ბავშვების მიმართ სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით. იქედან გამომდინარე, რომ დისკრიმინაციული დამოკიდებულება მყარად არის ფესვგადგმული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში - სკოლა, დასაქმების ადგილი, ოჯახი - მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს პროაქტიული მოქმედებები ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. დღემდე ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით თუ კონსტიტუციური შესწორებებით, არაერთმა ქვეყანამ განახორციელა კონკრეტული ღონისძიებები იმისათვის, რომ ბავშვებმა ისარგებლონ საკუთარი უფლებებით უფროსების თანასწორად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ავსტრალიის მაგალითი, რომელმაც მიიღო ყოვლისმომცველი ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის აქტი 2004 წელს. მიუხედავად იმისა, რომ აქტით აღიარებულია განსხვავებული მოპყრობა ბავშვების მიმართ კონკრეტულ შემთხვევებში, ის ასევე ბევრ გარანტიას ქმნის ბავშვების მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ქვემოთ მოყვანილი ავსტრალიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობის ანალიზი წარმოადგენს ილუსტრაციას ეროვნულ კანონმდებლობაში ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ საკანონმდელო გარანტიების შექმნის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ შემთხვევებში სადაო საკანონდებლო ჩანაწერებისა, აღნიშნული ჩანაწერები მნიშვნელოვანია, რადგან ის აღიარებს ბავშვების მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას.

ავსტრალია

ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის 2004 [1] წლის აქტი ზოგადად კრძალავს ასაკის ნიშნით პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას დასაქმების, განათლების, საჯარო სივრცეებზე წვდომის, მომსახურებების მიღებისა და სხვა მიმართულებებით. აქტით აკრძალულია დისკრიმინაცია შემდეგ სფეროებში:

  • დასაქმება: ასაკით ნიშნით დისკრიმინაცია მიემართება გრძელვადიან დამსაქმებლებსა (კომპანიები, პარტნიორობები და ა.შ.) და ასევე სხვადასხვა მოკლევადიან შრომით ურთიერთობებს (კონტრაქტები, სააგენტოები და  ა.შ.). ის ფარავს დასაქმების სრულ პროცესს სამსახურის შეთავაზებიდან და კონტრაქტის შეწყვეტით დამთავრებული, ასევე სამუშაო პირობებს, დაწინაურებასა და სხვადასხვა უწყებებში გადაყვანას, ტრენინგებსა და სარგებელის მიღებას. აღსანიშნავია, რომ არსებობს საკამათო გამონაკლისი ე.წ. „ახალგაზრდების ხელფასთან“ დაკავშირებით, რომელიც საშუალებას იძლევა 21 წლამდე ასაკის თანამშრომელს უფრო ნაკლები ხელფასი გადაუხადოს დამსაქმებელმა.
  • განათლება: აქტი კრძალავს დისკრიმინაციას საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვის პროცესში, ასევე დისციპლინური წარმოებისა და ინსტიტუციური შეღავათების მიღების დროს.
  • წვდომა: თუ შენობა ან სივრცე ღიაა საზოგადოებისთვის ან მისი გარკვეული ნაწილი, არავის შეიძლება ეთქვას უარი წვდომა ჰქონდეს ამ სივრცეზე ან შენობაზე ასაკის გამო.
  • საქონელი/მომსახურებები/მოწყობილობები: აკრძალულია ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია საქონელის, მომსახურებების/მოწყობილობების მიწოდების დროს.
  • საცხოვრებელი: საცხოვრებელი და კომერციული ფართის მესაკუთრეებს არა აქვთ მოიჯარეების მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის განხორციელების უფლება.
  • მიწა: ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია მიწის გაყიდვისა და გადაცემის დროს.

გამონაკლისები

მიუხედავად იმისა, რომ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია გამოიყენება უმეტეს სფეროებში, აქტი ითვალისწინებს რამდენიმე გამონაკლისს, როდესაც ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა დაშვებულია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაცია - როდესაც კანონი ან პროგრამა ითვალისწინებს ასაკის ნიშნით გარკვეული სარგებლისა და უპირატესობის მიღების შესაძლებლობას - აქტით დაშვებულია. არსებობს კიდევ სხვა გამონაკლისებიც დაზღვევის, ჯანმრთელობის დაცვის, პენსიის და სხვა საპენსიო შეღავათების მიღების მიმართულებით, ასევე დასაქმების, იმიგრაციისა და მოქალაქეობის მიღების საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ბავშვებისათვის ყველაზე აქტუალურია ის გამონაკლისი, რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლებს უფრო დაბალი ,,ახალგაზრდული ხელფასი“ გადაუხადოს 21 წლამდე თანამშრომელს.

ახალგაზრდების ხელფასი

აქტის 25-ე სექცია დამსაქმებლებს უფლებას აძლევს 21 წლამდე პირებს გადაუხადონ უფრო ნაკლები ანაზღაურება ვიდრე სხვა ასაკის ადამიანს უხდიან იგივე მოცულობის სამუშაოში. ოფიციალურად ავსტრალიის მთავრობა ჩანაწერს ახალგაზრდების ხელფასთან დაკავშირებით განიხილავს როგორც სტიმულს კომპანიებისათვის, მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა დაასაქმონ და ამით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას კარიერულ წინსვლაში, რომელიც დამსაქმებლებისათვის დაწესებული მსგავსი შეღავათის გარეშე, არ ექნებოდათ. თუმცა, ასაკობრივი დისკრიმინაციის შესახებ კანონის მიღების პროცესში მომზადებული ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ ახალგაზრდების ხელფასის გაზრდა ზრდასრულების მსგავსად, გაზრდის ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელს. შესაბამისად, არსებობს კრიტიკა აღნიშნული ჩანაწერის შესახებ თავად ქვეყნის შიგნით.

ზედამხედველობა

ადამიანის უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების კომისია (The Human Rights and Equal Opportunities Commission - HREOC) პასუხისმგებელია, რომ უზრუნველყოს კანონის სწორი განმარტება და განახორციელოს მონიტორინგი კანონის ნორმების პრაქტიკაში აღსრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აქტით განსაზღვრულია, რომ აღნიშნულმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები ასაკობრივი დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, შექმნას საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამები, შეაფასოს მომავალი საკანონმდებლო წინადადებები აღნიშნულ აქტთან შესაბამისობის კუთხით და გაატაროს ყველა სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მნიშვნელოვანია, კომისიის კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს მის ჩართვას სასამართლო განხილვებში, რომელიც დაკავშირებულია ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ დავებთან.

საჩივრები

პირს, რომელიც თავს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლად თვლის შეუძლია წერილობითი საჩივრით მიმართოს ავსტრალიის ადამიანის უფლებათა კომისიას. კომისია თავად სთავაზობს დახმარებას ნებისმიერ პირს, ვინც დაინტერესდება საჩივრის შეტანით. თუმცა, თავად საჩივრის ფორმაც ისეა შედგენილი, რომ მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისთვის. საჩივრის შეტანის შემდეგ კომისია შეისწავლის საჩივარს და დაიწყებს თანამშრომლობას ყველა მხარესთან მედიაციის ფორმატის გამოყენებით, რომ მოძებნილი იყოს ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. თუ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა, საქმე შესაძლებელია განხილული იყოს ფედერალურ სასამართლოში.

ფინეთი

ფინეთის კონსტიტუცია მოიცავს სპეციალურ ჩანაწერს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც კონკრეტულად უთითებს ბავშვებზე. კონსტიტუციის მეექვსე მუხლი აწესებს, რომ არავინ, კანონით განსაზღვრული მისაღები მიზეზის გარეშე, უნდა დაექვემდებაროს განსხვავებულ მოპყრობას ასაკის ნიშნით და რომ ბავშვებს უნდა მოეპყრონ თანაბრად და როგორც უფლების მატარებელ სუბიექტს და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ მათთან დაკავშირებულ საკითხებზე მათი ასაკის შესაბამისად.

გერმანია

გერმანიის ფედერალურმა მიწებმა მიიღეს კანონმდებლობა სამშენებლო სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და პატარა ბავშვებისათვის, რომელიც მოიცავს ყოველგვარი ბარიერებისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას პატარა ბავშვებისათვის.

ნიდერლანდები

ნიდერლანდების კანონმდებლობა ასაკით ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ბავშვებისათვის აწესებს დასაქმების სფეროში. 2003 წელს მიღებული კანონი ქმნის გარანტიას ასაკის მიუხედავად თანაბარი მოპყრობის შესახებ დასაქმების ადგილზე და პროფესიული გადამზადების სფეროში [2]. ასაკის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში კანონმდებლობით უზრუნველყოფილია საჩივრის შეტანის უფლება ნიდერლანდების თანასწორი მოპყრობის კომისიაში.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის ადამიანის უფლებების აქტი კრძალავს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას 16 წლისა და მეტი ასაკის პირების მიმართ დასაქმების ადგილზე, საჯარო სივრცეებზე წვდომისა და გამოყენების მიმართულებით, საქონლის, მომსახურებებისა და მოწყობილობების მიწოდების პროცესში, ასევე საცხოვრებელ ადგილზე. არსებობს გარკვეული გამონაკლისები, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევის, კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების, კლუბებისა და ორგანიზაციების წევრობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა აქტი თავდაპირველად უშვებდა ახალგაზრდებისათვის განსხვავებული ხელფასის დაწესებას, აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი გაუქმდა და დღეისათვის აკრძალულია ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ახალგაზრდების მიმართ მინიმალური ხელფასის შესახებ 2008 წლის საკანონდებლო ცვლილებების მიხედვით [3].

ევროკავშირი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასმართლოს რეგულაციებისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია [4].

ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის 21-ე მუხლი ცალსახად აღნიშნავს, რომ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია. 24-ე მუხლი ბავშვის უფლებებს განიხილავს დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს შორის. ევროკავშირის დღევანდელი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიხედვით, ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა უფრო ლიმიტირებული დაცვით სარგებლობს ვიდრე დისკრიმინაცია რასის, ეთნიკური კუთვნილებისა და სქესის ნიშნებით. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაცულია დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის ჭრილში, ისევე როგორც სექსუალური ორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობა და რელიგიური კუთვნილება.

ევროპის საბჭოს კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი და კონვენციის მე-12 პროტოკოლის მუხლი 1 ცალსახად არ უთითებენ ასაკზე, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაცია აკრძალულია. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ზოგჯერ დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სხვადასხვა უფლებებთან და ამგვარად სასამართლომ გაანალიზა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია „სხვა სტატუსის“ ჭრილში. მაგალითად, საქმეებში D.G. v. Ireland [5] და Bouamar v. Belgium[6] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსხვავებული მოპყრობა არსებობს ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის მართლმსაჯულების სისტემაში დაკავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განსხვავება სასამართლოს შეფასებით გამომდინარეობს ზრდასრულების დაკავების სადამსჯელო მიზნიდან, მაშინ როცა ბავშვების შემთხვევაში დაკავება პრევენციულ მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო „ასაკი“ როგორც დისკრიმინაციის შესაძლო ნიშანი.

 

მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. 

[2] Equal Treatment in Employment (Age Discrimination Act)

[3] სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის მიმოხილვა ეყრნობა Child Rights International Network - ის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტს “Discrimination: Global Report on Laws Protecting Children from Age”

[4] Handbook on European law relating to the rights of the child, European Union Agency for Fundamental Rights and Council of Europe, 2015

[5] ECtHR, D.G. v. Ireland, No. 39474/98, 16 May 2002

[6] ECtHR, Bouamar v. Belgium, No. 9106/80, 29 February 1988