითი ღონისძიება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის გადაწყვეტილება მუდმივად უნდა გადაისინჯებოდეს და დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს მისი უკან დაბრუნება, როგორც კი გამოყვანის საფუძველი აღმოიფხვრება;
- არასაკმარისი ფინანსები და სიღარიბე ან სიღარიბით გამოწვეული შედეგები, არასოდეს უნდა იყოს გამოყენებული ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის საფუძვლად. ამის ნაცვლად უნდა ხდებოდეს ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება;
- და-ძმები არ უნდა დაშორდნენ ერთმანეთს თუ არ არსებობს ძალადობის აშკარა საფრთხე. იმ შემთხვევაშიც, თუ საჭირო გახდა ბავშვების სხვადასხვა ადგილას დროებით განთავსება, აუცილებელია ყველა შესაბამისი ზომის გატარება, რომ მოხდეს მათ შორის ურთიერთობის შენარჩუნება თუ ეს არ ეწინააღმდეგება მათ სურვილს;
- არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მეურვის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე. ალტერნატიული ზრუნვა არასოდეს უნდა განხორციელდეს მომსახურების მიმწოდებლის პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური მიზნების უზრუნველსაყოფად.
- რეზიდენტული ზრუნვა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც ასეთი გარემო არის ბავშვის ინეტერესების შესაბამისი და აუცილებელი მოცემულ დროის მოკლე მომენტში;
- მიუხედავად იმისა, რომ რეზიდენტული დაწესებულებები (მაგალითად, დიდი ზომის ბავშვთა სახლები და მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის სახლები) შეიძლება ზოგიერთ ადგილას ავსებენ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ სერვისებს, დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს ასეთი რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, კონკრეტული ამოცანებით, რომელის მიზანიც იქნება რეზიდენტული დაწესებულებების სრულად გაუქმება;
- სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ ბავშვზე
ზრუნვის სტანდარტები, რომელიც შესაბამისობაში იქნება ბავშვის განვითარების საჭიროებებთან.
ასეთი სტანდარტები უნდა არსებობდეს, როგორც ინდივიდუალური, ისე სადაც არსებობს, მცირე
საოჯახო ტიპის სახლებისათვის. ყველა ახალი სახლის გახსნა უნდა შეესაბამებოდეს დეინსტიტუციონალიზაციის
სტრატეგიასა და ამოცანებს.
2010 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის
სახელმძღვანელო პრინციპები გარდა ალტერნატიული ზრუნვის ფორმების მიწოდების ზემოაღნიშნული
პრინციპებისა, მოიცავს მნიშვნელოვან მითითებებს სახელმწიფოებისთვის ბავშვის ოჯახიდან
გამოყვანის პრევენციის მიმართულებით. პირველი ასეთი სტანდარტი საუბრობს ოჯახების გაძლიერებაზე,
ხოლო მეორე ბავშვის ოჯახში რეინტეგრაციაზე. სწორედ აღნიშნული მიმართულებით უნდა ხდებოდეს
სახელმწიფოს მხრიდან ძირითადად რესურსების გამოყოფა.
ოჯახების გაძლიერებაზე მიმართული მომსახურებების
განსაზღვრის დროს გაერო სამ მიმართულებას გამოყოფს, რომელიც უნდა განვითარდეს ყველა
სახელმწიფოში შესაბამისი პოლიტიკისა და მომსახურებების შემუშავების გზით. პირველი ასეთი
მიმართულება შეეხება ოჯახების შესაძლებლობების გაძლიერებას, რომელიც მოიცავს პოზიტიური
მშობლებისა და კონფლიქტების გადაჭრის გზების სწავლებას, დასაქმების ხელშეწყობას და
სადაც საჭიროა, ეფექტურ სოციალურ მხარდაჭერას. მეორე მიმართულება საუბრობს მხარდაჭერით
სოციალურ მომსახურებებზე, როგორიცაა დღის ცენტრების განვითარება, ძალადობის შედეგებზე
მუშაობა, ფინანსური დახმარებები და მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა
და მათი მშობლებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მომსახურებები სრულად უნდა იყოს
თემზე დაფუძნებული. და ბოლოს, ბავშვების გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებები, რომელიც
ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს გაუმკლავდნენ ყოველდღიურ სირთულეებს. ეს ღონისძიება
მოიცავს ასევე ბავშვების განათლებას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.
სახელმწიფოებისთვის სხვა არაერთ მნიშვნელოვან
სახელმძღვანელო მითითებების გარდა, გაეროს გენერალური ასამბლეის გაიდლაინები მოიცავს
დეტალურ აღწერას, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ალტერნატიული ზრუნვის
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საქართველოს კონტექსტში, რადგან დღეისათვის არაერთი არალიცენზირებული დაწესებულება
ფუნქციონირებს ქვეყანაში, სადაც ბავშვები 24 საათიან ზრუნვას იღებენ. გაიდლაინის მიხედვით
ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- კანონმდებლობა უნდა ადგენდეს, რომ ასეთი დაწესებულებები უნდა იყვნენ რეგისტრირებულები და მიღებული უნდა ჰქონდეთ ავტორიზაცია მსგავსი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;
- ყველა დაწესებულებას უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმით შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ნათლად იქნება განსაზღვრული მათი მუშაობის მიზანი და მეთოდები;
- ყველა დაწესებულებას უნდა ჰქონდეს თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ყველა თანამშრომლის როლი და ანგარიშგების ფორმები;
- დაფინანსების ფორმები არ უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვის საჭიროების შეუსაბამოდ დაწესებულებაში მოთავსება და ხანგრძლივი დაყოვნება;
- ადმინისტრაცია უნდა ახორციელებდეს ყოველდღიურ ჩანაწერებს, მათ შორის ინდივიდუალურ ბავშვზე, თანამშრომლის საქმიანობასა და ფინანსებზე;
- ჩანაწერები ბავშვების შესახებ უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მისი მიღებისა და დაწესებულების დატოვების შესახებ, ზრუნვის ფორმებსა და დეტალებს.
- მუდმივად უნდა ხდებოდეს თანამშრომლებისათვის უწყვეტი განათლების მიწოდება;
- თანამშრომლებს გავლილი უნდა ჰქონდეთ
გადამზადება რთული ქცევისა და კომფლიქტის მართვის ტექნიკების შესახებ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2019
წელს გამოქვეყნა ანგარიში ,,ბავშვის უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა“ (Promotionand protection of the rights of children), რომელიც კიდევ ერთხელ და მკაფიოდ საუბრობს ბავშვების
რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრების ბავშვის უფლებებთან შეუსაბამობაზე, ოჯახში ბავშვების
შენარჩუნების მნიშვნელობასა და ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან რეინტეგრაციაზე.
ევროკავშირისა
და ევროპის საბჭოს სტანდარტები ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებასთან დაკავშირებით
ალტერნატიულ ზრუნვასთან დაკავშირებით
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტები შეიძლება შემდეგნაირად შეფასდეს:
- ალტერნატიული ზრუნვა უნდა განიხილებოდეს
მხოლოდ როგორც დროებითი ღონისძიება;
- ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვას
ენიჭება ყოველთვის უპირატესობა რეზიდენტულ ზრუნვასთან შედარებით;
- ბავშვებს აქვთ უფლება ინფორმირებულები
იყვნენ და გამოხატონ საკუთარი შეხედულებები ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებასთან დაკავშირებით;
- ალტერნატიულ ზრუნვაში ბავშვის განთავსება
განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი კანონით, ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და აუცილებელი
უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- ალტერნატიულ ზრუნვაში ბავშვის განთავსების
გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ განსაზღვრულ პროცედურულ სტანდარტებს.
ბავშვების ოჯახურ გარემოში შენარჩუნებასთან
დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ შესაბამისმა
სახელმწიფო უწყებებმა, არის საქმის გადასინჯვის პერიოდულობა. მართალია, შესაძლებელია
კონკრეტულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ბავშვის საუკეთესო ინტერესთან
შესაბამისობის შემდეგ, ბავშვზე ზრუნვის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო უწყებებმა
საჭიროდ ჩათვალონ მისი დროებით გამოყვანა მშობლისგან/მშობლებისგან, თუმცა საქმე მუდმივად
და სისტემატურად უნდა გადაიხედებოდეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ
იმის გამო, რომ ბავშვების ბიოლოგიური მშობლისგან განცალკევების გადაწყვეტილება სახელმწიფო
უწყებებმა 12 წელიწადში მხოლოდ ორჯერ გადასინჯეს, დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის
დარღვევა. საქმე ეხება რუმინეთის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას B. v. Romania (Applicationno. 1285/03).
აღნიშნულ საქმეში განმცხადებელს ჰქონდა პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი და პოლიციის
მიერ არაერთხელ მოხდა მისი გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით.
ამ დროს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბავშვები მასთან უკვე აღარ ცხოვრობდნენ.
სხვა პროცედურულ დარღვევებთან, მნიშვნელოვანია ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის
მე-8 მუხლის დარღვევის მთავარი კრიტერიუმი. კერძოდ, სასამართლომ დარღვევად მიიჩნია
ის ფაქტი, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვების გადაყვანის
გადაწყვეტილება მხოლოდ ორჯერ გადაისინჯა 12 წელიწადის განმავლობაში და რაც მთავარია,
საქმეში არ დაფიქსირდა სოციალური მუშაკის რეგულარული კონტაქტი განმცხადებელთან მისი
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც
ბავშვზე ზრუნვის სისტემამ უნდა გაითვალისწინოს, არის ოჯახიდან გამოყვანილი ბავშვების
რეინტეგრაცია ბიოლოგიურ მშობლებთან. სწორედ
ამ საკითხზე საუბროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში K.A. v.
Finland (Applicationno. 27751/95).
სასამართლომ აღნიშნულ საქმეზეც დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის, რადგან სახელმწიფომ
არ განახორციელა საკმარისი ძალისხმევა ოჯახის გაერთიანების, ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან
კონტაქტის შენარჩუნებისა და მათი უკან დაბრუნებისთვის. კერძოდ, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია,
რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახების გაერთიანებას ბავშვის
საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მოცემულ საქმეში, სახელმწიფო ზღუდავდა ბავშვების
მშობლებთან კონტაქტს, რათა გაეძლიერებინა მათი კავშირი მიმღებ ოჯახთან და შეექმნა იქ
უფრო უსაფრთხო გარემო.
შეჯამება
ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და გაეროს
მარეგულირებელი დოკუმენტების ანალიზის შედეგად ექვსი ძირითადი პრინციპი შეიძლება გამოიყოს
ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებასთან დაკავშირებით:
- ალტერნატიული ზრუნვა წარმოადგენს დამცავ ღონისძიებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის უსაფრთხოება და ამავე დროს უნდა ხდებოდეს მუშაობა ოჯახში მისი დაბრუნების მიმართულებით. ის უნდა წარმოადგენდეს დროებით ღონისძიებას. ზოგჯერ ის შეიძლება იყოს დამცავი ღონისძიება ოჯახის გაერთიანებამდე, მაგალითად, როდესაც მიგრანტი ბავშვი დაშორებულია მშობლებს. სხვა შემთხვევაში ალტერნატიული ზრუნვა წარმოადგენს დამცავ ღონისძიებას და მიემართება ოჯახში არსებული პირობების გაუმჯობესებას. მაგალითად, მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ან შესაბამისი მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ოჯახის შესაძლებლობის გაზრდას, თავად იზრუნოს შვილების აღზრდაზე.
- საერთაშორისო სამართალი აღიარებს, რომ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვა (მაგალითად, მინდობით აღზრდა), წარმოადგენს ალტერნატიული ზრუნვის ყველაზე საუკეთესო გზას ბავშვის განვითარების და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული მიდგომა აღიარებულია ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციით (მუხლი 23 (5)). ამასთან, ზრუნვის სხვა ფორმები, როგორიცაა მაგალითად, რეზიდენტული ზრუნვა, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.
- ბავშვის უფლებაა ჰყავდეს ოფიციალური წარმომადგენელი ან მეურვე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინაპირობას მისი უსაფრთხოების დაცვისთვის. ბავშვის ოფიციალური წარმომადგენელი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე და უზრუნველყოფს მის საერთო კეთილდღეობას.
- ბავშვის შესახებ ყველა გადაწყვეტილების მიღების დროს დეტალურად უნდა შეფასდეს მისი საუკეთესო ინტერესი, განსაკუთრებით კი როდესაც ხდება მისი ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსება. აღნიშნული გულისხმობს ასევე ბავშვის სათანადო ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი აქტიური ჩართვის პროცედურების არსებობას და პრაქტიკაში მის აღსრულებას.
- ალტერანტიულ ზრუნვაში მოთავსებული ბავშვი სარგებლობს ყველა იმ სამოქალაქო და პოლიტიკური (პირადი ცხოვრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება, ძალადობისგან დაცვა და ა.შ.), ასევე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით (განათლების უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში და ა.შ.), როგორც ოჯახურ გარემოში მცხოვრები ბავშვი.
- სახელმწიფომ
უნდა შექმნას ყველა შესაბამისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა შესაბამისი
პროგრამები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ზრუნვაში მცხოვრები ბავშვის უფლებების
დაცვა.
მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.