გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2021 წლის სპეციალური მოხსენება ადეკვატური საცხოვრისის უფლებაზე [1]

არაოფიციალურად თარგმნა თამარ კაპანაძემ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2021 წლის სპეციალურ მოხსენებაში მიმოხილულია რა გავლენას ახდენს ადეკვატური საცხოვრისი ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. ასევე, ბავშვის უფლებაზე მიიღოს განათლება, ჯანდაცვის და სოციალური სერვისები.

ადამიანის უფლებებით სარგებლობის დროს სტიგმების ან/და დისკრიმინაციის გამო ზოგიერთი ჯგუფი შესაძლოა განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებოდეს. იმისთვის, რომ ადეკვატური საცხოვრისის უფლებით სრულად ისარგებლოს პირმა ან საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაატაროს პოზიტიური ღონისძიებები, მაგალითად, მოარგოს საცხოვრისის შესახებ კანონმდებლობა და პოლიტიკა ამ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს. 

რა გავლენას ახდენს ადეკვატური საცხოვრისის უფლება ბავშვების უფლებებზე?

ბავშვების ჯანმრთელობა, საგანმანათლებლო წინსვლა და ზოგადი კეთილდღეობა მჭიდრო კავშირშია საცხოვრებლის ხარისხთან, სადაც ბავშვი ცხოვრობს. ადექვატური საცხოვრებლის არ არსებობა, იძულებითი გამოსახლება ან უსახლკარობა ღრმა გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებასა და ადამიანის უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაზე, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

იუნისეფის 2005 წლის მოხსენებაში მითითებულია, რომ 640 მილიონზე მეტი ბავშვი, რაც უდრის ყოველი სამიდან ერთ ბავშვს განვითარებად ქვეყნებში,  არ ცხოვრობს ადეკვატურ საცხოვრისში.
ბავშვის უფლებათა კომიტეტმა უსახლკარობის მასშტაბებისა და ბავშვის უფლებებზე გავლენის გათვალისწინებით, ადეკვატური საცხოვრისის უფლება მიიჩნია უნივერსალურ უფლებად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვრცელდება ყველა ბავშვზე რამე სახის განსხვავებისა თუ შეზღუდვის გარეშე. 

მილიონობით ქუჩაში მცხოვრები ბავშვი საცხოვრისის უფლების დარღვევის ყველაზე ხილული ნიშანია, თუმცა, დარღვევა სხვა ფორმაშიც შესაძლოა გამოიხატოს. არასაკმარისი სივრცე, გადაჭედილი საცხოვრებელი, ხმაურიანი ან ნგრევადი სახლი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებას, ისევე როგორც შესაძლებლობას ისწავლოს ან ითამაშოს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადეკვატური საცხოვრისის არარსებობა ზრდის ჩვილ ბავშვთა (5 წლამდე) სიკვდილიანობას. დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში უხარისხო ღუმელებით და შეუსაბამო ვინტილაციით გამოწვეული ქიმიური დაბინძურება გავლენას ახდენს ბავშვთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

სახლთან დაკავშირებულ ძირითად სერვისებზე წვდომა, როგორიცაა სუფთა სასმელი წყალი და სანიტარია, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის. ყოველწლიურად, დაახლოებით ორ მილიონამდე ბავშვი იღუპება დიარეით. ამ შემთხვევების 80-90 პროცენტი გამოწვეულია დაბინძურებული წყლითა და ანტისანიტარიით. საცხოვრებელთან ახლოს სუფთა წყლის არარსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით გოგოებს უწევთ შორი მანძილიდან წყლის მოტანა, რაც იწვევს განათლების უფლების ხელშეშლას. ამასთან, ზრდის შევიწროებისა და სხვაგვარი საფრთხის რისკს.

იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის წვდომა ბავშვზე ზრუნვის პროგრამაზე, სკოლაზე, ჯანმრთელობის დაცვის თუ სხვა სოციალურ სერვისებზე, საცხოვრებლის მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დასახლება სკოლიდან შორსაა, ტრანსპორტი არ არსებობს ან ძალიან ძვირია, ბავშვებს ექმნებათ პრობლემები განათლებასა თუ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომაზე.

უსახლკარობა განსაკუთრებულად ცუდ გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. უსახლკარო ბავშვები აწყდებიან ემოციურ პრობლემებს, როგორიცაა შფოთვა, უძილობა, აგრესია და სხვა. ასევე, როდესაც ბავშვებს არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი, ფერხდება წვდომა ისეთ ძირითად სერვისებზე, როგორიცაა განათლება და ჯანმრთელობის დაცვა. ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან მუქარის, შევიწროებისა და ძალადობის მიმართ როგორც კერძო პირებისგან ასევე, პოლიციის მხრიდან.

იძულებითი გამოსახლება გავლენას ახდენს მთელ ოჯახზე. ოჯახის სტაბილურობა და საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის ქვეშ დგება. იძულებითი გამოსახლების გავლენა ბავშვების განვითარებაზე უტოლდება შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეულ გავლენას.


ორიგინალი წყარო - დააჭირე აქ. გვ.18-20

მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.