არაოფიციალური თარგმანი.
მასალა მოამზადა თამარ კაპანაძემ.

დავის არსი - ჰოლანდიის ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ბავშვების საცხოვრისის უფლება. ჰოლანდიის კანონმდებლობით, ბავშები, რომელთა მშობლებიც მიმართავენ ჰოლანდიას ლტოლვილის სტატუსის მიღების მოთხოვნით, თავშესაფარში რჩებიან 12 კვირის განმავლობაში, რაც საკმარისი არ არის სტატუსის მისაღებად. აღნიშნული დროის შემდეგ ბავშვები რჩებიან თავშესაფრის გარეშე, რაც მათ განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში ამყოფებს და ეწინააღმდეგება მათ ღირსებას.

შედეგი - სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ ჰოლანდიის კანონმდებლობა და პრაქტიკა, 12 კვირის მერე ბავშვების თავშესაფრის გარეშე დატოვების შესახებ ეწინააღმდეგება „ევროპის სოციალური ქარტიის“ 31-ე მუხლს, რომლითაც გარანტირებულია საცხოვრებლის უფლება. კომიტეტმა მიიჩნია, რომ ბავშვი, მიუხედავად იმისა, ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფება თუ არა, არ უნდა დარჩეს უსახლკაროდ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იგი საცხოვრისით სრულად იმ დროის განმავლობაში, როცა ბავშვი მისი იურისდიქციის ქვეშაა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა პოზიციები

სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა 2010 წლის ივლისში გამოსცა რეზოლუცია ჰოლანდიის მიმართ ქვეყნის ტერიტორიაზე ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ბავშვების საცხოვრისის უფლების დარღვევის თაობაზე (საჩივრის ნომერი-47/2008).

მოძრაობამ „საერთაშორისო დაცვა ბავშვებისთვის“ საჩივრით მიმართა სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტს. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ჰოლანდიაში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა, ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის გარეშე მყოფ ბავშვებს ურღვევს საცხოვრისის უფლებას,  რაც ეწინააღმდეგება „ევროპის სოციალური ქარტიის“ 31-ე მუხლს[1]. მომჩივანი მიუთითებდა, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფა ადამიანის ღირსების დაცვის წინაპირობაა და ჰოლანდიური კანონმდებლობა ან/და პრაქტიკა, რომელიც არ უზრუნველყოფს სტატუსის არ მქონე ბავშვებისთვის საცხოვრებელს, თუნდაც ისინი ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ, ეწინააღმდეგება ევროპის სოციალურ ქარტიას

უფრო კონკრეტულად, მომჩივანი მიუთითებდა რომ “უცხოელთა შესახებ 2000 წლის აქტის“ ჰოლანდიის კანონის მე-10 პარაგრაფის თანახმად, „ბინადრობის ნებართვის არმქონე ბავშვები, ვისი მშობლებიც სპეციალური სტატუსის გარეშე იმყოფებიან ჰოლანდიის ტერიტორიაზე, წარმოადგენენ გამონაკლისს საცხოვრისის უფლებით მოსარგებლე პირებს შორის“.

მომჩივანი მიუთითებს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სტატუსის არმქონე ბავშვს თავშესაფრით 12 კვირამდე, თუ იგი თანამშრომლობს თავის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების თაობაზე. თუმცა, მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბავშვი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, არამედ მისი მშობლები. ხოლო ის ბავშვები, ვისი მშობლებიც არ თანამშრომლობენ წარმოშობის ქვეყანაში დასაბრუნებლად, ვერ სარგებლობენ თავშესაფრის უფლებით. ასევე, დამატებით აღნიშნულია, რომ 12 კვირა, როგორც წესი, საკმარისი არ არის წარმოშობის ქვეყანაში დასაბრუნებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ 12 კვირის შემდეგ, ბავშვებს უწევთ თავშესაფრის დატოვება. და ბოლოს, ბავშვები, ვისაც არ ჰყავს თანმხლები პირი, თუ მათი განცხადება სტატუსის მინიჭების თაობაზე არ კმაყოფილდება, პრაქტიკის გათვალისწინებით, ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომ სპეციალური ბინადრობის ნებართვა მოიპოვონ. ისინი, ეგრეთ წოდებულ „ბუნდოვან ზონაში“ ხვდებიან, რაც გულისხმობს მხოლოდ იმის გარანტიას, რომ 18 წლამდე მათი დეპორტირება არ მოხდება იქამდე, ვიდრე მათი წარმოშობის ქვეყანაში მათ არ ექნებათ ადეკვატური საცხოვრებელი“. მომჩივანი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკამ სტატუსის არ მქონე პირების შესახებ არ უნდა გამოიწვიოს ბავშვების უსახლკაროდ დარჩენა. მომჩივანმა დასკვნის სახით აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგულაცია ეწინააღმდეგება „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ გათვალისწინებულ ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპს.

ჰოლანდიის სახელმწიფომ განხილვის დროს აღნიშნა, რომ „კავშირის პრინციპი“, რომელიც აქტის მე-10 მუხლშია მითითებული, მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს არ მიეცეთ ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის დროის გახანგრძლივების შესაძლებლობა. სახელმწიფომ ასევე მიუთითა სპეციალურად შექმნილ ცენტრზე, სადაც ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ ოჯახებს შვილებთან ერთად შეუძლიათ 12 კვირის განმავლობაში ყოფნა, თუმცა იქ მათი თავისუფლება შეზღუდულია.

ასევე, მიუთითა, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან ბავშვები, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს ჰოლანდიის კანონმდებლობა, არ ხვდებიან „ევროპის სოციალური ქარტიის“ რეგულირების ფარგლებში, ვინაიდან ისინი უკანონოდ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. ხოლო საკითხის გადაწყვეტის დროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ გამოყენება სცდება „ევროპის სოციალური ქარტიის“ ფარგლებს. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ გავრცელება განსახილველ საკითხებზე ერთი საერთაშორისო ხელშეკრულების მეორეთი ჩანაცვლების ტოლფასი იქნება. 

ევროპული კომიტეტის შეფასება:

  1. ევროპულმა კომიტეტმა მიმოიხილა „უცხოელთა შესახებ აქტი“, რომელიც საცხოვრებლის უფლებით უზრუნველყოფს არა მის ტერიტორიაზე მყოფ ყველა ბავშვს, არამედ, ითვალისწინებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებს. კერძოდ, საცხოვრისით სარგებლობის უფლება დაკავშირებულია სხვა საჭიროებებთან, როგორიცაა განათლება, სამედიცინო საჭიროება ან სამართლებრივი დახმარება ბინადრობის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, საცხოვრისით უზრუნველყოფენ ბავშვებს, თუკი ისინი თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების თაობაზე.
  2. დამატებით, კომიტეტმა აღნიშნა, რომ „უცხოელთა შესახებ 2000 წლის აქტის“ ძალაში შესვლის შემდეგ, სტატუსის/თავშესაფრის მაძიებელთა 60 პროცენტზე მეტს ეთქვა უარი დაჩქარებული პროცედურის შედეგად. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი 2003 წლის რეკომენდაციაში მიუთითებდა, რომ ლტოლვილთა სტატუსის მაძიებლებს, ყველანაირი მატერიალური მხარდაჭერა უწყდებათ იმ მომენტიდან, როდესაც პირველი ინსტანციის უარყოფით პასუხს იღებენ დაჩქარებული პროცედურის საფუძველზე. მატერიალური მხარდაჭერა მოიცავს თავშესაფარსაც.
  3. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ქარტია მიმართულია უსახლკარობის შემცირებისკენ, რაც თავის მხრივ არასასურველ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. უსახლკარობის რისკების შემცირება და ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ბავშვების თავშესაფრით უზრუნველყოფა სახელმწიფოს იმდენ ხანს აქვს, ვიდრე ბავშვები მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან.
  4. რაც შეეხება თავშესაფარში საცხოვრებელ პირობებს, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ქარტიის 31 მუხლის მეორე პარაგრაფის თანახმად, საცხოვრებელი უნდა უზრუნველყოფდეს ღირსეულად ცხოვრებას. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი იშველიებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რეკომენდაციას საცხოვრისის უფლების იმპლემენტაციის თაობაზე. სადაც აღნიშნულია, რომ ღირსეული საცხოვრებელი მოიცავს ძირითად მოწყობილობებსა და საშუალებებს, როგორიცაა გათბობა, სინათლე, დასალევად ვარგისი წყალი. დროებითი საცხოვრებლის უშუალო შემოგარენი ასევე უნდა იყოს უსაფრთხო. თუმცა, აუცილებელი არ არის დროებითი საცხოვრებელი იმ სტანდარტით იყოს ვარგისიანი, იცავდეს პირად და ოჯახური ცხოვრების უფლებას, როგორი სტანდარტიც მუდმივი საცხოვრებლის მიმართ არსებობს. მიმღები ბანაკები ან თავშესაფრები, რომლებიც ღირსეული ცხოვრების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს.
  5. ბოლოს, კომიტეტი ასევე ახსენებს ჰოლანდიის სახელმწიფოს რომ გამოსახლება უნდა იყოს სამართლებრივად გამართლებული და განხორციელდეს გამოსასახლებელი პირების ღირსების დაცვით, ასევე უნდა სთავაზობდეს ალტერნატიულ განთავსების ადგილს. შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია რომ თავშესაფრის დატოვება, როდესაც სახელმწიფო მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს არ სთავაზობს, უკანონოა, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. ვინაიდან ისინი იმყოფებიან განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში, რაც ეწინააღმდეგება მათ ღირსებას.
  6. კომიტეტი საჩივრის განხილვის დროს მივიდა დასკვნამდე, რომ ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოები, ვალდებული არიან საცხოვრებლით უზრუნველყონ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირები იმ ვადით, რამდენ ხანსაც ბავშვები მათი იურისდიქციის ქვეშ იქნებიან. ვინაიდან ჰოლანდიის კანონმდებლობა და პრაქტიკა სხვაგვარად აწესრიგებს განსახილველ საკითხს, იგი ეწინააღმდეგება ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლს. 

სრული გადაწყვეტილების სანახავად დააჭირეთ აქ

მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე


___________________________________________________________________

[1] საქართველოს სავალდებულოდ არ აქვს აღიარებული ქარტიის 31-ე მუხლის არცერთი დებულება. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებულის)“ და მისი დანართის რატიფიცირების თაობაზე