თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის, 2019 წლის 21 მაისის და 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებები საქმეზე N 3/1897-18

შედეგი: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის, ბავშვის აზრის მოსმენის შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბავშვის ადვოკატებად PHR-ის იურისტების დანიშვნის შესახებ.

საქმის არსი: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან განმარტებებს აკეთებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის განმარტებასა და დასაბუთებასთან მიმართებით. კერძოდ, ის  აქცენტს აკეთებს ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ითვალისწინებდეს ბავშვის აზრის მოსმენის, მონაწილეობის კომპონენტს, რომელიც აუცილებლად უნდა განიმარტოს და დასაბუთდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით.

უზენაესის სასამართლომ მითითებულ საქმეში ხაზი გაუსვა ადმინისტრაციულო ორგანოს ვალდებულებაზე, რომელიც დისკრეციული უფლების გამოყენებისას არის აუცილებელი და  ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემის განვითარებაში. დღემდე, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესის უმნიშვნელოვანესი პრინციპის გამოყენება, ისე რომ არ ხდებოდა მისი ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად დასაბუთება.

აღნიშნული საქმის შედეგად მომავალში ბავშვზე ზრუნვის სისტემაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ დასაბუთების ეს სტანდარტი  იქნება ერთ-ერთი წინაპირობა ბავშვზე ზრუნვის ორგანოების მხრიდან ბავშვის უფლებების დარღვევის პრევენციის.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

,,მე მ.ტ.  ვარ. მე მყავს ჩემი ძმები, დები, დედა და მამა, პაპა და ბებო. ისინი ძალიან მიყვარს. მე ვარ ძალიან ბედნიერი. მაქვს ჩემი ლამაზი ოთახი და ბევრი სათამაშოები. მე არსად არ მინდა წასვლა ამ ოჯახიდან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი დები, კიდე ჩემი კლასელები, მასწავლებლები. მათ გარეშე მე ვერ ვიცხოვრებ. ძალიან გეხვეწები ანა დამეხმარე, რომ აქედან არ წამიყვანონ. ძალიან გთხოვ, იყავი ჩემი ადვოკატი. მე არ მინდა წასვლა“ – 2018 წლის იანვარში ასეთი წერილი შემოვიდა ორგანიზაციაში.

13 წლის მ.ტ, რომელიც მეშვიდე წელი მინდობით აღმზრდელ ოჯახში ცხოვრობდა და დაწყებული იყო მისი ნების საწინააღმდეგოდ, შესაბამისი ინფორმირებისა და მომზადების გარეშე გაშვილების პროცედურები, ითხოვდა ორგანიზაციისგან საადვოკატო მომსახურების მიღებას. მას შემდეგ რაც ორგანიზაციის იურისტებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი უთხრა მ.ტ-ს ინტერესების დაცვაზე საადვოკატო მომსახურების გაწევის გზით და აუკრძალა მასთან კომუნიკაცია, 2018 წლის 26 მარტს PHR-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, ერთის მხრივ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან მ.ტ-სთვის ადვოკატების კომუნიკაციის აკრძალვის მოხსნა და მეორეს მხრივ, ადვოკატებად ორგანიზაციის იურისტების დანიშვნა.

PHR სარჩელში უთითებდა სახელმწიფო მზრუნველობაში მცხოვრები ბავშვების განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაზე, როდესაც ისინი სრულად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი უფლებები, მიმართონ სასამართლოს, მონაწილეობა მიიღონ მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუკი მიიჩნევენ, რომ მათ უფლებებს არღვევს თავად სახელმწიფო, რომელიც მათი კანონიერი წარმომადგენელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სახით.

PHR სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და სასამართლოსთან ოფიციალური კომუნიკაციის დროს აქცენტს აკეთებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-16 მუხლზე, რომელიც ბავშვს უფლებას აძლევს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით იყოლიოს ადვოკატი და აწარმოოს პირადი მიმოწერა. მნიშვნელოვანია, რომ საქმისწარმოების ყველა ეტაპზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებები არასოდეს ყოფილა დასაბუთებული და არ ითვალისწინებდა ინდივიდუალური საქმის გარემოებებს.

სარჩელში ასევე მითითებული იყო 2018 წელს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე,  სადაც პირდაპირი მითითებაა ასაკით ნიშნით ირიბ დისკრიმინაციაზე, როდესაც 14 წლამდე არასრულწლოვანი ჩამოშორებული იყო სამართალწარმოებას და არ შეეძლო აერჩია წარმომადგენელი ანუ 14 წლამდე ბავშვები, რომელთაც სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არა ჰქონდათ, შეიძლება დარჩენილიყვნენ მართლმსაჯულების გარეშე. ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, მაგალითად, როდესაც ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობაში იყო და მისი უფლებების დარღვევა სწორედ სახელმწიფოსგან მომდინარეობდა

სასამართლოს მსჯელობა

2019 წლის თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ: დავის გადაწყვეტამდე ბათილად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების გადაწყვეტილება PHR-ის იურისტებისათვის არასრულწლოვან მ.ტ-სთან კომუნიკაციის შეზღუდვასა და ადვოკატად დანიშვნაზე და დაავალა სააგენტოს, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააგენტოსთვის საქმის საფუძვლიანი შესწავლის დავალდებულების თაობაზე ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ სააგენტოს საქმისწარმოების მასალები არ ეფუძნებოდა ფაქტების დეტალურ შესწავლას, არ იყო ის დასაბუთებული, არ იყო გამოკვლეული ბავშვის აზრი და პოზიცია, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, საქმის ყოველმხრივი შესწავლით მიეღო გადაწყვეტილება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, არ ჰქონდა არგუმენტი იმაზე, რომ კანონით განსაზღვრულია მხარეთა უფლება, იყოლიონ ადვოკატი იურიდიული მომსახურების მისაღებად, რაც სათანადოდ არ ყოფილა შეფასებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარში. 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2019 წლის ივლისში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და თავისი მოთხოვნა კვლავ დააყრდნო სააპელაციო საჩივარში მოყვანილ გარემოებებს. 2021 წლის 22 თებერვალის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია თავიდან შეისწავლოს არასრულწლოვან მ.ტ-სთვის დამოუკიდებელი ადვოკატის მომსახურების მიღებაზე  უარის თქმის საფუძვლები და დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებით.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით ,,არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის მის ცხოვრებაში რეალიზებას, რაც თავის მხრივ საჭიროებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ დასაბუთებას“.

გადაწყვეტილების დასაბუთებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტების აუცილებლობაზე საუბრისას უზენაესი სასამართლო ასევე უთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების დასაბუთებას, რა ფაქტობრივმა გარემოებებმა მოახდინა გავლენა მის გადაწყვეტილებაზე. სამწუხაროდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში არ შეიცავდა მსგავს დასაბუთებას ბავშვის საუკეთესო ინტერესზე აპელირების დროს:

,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ გამოცემის საფუძველზე მითითებას, არამედ სარწმუნოდ უნდა ასაბუთებდეს აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. დასაბუთებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე“.

იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება საკუთარი გადაწყვეტილების ბავშვის საუკეთესო ინტერესზე დაყრდნობით მიღებასთან დაკავშირებით, არ შეიცავს უზენაესი სასამართლოს მიერ სავალდებულოდ მითითებულ დასაბუთების ნაწილს, მან მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს - „ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ მოისმინა ბავშვის აზრი, როდესაც უარი უთხრა ადვოკატის ბავშვისთვის მომსახურების მიღებაზე.

უზენაესმა სასამართლომ დასაბუთებისას გამოიყენა ბავშვის უფლებათა კონვენციის კომენტარები საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის სტანდარტებთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სწორედ ეს მიდგომა უნდა გამოეყენებინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვანი მ.ტ-ს გაშვილების პროცედურების წარმოების დროს, მოეხდინა მისი სათანადო ინფორმირება ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად და მოესმინა მისთვის. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტია ბავშვის საუკეთესო ინტერესის ინტერპრეტაციისთვის. სამწუხაროდ, სააგენტომ არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნები და არც იმის შესაძლებლობა მისცა ბავშვს, სასამართლოს გზით დაეცვა მისი საპროცესო უფლებები.


სასამართლო გადაწყვეტილებების გადმოსაწერად დააჭირეთ აქ.

სამართლებრივი მხარდაჭერა განხორციცელდა USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.

მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.