ჯანდაცვის სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ Covid-19 პანდემიის პირობებში, ბავშვები ითვლებიან შედარებით დაცულ ჯგუფებად ინფიცირების შემთხვევაში. თუმცა უნდა ითქვას რომ პანდემია და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები ხანგრძლივად დამაზიანებელ გავლენას სწორედ რომ ბავშვებზე ახდენს, რის გამოც მათი დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს განსაკუთრებით დღეს. ზიანი განსხვავებულია, ის უკავშირდება ბავშვების განათლებას, მათ ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობას, ოჯახების ერთობას, შრომით უფლებებს, ბავშვთა ქორწინების ზრდას, ბავშვთა მიმართ ძალადობის და ექსპლუატაციის პრობლემის კიდევ უფრო გამწვავებას და სხვა. განსაკუთრებით სტრესულია ბავშვთა მდგომარეობა საკარანტინო ზონებში, სადაც იგნორირებულია არასრულწლოვნების სპეციალური საჭიროებები. ასევე ქვეყანებში არსებული დიდი ზომის ბავშვთა სახლები და პენიტენციური დაწესებულებები სადაც ბავშვები არიან მომეტებულ რისკს ქმნიან.   

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც განგაშის სიგნალს იძლევა  და ქვეყნებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს [1]. კომიტეტი მოუწოდებს ქვეყნებს პრიორიტეტულად იზრუნონ ბავშვების ისეთ საბაზისო უფლებების განუხრელ დაცვაზე, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება, ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება, ძალადობისგან დაცვა და სხვა. კრიზისმა არ უნდა შეაფერხოს ბავშვთა უფლებების კონვენციის აღსრულება ქვეყნებში. ხოლო პოლიტიკა პირველ რიგში უნდა იქმნებოდეს ბავშვთა უფლებების და საჭიროებების დაცვის პრიმატით.

ბავშვებს უნდა ჰქონოდათ შეუზღუდავი წვდომა არსებულ სერვისებზე, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს ადვილად დაძლიონ კრიზისი და გაუმკლავდნენ იზოლაციით გამოწვეულ შფოთვას. ამ თვალსაზრისით რეკომენდებულია პენიტენციურ დაწესებულებები მყოფი ბავშვების ბედი, მათ უნდა შეეძლოთ ოჯახებთან ყოფნა პანდემიის დროს და რაც მთავარია, სახელმწიფოებმა უნდა მოუსმინონ ბავშვებს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის გადაწყვეტილებების მიღებამდე და გაითვალისწინონ მათი შეხედულებები.

საქართველოში პანდემიის მართვის და პრევენციული ზომების მიღების დროს ბავშვთა საჭიროებები მნიშვნელოვნად იყო იგნორირებული. რაც უამრავი მიმართულებით გამოვლინდა. ჯანდაცვის, განათლების თუ სოციალური დაცვის პოლიტიკა ნეიტრალურია, რაც პრობლემურია, რადგან ზომები, რომელიც სახელმწიფოში მიიღება შეიძლება გამოსადეგი ან ატანადი იყოს სრულწლოვანი ადამიანისთვის, მაგრამ ზიანის მომტანი ბავშვისთვის.

შევეხები რამდენიმე საკითხს, რომელიც შესამჩნევად პრობლემურია საქართველოში განსაკუთრებით პანდემიის დაწყებიდან დღემდე:

ბავშვთა სიღარიბე

გლობალური კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები მინიმუმ ოჯერ მეტი რისკის წინაშე არიან ცხოვრობდნენ სიღარიბეში ვიდრე ზრდასრულები. [2] 663 მილიონამდე ბავშვი მსოფლიოში ცხოვრობს ოჯახებში, სადაც არ აქვთ საბაზისო საჭიროებები საკვები, ტანსაცმელი, სუფთა წყალი და სხვა.

საქართველოში, უკანასკნელი კვლევის თანახმად, ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე სხვა ჯგუფები. ყველა მე-5 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეშია და შიმშილობს. ქვეყანას კი ჯერაც არ გააჩნია ყოვლისმომცველი, ბავშვებისადმი მგრძნობიარე სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც დაეხმარება ოჯახებს მოულოდნელი დარტყმების დაძლევაში. ბევრი დაუცველი ოჯახი სერვისების მიღმაა დარჩენილი. პირველ რიგში, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან.[3] დაბალი შემოსავლები და შიმშილი პირდაპირ უკავშირდება ოჯახებში ქრონიკული დაავადებების მატებას, ხოლო დასუსტებულ ბავშვებში თავის მხრივ იზრდება COVID-19-ით მძიმე ავადობის რისკები.

უკიდურესი სოციალური რეალობის ფონზე კი სახელმწიფო ოჯახების და ბავშვების ერთჯერადი  (200 ლარი თითო ბავშვზე, კომუნალური გადასახადების სუფსიდია რამდენიმე თვის განმავლობაში) დახმარებით შემოიფარგლა. რაც ცხადია არასაკმარისი მხარდაჭერაა განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. 

გოგონათა იძულებითი ქორწინება

პანდემიის გამო კიდევ უფრო გაღარიბებულ ოჯახებში იზრდება ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის და გოგო ბავშვების იძულებითი ქორწინების პრობლემაც.  ცნობილია, რომ ბავშვთა შრომა იზრდება ეკონომიკური კრიზისის პირობებში და განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფოების პოლიტიკა არ არის ბავშვებზე და ოჯახების გაძლიერებაზე ორიენტირებული. მსოფლიოში ყოველწლიურად 12 მილიონი ბავშვი ქორწინდება 18 წლამდე. ბავშვთა შრომის მსგავსად, ბავშვთა იძულებითი ქორწინებებიც არსებითად უკავშირდება ფინანსურ კრიზისებს. ხშირად ბავშვთა ქორწინება დაკავშირებულია ფინანსური მოგებასთან ოჯახებისთვის და ეს პრაქტიკა განსაკუთრებით მოტივირებულია კრიზისის დროს.

საქართველო არ არის გამონაკლისი გოგო ბავშვების იძულებითი ქორწინების დამაზიანებელი პრაქტიკის თვალსაზრისით. პანდემიამდე პერიოდში, ბავშვთა ქორწინება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. იზოლაციის და ფინანსური კრიზისის დროს კი ლოგიკურია ამ პრობლემის მატება, თუმცა აქაც ისევე, როგორც ოჯახში ძალადობის დროს, ბავშვები უფრო მეტად დაუცველები აღმოჩნდნენ, მათ ხმას ვეღარავინ ისმენს და არც სახელმწიფოს აქვს კრიზისული სიტუაციების მართვის პოლიტიკაში ეს საკითხი ინტეგრირებული. მათი პასუხი აქაც ჩვეულია, „შეტყობინებები არ გაზრდილა“.

განათლების უფლება

განათლება და საგანმანათლებლო სივრცე ბავშვისთვის არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების ადგილია, არამედ ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა. პანდემიის პირველ და ახლა უკვე მეორე ეტაპზე სკოლების დაკეტვამ და ბავშვების სახლებში იზოლაციამ მნიშნელოვანად ნეგატიური გავლენა იქონია ბავშვთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. თუმცა აქაც არაერთგვაროვანია ზიანი. სკოლების დაკეტვამ არაპროპორციულად დააზიანა ბავშვები, რომელებსაც ისადაც ჰქონდათ ბარიერები ფორმალური განათლების სივრცეში. ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ბავშვები დისფუნქციური ოჯახებიდან სადაც ძალადობრივი გარემოა, ღარიბი ბავშვები და სხვა. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ონლაინ სწავლებას დაუკავშირდა სახელწმიფოს მხრიდან ასევე გამოუსადეგარი აღმოჩნდა ათასობით ბავშვისთვის. მაგალითად სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ოჯახები ვერ უზრუნველყოფენ შვილების ონლაინ სწავლებაში ჩართვას მათ შორის კომპიუტერების და ინტერნეტის არ არსებობის გამო. ხოლო ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური საჭიროება, ონლაინ სივრცე მიუწვდომელი, გამოუსადეგარი აღმოჩნდა მათ განსხვავებული საჭიროებების გამო.

აღნიშნული გამოწვევის შესახებ პანდემიის პირველივე ეტაპზე იყო ცნობილი სახელწიფოსთვის, თუმცა განათლების პოლიტიკა არც პანდემიის მეორე ეტაპზე შეცვლილა. რამაც ბავშვების სოციალური გარიყულობა გაზარდა და განათლების გარეშე დატოვა ათასობით ბავშვი საქართველოში.

ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა ბავშვების მიმართ პანდემიის დროს დაწყებული პრობლემა არ არის თუმცა იზოლაცია და სოციალური-ეკონომიკური კრიზისი ძალადობრივი ურთიერთობების ხელშემწყობია, რამაც კიდევ უფრო გაართულა იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც მანამდეც იზრდებოდნენ არაკეთილსაიმედო გარემოში. გაზრდილი ოჯახური სტრესები, რომელიც გამოწვეულია პანდემიის დროს სამსახურის დაკარგვით, შემოსავლების საგრძნობი შემცირებით თუ ჯანმრთელობის პრობლემების მატებით კიდევ უფრო ხელშემწყობი აღმოჩნდა ძალადობრივი ურთიერთობების ზრდისთვის, როგორც მშობლებს შორის, ისე ბავშვების მიმართ ოჯახებში.

სკოლების დაკეტვამ და ბავშვების იზოლაციამ კი ხელი შეუწყო ძალადობრივი შემთხვევების შეტყობინების კლებას, რადგან ძირითად შემთხვევაში, და განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი განიცდის ძალადობას ოჯახის წევრების მხრიდან, მისი დამხმარე არის მასწავლებელი ან სხვა გარეშე პირი რომელსაც ხვდება ოჯახის გარეთ. იზოლაციამ კი უფრო დაუცველი გახადა ბავშვი და ქალი.

ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე, გაეროს სპეციალური მომხსენებელმა მოუწოდა ქვეყნებს[4]  მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა პანდემიამ გააორმაგა ძალადობის რისკი ქალებისთვის და ბავშვებისთვის. აღნიშნულ პრობლემაზე საქართველოს სახელმწიფოს პასუხი კი პრობლემის უარყოფა აღმოჩნდა არგუმენტაციით, რომ ოფიციალური შეტყობინებების ზრდა პანდემიის პერიოდში არ მომხდარა. აღნიშნული მიდგომა პრობლემიდან გაქცევაა, რაც ძალადობრივ გარემოში ტოვებს ბავშვებს და ქალებს.

საკარანტინე პირობები და გარემო 

გასაკუთრებით ხილულია ბავშვთა ინტერესების იგნორირება, COVID-19 პრევენციის პოლიტიკის შემუშავების დროს ქვეყანაში. არსებული სამართლებრივი რეგულაციები ბავშვზე მორგებული არ აღმოჩნდა, რის გამოც ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა დამატებითი  ტრავმირება განიცადეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყანაში შემოსვლის დროს საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეების გადაყვანის პროცესი. საკარანტინე ზონების ერთგვაროვანმა მოწესრიგებამ და ბავშვთა საჭიროებების გაუთვალისწინებლობამ წარმოშვა არაერთი დავა სახელმწიფოსთან მიმართებაში. ბავშვებს უწევდათ კვირების გატარება იზოლირებულ, მათთვის უცნობ გარემოში, რაც ზრდიდა პანდემიით გამოწვეული დაბნეულობის და სრესის დონეს ბავშვებში. აღნიშნული მიდგომა გასაკუთრებით არაპროპორციულად აზიანებს ბავშვებს, რომლებიც არიან მზრუნველების გარეშე დარჩენილები და ბავშვები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი არიან. მათ ესაჭიროებათ ადაპტირებული, მათთვის ნაცნობი გარემო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თერაპიული მომსახურებები.

კონკრეტული ბავშვების გადასარჩენად და მათ ადეკვატურ გარემოში გადასაყვანად სამოქალაქო სექტორს სასამართლოში დავა მოუწია. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, ბავშვების მიმართ უსამართლობის მხილების და მათი დახმარების მიზნით არაერთი სასამართლო დავა აწარმოა[5], რომლებიც წარმატებით დასრულდა, თუმცა არც ეს აღმოჩნდა სახელწმიფოსთვის საკმარისი საფუძველი, განსაკუთრებული სიფრთხილით მოკიდებოდა პანდემიის მართვის და პრევენციის დროს ბავშვთა სპეციალურ საჭიროებებს. დღეს არსებული რეგულაციები ისევ არ ითვალისწინებს ბავშვების და მათი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს სრულყოფილად.

დასასრულს

პანდემია ამავდროულად საუკეთესო ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პანდემიის კრიზისმა ამხილა ქვეყნების სუსტი პოლიტიკა ბავშვთა ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლების თუ ძალადობისაგან დაცვის მიმართულებით. ჩვენ ქვეყანაში არცერთი ხსენებული პრობლემის პირველადი წყარო პანდემია არ არის, თუმცა უსუსური სისტემის პირობებში კრიზისმა არსებითად, სწორედ ბავშვები, ქალები და მათი ოჯახები დააზიანა. 

პანდემიის პროცესში აუცილებელია დავინახოთ საჭიროებები უკეთ, მაგალითად ფორმალური განათლების მნიშვნელობა, რომელიც მხოლოდ სწავლება კი არა ბავშვთა კეთილდღეობისთვის არსებითია; ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობა, რომელიც არჩევანი კი არა აუცილებლობაა არასრულწლოვანებისთვის; სოციალური კეთილდღეობის და ჯანდაცვის სისტემების განსაკუთრებული სიძლიერის აუცილებლობა და სხვა. ამ კუთხით შესაძლებელია მიმდინარე კრიზისი ბავშვებისთვის სისტემური გაჯანსაღების საფუძვლად გადავაქციოთ.

და ბოლოს, პოლიტიკის შემქმნელებს, COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე მუშაობა არ არის საკმარისი ქმედება, აუცილებელია ვიმოქმედოთ ბავშვების ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებისთვის და სწორედ ამ პრინციპის უპირატესი გათვალისწინებით მივიღოთ გადაწყვეტილებები დღეს.

ბლოგის ავტორი: ანა აბაშიძე

_________________________