№ 71776/12; 2.02.2016 

შედეგი: სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს მხირდან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვები არ იყვნენ სათანადოდ ჩართულნი სამართალწარმოებაში ეროვნულ დონეზე და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების  შეფასება;

ფაქტები: საქმეზე „ნ. წ. საქართველოს წინააღმდეგ“

  1. საქმის გარემოებების თანახმად, 2009 წლის ნოემბერში, დედის გარდაცვალების შემდეგ, სამი არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად გადავიდა დეიდასთან (მომჩივან ნ.წ.-თან) და დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან. აღნიშნულ პერიოდში ბავშვების მამა, გ.ბ., გადიოდა მკურნალობის კურსს ნარკოდამოკიდებულებაზე.
  2. 2010 წლის 5 იანვარს გ.ბ.-მ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილების დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლომ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით ბავშვების ინტერესების დასაცავად.
  3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი შვილები უნდა დაბრუნებულიყვნენ მამასთან. 2011 წლის 24 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვები უნდა დარჩენილიყვნენ დედის ოჯახში. აღნიშნული  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ამჯერად შეცვალა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვებს უნდა ეცხოვრათ მამასთან.
  4. უკანასკნელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა დედის ოჯახმა, რაც არ დაკმაყოფილდა.
  5. განსახილველ საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტო სამართალწარმოებაში ჩაერთო ფორმალურად, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპიდან „დაინტერესებული პირის“ სტატუსით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა რაიმე დებულებას „დაინტერესებული პირის“ სტატუსისა და მისი საპროცესო უფლებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლოსთვის გაურკვეველი იყო, რამდენად შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ, ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, მაშინ, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური სტატუსი.
  6. აგრეთვე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგა მხოლოდ რამდენიმე ანგარიში და მას არ ჰქონია ბავშვებთან რეგულარული და ხშირი კონტაქტი. აგრეთვე, საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვები არ იყვნენ სათანადოდ ჩართულნი სამართალწარმოებაში ეროვნულ დონეზე და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების სათანადო შეფასება.
  7. აღნიშნულის შემდგომ, არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართა ბავშვების დეიდამ სამი არასრულწლოვანი დისშვილის სახელით. სარჩელის მიხედვით მათ მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), ვინაიდან ბავშვები არ იყვნენ სათანადოდ ჩართული სამართალწარმოებაში,  ეროვნულმა სასამართლოებმა და სოციალურმა მუშაკებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს ბავშვების საუკეთესო ინტერესები და არ მიიღეს მხედველობაში მათი სურვილი, ეცხოვრათ დეიდის ოჯახთან ერთად.

სასამართლოს დასკვნა:

  1. მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მოსარჩელეების და მათი წარმომადგენლების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  მიერ წარდგენილი არგუმენტაციები და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. ამასთან სასამართლო გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს კონვენციის მე-12 მუხლზე, (ბავშვის პროცესში მონაწილეობის და მოსმენის შესახებ) როგორც აუცილებლად განსახორციელებელ ნორმა პრინციპზე.
  2. ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ბავშვის უფლებასთან მიმართებით - ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც არსებითად დაიცავს მის ინტერესებს - ხარვეზიანია და არ შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. 
  3. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ “დაინტერესებული მხარე” არსებითი უფლებების გარეშე ეფექტურად ვერ დაიცავს ბავშვების ინტერესებს მით უფრო მაშინ, როდესაც ბავშვებს არ მიეცათ ეროვნული სასამართლოების წინაშე წარდგენის უფლება. სასამართლო გამოთქვამს გაკვირვებას, თუ რატომ არ მიიჩნიეს ეროვნულმა სასამართლოებმა მიზანშეწონილად მოესმინათ უფროსი ბავშვისთვის მაინც სასამართლო პროცესზე.
  4. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოითხოვა წარმომადგენლის დანიშვნა ბიჭებისთვის, ევროპულ სასამართლოს ჰქონდა შენიშვნები იმ სპეციფიკურ როლთან დაკავშირებით, რომელიც შეასრულა წარმომადგენელმა ეროვნული სამართალწარმოებისას.
  5. გადაწყვეტილებაში საუბარია სააგენტოს ფორმალური ჩართულობაზე, კანონმდებლობის ხარვეზებსა და ბავშვებთან სააგენტოს ურთიერთობაზე, ბავშვთა წარმომადგენლობის ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სააგენტოს წარმომადგენლებს რამდენიმე ვიზიტი ჰქონდათ ბავშვებთან და რეგულარული კონტაქტი არ დამყარებულა, რაც საჭირო იყო ბიჭებზე დაკვირვებისა და ურთიერთნდობის ჩამოყალიბებისთვის.
  6. ამ კონტექსტში, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოს რეკომენდაციებზე, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპებზე ბავშვისთვის მეგობრული სასამართლო სისტემის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები ადგენს დამოუკიდებელი წარმომადგენლის დანიშნვნის აუცილებლობას ბავშვის შეხედულებების და ინტერესების წარმოდგენისა და სამართალწარმოების შინაარსის შესახებ ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
  7. ევროპულმა სასამართლომ ბავშვის პროცესში მონაწილეობის აუცილებლობაზე იმსჯელა და აღნიშნა:

„ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვის მონაწილეობასა და მოსმენის სავალდებულოობას განსაზღვრავს, გამოიყენა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2013 წლის 29 მაისის კომენტარი (CRC/C/GC/14), რომლის მიხედვით ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ამავე კომენტარში საუბარია განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთ შემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე-12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.

8. როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები, ბავშვის შეხედულებები;

სასამართლომ საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე მე-12 მუხლი განმარტა დეტალურად. მათ შორის:

  • ტერმინი -  „უზრუნველყოფენ”: მე-12 მუხლის პუნქტი 1-ის შესაბამისად სახელმწიფოები „უზრუნველყოფენ“ ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულებები.
  • „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“: ეს ფრაზა უნდა იქნეს გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება.
  • „უფლება, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი“: „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია თავისი შეხედულებები გამოხატოს ზეწოლის გარეშე და შეუძლია არჩევანი გააკეთოს – სურს თუ არა მას მოსმენის უფლების განხორციელება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს გაუმართლებელ ზემოქმედებას.
  • „ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“ : ეს წარმოადგენს მოცემული უფლების მეორე მახასიათებელს: ბავშვს აქვს უფლება, მოუსმინონ, თუკი განხილული საკითხი დაკავშირებულია ბავშვთან. ეს ძირითადი პირობა გათვალისწინებული და გააზრებული უნდა იქნეს ფართოდ.
  • „შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“: ეს დებულება ეხება ბავშვის უნარს, რომელიც უნდა შეფასდეს, რათა მის შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა მიენიჭოს, ან ბავშვისთვის მოხდეს იმის კომუნიკაცია, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი შეხედულებები პროცესის შედეგებზე.
  • „მოუსმინონ, ნებისმიერი სასამართლო და ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, რომელიც ეხება ბავშვს“: მე-12 მუხლის პუნქტი 2 აკონკრეტებს, რომ მოსმენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განსაკუთრებით „ნებისმიერ სასამართლო და ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, რომელიც ეხება ბავშვს“. უშუალოდ, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით“: კომიტეტის რეკომენდაციით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება უშუალოდ მას მოუსმინონ ნებისმიერი საქმის წარმოებისას. თუ ბავშვის მოსმენა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენელმა ბავშვის შეხედულებები სწორად გადასცეს გადაწყვეტილების მიმღებს.

ევროპული სასამართლო ამავე მუხლის ფარგლებში ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებებსაც და აკრიტიკებს ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მუშაობის სტანდარტებს:

ევროპული სასამართლოს შეფასებით, მომჩივანი უნდა ყოფილიყო ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, და იმ ხარისხით, რაც საკმარისია მისი ინტერესების საჭირო დონეზე დაცვის უზრუნველსაყოფად. მიმდინარე საქმეში სამი ბიჭიდან არცერთის უშუალო მოსმენა არ განხორციელებულა არც ერთ სასამართლო ინსტანციაში.
არაჯეროვანმა წარმომადგენლობამ და შედეგად, ბიჭების შეხედულებების არასათანადოდ მოსმენამ ეჭვქვეშ დააყენა ამ საქმეში გადაწყვეტილების მიღების პროცესის პროცედურული სამართლიანობა.
ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე საქმეზე წარმოების განახლების და საქართველოს შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის  საფუძველი გახდა.

 

გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე


მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.