COVID-19-ის პანდემიამ ბავშვებზე და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობაზე სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია და გლობალური პანდემიის პირობებში ეს პროცესი დღემდე გრძელდება. შექმნილმა კრიზისმა კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით საქართველოში მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმების გატარების, დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფისა და სხვადასხვა სერვისების განვითარების აუცილებლობა.

პანდემიის მიმდინარეობის დღიდან დღემდე საქართველოში უკიდურესად გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის უგულებლყოფის რისკები, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გატარებული საპასუხო ღონისძიებები არ იყო ეფექტური. ამასთან, იზოლაციის პირობებში საფრთხის ქვეშ დადგა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში პრობლემად რჩება წვდომა ბავშვზე ორიენტირებულ სათანადო სარეაბილიტაციო სერვისებზე და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით[1].

ბავშვთა მიმართ ძალადობის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სარეაბილიტაციო სერვისებზე წვდომის გართულების პარალელურად, პანდემიამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნა ხარისხიან განათლებაზე წვდომასთან დაკავშირებით და სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩნია განათლების მიღების პროცესში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით. კერძოდ, დისტანციური სწავლების პროცესი დაკავშირებული იყო ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა ბავშვების ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, მრავალშვილიანი, სიღარიბეში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა და სათანადო ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში. ამის პარალელურად, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები იყო ძალიან ზოგადი, ფრანგმენტული და არ ითვალისწინება სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების საჭიროებებს [2].

აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ზემოაღნიშნული პრობლემები მსოფლსიოს თითქმის ყველა ქვეყნის წინაშე დადგა პანდემიის მიმდინარეობის დროს. თუმცა, განსხვავება საქართველოსა და სხვა ქვეყნის გამოცდილებებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნების დიდ ნაწილში საწყის ეტაპზევე მოხდა ბავშვების უფლებების დაცვის პრიორიტეტად ქცევა და მთელი რიგი ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყოფა იმ უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც COVID-19-ის პანდემიამ წარმოშვა ბავშვების ყოველდღიურ ცხორებაში.

გლობალური პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე გარკვეული პოზიტიური გამოცდილებები დაგროვდა სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც ქვეყნების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ბავშვის უფლებების თემაზე ევროპის საბჭოს მმართველომა კომიტეტმა (CDENF) შეკრიბა და ანგარიშის სახით გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიმოიხილავს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და მიდგომებს, მათ შორის საუკეთესო პრაქტიკებს COVID-19-ის პანდემიის პიროებებშისახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით [3]. კვლევის დროს შეფასდა ხუთი ძირითადი მიმართულება ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში, რომელთა შორის განსაკუთრებით აქტუალური საქართველოს რეალობისთვის სამი მიმართულება წარმოადგენს: თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა მომსახურებებზე, ძალადობისგან დაცვა და წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

1. თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა მომსახურებებზე

ევროპის საბჭოს ბავშვის უფლებების თემაზე მომუშავებე მმართველმა კომიტეტმა თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის ნაწილში სახელმწიფოებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოავლინა, რომ COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ბავშვებისა და ოჯახებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდების მიმართულებით. არსებულმა კრიზისმა აჩვენა, რომ აღნიშნული მომსახურებების უმეტესი ნაწილი საჭიროებს ცვლილებებს და ახალ რეალობასთან მორგებას. პანდემიის მართვის მიზნით დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებები გავლენას ახდენს არსებული სერვისების ფუნქციონირებაზე, განსაკუთრებით კი სოციალურ მუშაობის, ჯანდაცვისა და სარეაბილიტაციო მომსახურებების დროულად და ხარისხიანად მიწოდებაზე. ანგარიშის მომზადების პროცესში ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებებზე, რაც თავის მხრივ გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ბავშვებს უწევთ გაუმკლავდნენ შემცირებულ სოციალურ კონტაქტებს და ამით გამოწვეულ შფოთვას, ტრავმას და ზოგჯერ საყვარელი ადამიანების დაკარგვასაც კი. აღნიშნული ტენდენცია დასტურდება COVID-19-ის პანდემიის დროს ჩატარებული ერთ-ერთ უახლოესი კვლევითაც. აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოხდა 17000 მშობლისა და 8000 ბავშვის გამოკითხვა 46 ქვეყანაში. გამოკითხული მშობლების 89% და ბავშვების 83% საუბრობენ პანდემიის დროს გაზრდილი უარყოთი შეგძნებების შესახებ, ხოლო მშობლების 46% აღნიშნავს, რომ ისინი ამჩნევენ ფსიქოლოგიური პრობლემები ბავშვებში [4].

აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავების მიზნით სახელმწიფოების ნაწილმა უკვე გაზარდა დაფინანსება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის და მათ შორის მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩადო მომსახურებების დისტანციური მიწოდების გაუმჯობესების მიზნით.

ხორვატია - ხორვატიის მთავრობამ შექმნა უფასო სატელეფონო დახმარების ცხელი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

ბელგია - მსგავსი მომსახურება შეიქნა ასევე ბელგიაში. ბელგიაში შექმნილი მომსახურება გაძლიერდა დამატებითი რესურსებით, მოხალისეებითა და ონლაინ სერვისების პლატფორმების შექმნით.

კვიპროსი - კვიპროსის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების (ოკუპაციური თერაპიის დეპარტამენტი) ბაზაზე შეიქმნა უფასო დახმარების სერვისი, რომელიც ეხმარება ბავშვებს იზრუნონ საკთარი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შემზღუდველი ღონისძიებების დროს. დეპარტამენტმა ასევე შექმნა სპეციალური სახელმძღვანელო მშობლებისთვის როგორ დაუჭირონ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას მხარი მკაცრი იზოლაციების პერიოდში.

ისლანდია - ისლანდიაში სხვადასხვა სამინისტროებმა, როგორებიცაა სოციალური დაცვისა და ბავშვების, ტრანსპორტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების სამინისტროები, შექმნეს რეაგირების ჯგუფები, რომელთაც ევალებათ ბავშვებისა და სხვა დაუცველი ჯგუფებისათვის საჭირო სერვისების შენარჩუნება და მიწოდება. მულტი გუნდი მოიცავდა სოციალური სერვისების, ბავშვთა დაცვის, განათლებისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს და ისინი მჭირდროდ თანამშრომლობდნენ სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან. ჯგუფის ამოცანა არის ასევე მიმდინარე მომსახურებების მიწოდების პროცესში არსებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვა მომსახურებების ეფექტურად მიწოდებისა და შენარჩუნების მიზნით.  

დიდი ბრიტანეთი - დიდ ბრითანეთში განათლების დეპარტმანეტმა შექმნა სპეციალური სახელმძღვანელოები სკოლებისთვის, რომელიც აქცენტს აკეთებდა ბავშვების ფსიქიკური ჯანმთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე პანდემიის დროს. ის ასევე მოიცავდა საკლასო ოთახებში დაბრუნების დროს ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფის სქემას შესაბამისი ექსპერტული კონსულტაციებისა და გადამზადების პროგრამების შეთავაზებით. პარალელურად ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურმა შექმნა მშობლებისა და მზრუნველებისთვის სახელმძღვანელო მითითებები, როგორ დაეხმარონ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

შვეიცარია - შვეიცარიაში დამატებითი ფინანსური რესურსები არის გამოყოფილი ბავშვებისა და ახალგაზრდების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის, იმისათვის რომ მოხდეს შესაბამისი საჭირო კონსულტაციების გაცემა პანდემიით გამოწვეული კრიზისი პირობებში. ასევე, დამატებითი თანხები გამოიყო უფასო სატელეფონო და ონლაინ დახმარების მისაწოდებლად ფსიქკური ჯანმრთელობისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით. 

საერთაშორისო თანამშრომლების შედეგად ასევე შეიქმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა COVID-19-ის პანდემიის პირობებში ბავშვთა დაცვის შემთხვევების მართვის გაუმჯობესების მიზნით (Online Course (“MOOC”), რომელიც უფასოდ არის მისაწვდომი ინგლისურ, ფრანგულ, არაბულ და ესპანურ ენებზე [5].

2. ბავშვების ძალადობისგან დაცვა


მომსახურებები, რომელიც ძალადობის პრევენციაზე იქნებოდა მიმართული განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა გლობალური პანდემიის დროს დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებებისა და მკაცრი იზოლაციის პირობებში. აღნიშნული მოიცავდა განსაკუთრებით ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მაგალითად, შემზღუდველი ღონისძიებების პარალელურად ბავშვებს აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა წვდომა ქონოდათ პოტენციურ ძალადობის ფაქტების შემტყობინებლებთან, როგორებიც არიან მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლები, ასევე სოციალური მუშაკები და სხვა პირებთან, რომელთა ვალდებულებაც არის ოჯახებში ვიზიტი. ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნულ გამოწვევას სხვადასხვა მიდგომით უპასუხეს, რომელიც მოიცავს სპეციალური სამოქმედო გეგმების შექმნას, ძალადობის პრევენციაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებას, რესურსების გაზრდა და ა.შ.

ბელგია - ბელგიამ დაამტკიცა ბავშვთა უფლებების დაცვის გეგმა (2020-2024). გეგმის პირველი პრიორიტეტი აქცენტს აკეთებს ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე და მათი პოზიტიური იდენტობის განვითარებაზე. ეს მოიცავს ბავშვებისათვის სპეციალური ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების შექმნას და ბულინგისა (მათ შორის, კიბერბულინგის) და ძალადობის საწინააღმდეგო გრძელვადიან კამპანიებს.

ხორვატია - ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ორგანიზაციული ერთეულისთვის შექმნა ინსტრუქციები სწრაფი ქმედების უზრუნველსაყოფად ძალადობის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურად. მაგალითად, ინსტრუქციები მოიცავდა ინდივიდუალ სახელმძღვანელოებს ოჯახში ძალადობის, ფიზიკური ძალადობის, სექსუალური ძალადობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის ფაქტების ზედმიწევნით გადამოწმების მნიშვნელობას და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას თითოეულ შემთხვევაზე, რომელიც მოიცავდა დამცავი ზომის მიღების დასაბუთებას, მსხვერპლის ხელახალი ან/და შემდგომი ვიქტიმიზაციის რისკის შეფასების და საკუთარი უფლებების შესახებ დაზარალებულის ინფორმირებულობის შეფასებას.

უნგრეთი - უნგრეთში პანდემიის მიუხედავად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის არსებული სერვისები სრული დატვირთვით მუშაობდნენ და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხდებოდა შესაბამისი მომსახურების მიწოდება. კრიზისული სასაწრაფო დახმარებები ასევე ამუშავდა ონლაინ რეჟიმში. შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც 18 წლამდე ბავშვებს აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას, უჩვენებდა უახლოეს დახმარების ცენტრის მისამართს და სპეციალურად შექმნილ ღილაკზე დაჭერით საშუალებას აძლევდა დაუყოვნებლივ მოეთხოვა დახმარება.

ისლანდია - უმოკლეს ვადაში ახალ რეალობასთან განკლავების მიზნით ისლანდიაში შეიქმნა ე.წ. სარეზერვო ლეგიონი. სხვადასხვა უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე 1400 ადამიანი იყო ჩართული აღნიშნულ მომსახურებაში. სოციალური დაცვისა და ბავშვების სამინისტრომ ასევე გამოყო დამატებითი თანხები 28 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომ საკუთარი მომსახურებების მიწოდების შესაძლებლობა გაეზარდათ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის.

საფრანგეთი - საფრანგეთში არაერთი პრევენციული ღონისძიების მიწოდება ხორციელდება სატელეფონო ცხელი ხაზის და დახმარების ხაზების საშუალებით. ერთ-ერთი ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში კვირის ყველა დღეს ბავშვებისთვის არის ხელმისაწვდომი. ასევე დაინერგა ონლაინ შეტყობინების სისტემა, რომელიც კვირაში 200-მდე შემთხვევას აგროვებს. 2020 წლის აპრილიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს შეუძლიათ გააგზავნონ სასიგნალო შეტყობინება სპეციალურ ნორმეზე, რომელიც პირდაპირ მიდის პოლიციასთან. გარდა მომსახურებების შექმნისა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება მომსახურებების შესახებ ცნობიერების ამაღლების შესახებ. მაგალითად, ის მუდმივად გადაიცემა სატელევიზიო არხების საშუალებით.

სლოვაკეთის რესპუბლიკა - ბავშვთა მიმართ ძალადობის  მოგვარების ეროვნული კოორდინაციის ცენტრმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში შექმნა „10 წესი“ ფართო საზოგადოებისთვის „როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს, რომელიც ძალადობის შესახებ აკეთებს შეტყობინებას“[6]. წესები გამოქვეყნდა მათ ოფიციალურ გვერდზე და მოხდა სხვადასხვა წყაროებით მათი ფართო გავცელება.

გლობალური პანდემიის პირობებში ასევე გაიზარდა ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის რისკი. სკოლებისა და სოციალური სერვისების დაკეტვის პარალელურად, ბავშვები სრულად დამოკიდებულები გახდნენ ონლაინ სწავლებზე, გართობასა და სოციალიზაციაზე. აღნიშნული ზრდის რისკს ბავშვზე სექსუალური ძალადობის მასალების მიწოდებისა და გამოძალვის მიმართულებით. ასევე, არაერთი ბავშვი სრულიად მარტო შეიძლება დარჩენილიყო სექსუალურ მოძალადესთან ერთად მკაცრი იზოლაციის პერიოდში.

ევროპის საბჭო თავის ანგარიშებში ხაზს უსვამს იმ გაზრდილ საფრთხის ბავშვის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.  აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავების ევროპის საბჭო სახელმწიფოებს მოუწოდებს შექმნან სპეციალური სატელეფონო დახმარებისა და ცხელი ხაზები ლანზაროტას კონვენციის [7] მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს დროულად და ეფექტურად გააკეთონ შეტყობინება [8].

3. წვდომა ხარისხიან განათლებაზე

პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა უთანასწორობა ბავშვებს შორის. განათლების ონლაინ მოდელზე გადასვლამ კიდევ უფრო გააღრმავა უთანასწორობა და ბავშვების სოციალური ნიშნით დაყოფა. ხარისხიან ონლაინ განთლებაზე წვდომა მნიშვნელოვანი უთანასწორობით ხასიათდება, რაც მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, რომელთა შორის უნდა გამოიყოს მშობლების შესაძლებლობა და უნარები დაეხმარონ ბავშვებს სასწავლო მასალების მომზადებაში, წვდომა ინტერნეტზე და შესაბამის აღჭურვილობაზე, ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე, ონლაინ სწავლებაში ჩართვისათვის საჭირო სივრცის არსებობაზე და ა.შ [9]. შესაბამისი დეტალური ანალიზისა და აღნიშნული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით გატარებული კონკრეტული ღონისძიებების გარეშე, ბავშვებს შორის უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლების მიწოდების მიზნით გატარებული ღონისძიებების დროს გათვალისწინებული იყოს ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებები, მაგალითად, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ინსტიტუციაში და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვები და ა.შ. ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელეს აღნიშნულ უთანასწორობასთან საბრძოლველად, რომელმაც პოზიტიური შედეგები გამოიწვია.

აზერბაიჯანში, ხორვატიაში, მონტენეგროში, პორტუგალიასა და სლოვენიაში, სწავლის პროცესი ხორციელდება სატელევიზიო არხების გამოყენებით, ასევე ონლაინ პლატფორმებზე, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ასაკის ბავშვისთვის საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც არა აქვს წვდომა ინტერნეტზე.

ბელგიასა და ხორვატიაში მთავრობამ შეიმშავა დაფინანსების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოხდა ყველა ბავშვის აღჭურვა ლეპტოპებითა და შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობით, რათა უზრუნველყოფილი იყო ყველა ბავშვის ჩართვა ონლაინ სწავლებაში.

მონტენეგრო -  მონტენეგროში ყველა სასწავლო მასალა ადაპტირდა და შემდეგ პერსონალურად მოერგო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ონლაინ სწავლებას.

უნგრეთი - უნგრეთში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ სკოლის ინფრასტრუქტურით და მასწავლებლები ქმნიან ალტერნატიულ მიდგომებს, რომ ბავშვებმა სხვების თანასწორად დაძლიონ სასწავლო მასალა. ზოგჯერ იყენებენ ასევე სატელეფონო კომუნიკაციას და პატარა მუნიციპალიტეტებში პირისპირ შეხვედრებიც არის შესაძლებელი. მთავრობამ ასევე იყიდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ტექნიკური აღჭურვილობები, ათასობით ლეპტოპი და პერსონალური კომპიუტერები.

ინგლისი - მთავრობამ გამოყო დამატებითი 400 მილიონი ფუნტი დისტანციური სწავლებისა და სოციალური სერვისების მხარდასაჭერად, მათ შორის 1.3 მილიონი დაიხარჯა ლეპტოპებისა და ტაბლეტების შესაზლენად და მობილურ ოპერატორებთან თანამშრომლობით მოხერხდა უფასო წვდომის უზრუნველყოფა ინტერნეტზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ასევე, დამატებითი მხარდაჭერა მიწოდებათ ბავშვებს, რომლეთაც აქვთ სასწავლო გეგმის დაძლევის სირთულეები. ცალკე სერვისი შეიქმნა ბავშვებისათის უფასო გაკვეთილების ჩატარების მიზნით, როდესაც ბავშვებს აქვთ ამის საჭიროება.

COVID-19-ის პანდემიამ არაერთი ქვეყნის მაგალითზე დაგვანახა, რომ სახელმწიფოებს სერიოზულად ესაჭიროებათ საკუთარი ხედვისა და პოლიტიკის ცვლილება ბავშვთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც, სადაც გლობალური პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა ბავშვის უფლებების დარღვევის მაჩვენებელი თითქმის ყველა სფეროში. ამ ფონზე სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები კი უკვე არსებული და კიდევ უფრო გამწვავებული პრობლემების მოსაგვარებლად სრულიად არაეფექტურია. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ ადამიანის უფლებათა დამცველ სამოქმედო გეგმებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში ბავშვის უფლებების დაცვას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმოს, ახალ რეალობასთან შესაბამისობაში დაიგეგმოს ახალი მომსახურებები, გაძლიერდეს და მოდიფიცირდეს არსებული სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის მომსახურებები. აღნიშნულ პროცესში კი აუცილებელია შესწავლილი და გამოყენებული იყოს ის დაგროვებული პოზიტიური გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნაში ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა და შესაბამისმა პროგრამებმა გამოავლინა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ასევე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საკითხს, რომელიც საჭიროებს უწყებათაშორის თანამშრომლობას, ჯანდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის უწყებების ერთობლივ მუშაობას და სისტემური ცვლილებების განხორციელებას. ყველაზე მთავარი რაც საქართველომ ახალი გეგმებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის პროცესში უნდა გააკეთოს არის ის, რომ პრიორიტეტად უნდა აქციოს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული რეაგირების მექანიზმების შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ბავშვის უფლებების კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად ბავშვის უფლებების დაცვას, ჯანმრთელობის, განათლების, ძალადობისგან დაცვისა და სხვა სფეროების მიმართულებით.


მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


[1] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საპარალემენტო ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებთა და თავისუფლებთა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2020, https://bit.ly/3sGqYA0
[2] იქვე.

[3] The COVID-19 pandemic and children: Challenges, responses and policy implications, Council of Europe, 2021, https://rm.coe.int/covid-19-factsheet-revised-eng/1680a188f2

[4] Ritz, D., G. O’Hare and M. Burgess, The Hidden Impact of COVID-19 on Child Protection and Wellbeing, Save the Children International, London, September 2020https://bit.ly/3uNep90

[5] https://www.futurelearn.com/courses/covid-19-adapting-child-protection-case-management

[6] https://detstvobeznasilia.gov.sk/index.php/pracujem-s-detmi/

[7] Lanzarote Committee Chair and Vice-Chairperson’s statement: https://rm.coe.int/covid-19-lc-statement-en-final/16809e17ae

[8] Respecting democracy, rule of law and human rights in the framework of the COVID-19 sanitary crisis A toolkit for member states, SG/Inf(2020)11, Council of Europe, 2020, https://bit.ly/3swbu1w

[9] COVID-19 pandemic responses Lessons learnt from management and adaptation to ensure that children are treated as rights holders during the pandemic and beyondCouncil of Europe, 2021, https://bit.ly/34XOBfu