არაოფიციალური თარგმანი: თამარ კაპანაძე
მოკლე ანოტაცია-გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2021 წლის სპეციალური მოხსენება ადეკვატურ საცხოვრისზე მიმოიხილავს იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რასაც ითვალისწინებს ადეკვატურ საცხოვრისზე უფლება. ასევე, აღწერილია თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრისი იმისთვის, რომ იგი ჩაითვალოს ადეკვატურად.
გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი განმარტავს, რომ უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე არ შეიძლება ვიწროდ განიმარტოს. არამედ, იგი განმარტებული უნდა იყოს როგორც უფლება იცხოვრო უსაფრთხოდ, მშვიდად და ღირსეულად. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, თითქოს საცხოვრისზე უფლება სახელმწიფოებს ავალდებულებს მთელ მოსახლეობას აუშენოს საცხოვრებელი. ეს ასე არ არის. ყველა პირს, ვისაც სახლი არ აქვს, არ შეუძლია მოითხოვოს სახელმწიფოსგან საცხოვრისით უზრუნველყოფა. ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფა მოიცავს ზომებს უსახლკარობის შესამცირებლად, იძულებითი გამოსახლების აკრძალვას, მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენლების დისკრიმინაციის აკრძალვას, მოიჯარის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უზრუნველყოფას, რომ ყველას საცხოვრისი იყოს ადეკვატური
უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე მოიცავს შემდეგ ძირითად ასპექტებს:
ადეკვატური საცხოვრისის უფლება მოიცავს თავისუფლებებს,
მათ შორის:
- დაცული იყოს იძულებითი გამოსახლებისგან, სახლის თვითნებურად
განადგურების ან დანგრევისგან;
- დაცული იყოს საცხოვრებელში, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში
ჩარევისგან;
- თავისუფლებას, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, თავად განსაზღვროს სად იცხოვრებს;
- მოიცავს გადაადგილების თავისუფლებას.
საცხოვრისის უფლება მოიცავს უფლებებს, როგორიცაა:
- მოიჯარის[2] უფლება
უსაფრთხოებაზე;
- საბინაო, მიწისა და ქონების რესტიტუცია/აღდგენა;
- თანასწორი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი წვდომა ადეკვატურ
საცხოვრისზე;
- საცხოვრისთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების
დროს მონაწილეობის უფლება თემსა თუ ეროვნულ დონეზე.
ადეკვატური საცხოვრისი მეტია ვიდრე უბრალოდ „ოთხი კედელი და სახურავი“
იმისთვის, რომ თავშესაფარი მიჩნეული იყოს ადეკვატურ საცხოვრისად იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- მოიჯარის უფლება უსაფრთხოებაზე: მოიჯარე სამართლებრივად დაცული უნდა იყოს იძულებითი გამოსახლების, შევიწროებისა და სხვა სახის საფრთხისგან;
- სერვისებისა და მოწყობილობების მისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა: საცხოვრისი ადეკვატური ვერ იქნება თუ მოსარგებლეს არ აქვს სუფთა სასმელ წყალზე, სანიტარიაზე, კვების, გათბობისა და განათებისთვის საჭირო ელექტროენერგიაზე, საკვების მარაგზე წვდომა ან უარი ეთქმება მათ განკარგვაზე;
- ხელმისაწვდომობა: საცხოვრისთან დაკავშირებული ხარჯები არ უნდა აშინებდეს მოსარგებლეს, ან აიძულებდეს მას უარი თქვას ადამიანის უფლებებით სარგებლობაზე;
- საცხოვრებლად ვარგისიანობა: საცხოვრებელი ადეკვატური არ არის, თუკი იგი ვერ უზრუნველყოფს ფიზიკურ უსაფრთხოებას, არ არის საკმარისი სივრცე. ასევე, თუკი მოსარგებლე ვერ იქნება დაცული სიცივის, სიცხის, წვიმის, ქარის, ნესტის, ჯანმრთელობისა თუ სტრუქტურული საფრთხეებისგან;
- მისაწვდომობა: საცხოვრისი უნდა აკმაყოფილებდეს მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებებს;
- ადგილმდებარეობა: საცხოვრებელი ადექვატურად ვერ ჩაითვლება თუკი იგი მოშორებით მდებარეობს დასაქმების, ჯანდაცვის სერვისების, სკოლებისა და ბავშვზე ზრუნვის, სხვა სოციალური დაწესებულებებისგან, ან მდებარეობს დაზიანებულ ანდა საფრთხის შემცველ ადგილზე;
- კულტურული შესაბამისობა: საცხოვრისი ხელს უნდა უწყობდეს და ითვალისწინებდეს მოსარგებლის კულტურულ იდენტობას.
დაცვა იძულებითი გამოსახლებისგან
იძულებითი გამოსახლება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორიცაა ინფრასტრუქტურული და დეველოპერული პროექტები, ურბანული განვითარება ან ქალაქის იერსახის ცვლილება, შეირაღებული კონფლიქტები, დავა მიწაზე ან დისკრიმინაციის სხვა ფორმა. იძულებითი გამოსახლება განსაკუთრებულად უარყოფითად მოქმედებს ღარიბ მოსახლეობაზე, რომელთა შემთხვევაშიც უფრო ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა.
იმის მიუხედავად, რა მიზეზითაა გამოწვეული იძულებითი გამოსახლება, ის შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა და საცხოვრისზე უფლების „prima facie” დარღვევა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოსახლებას შეიძლება ჰქონდეს კანონიერი საფუძველი, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამოსახლება იმ ფორმით, რომ იგი იყოს კანონიერი, დარღვევის გონივრული და პროპორციული ღონისძიება. ასევე, გამოსახლებულ პირს უნდა ჰქონდეს წვდომა სამართლებრივ სერვისებსა და კომპენსაციაზე. გამოსახლების შედეგად პირი არ უნდა გახდეს უსახლკარო, მოწყვლადი ან ადამიანის უფლებათა დამატებითი დარღვევის მსხვერპლი.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოებს ავალდებულებს მოიძიონ ყველა განხორციელებადი ალტერნატიული გზა, იმისთვის, რომ შეამცირონ და მინიმუმამდე დაიყვანონ გამოსახლების საჭიროება.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამოსახლებამდე ეფექტური პროცედურული გარანტიების განხორციელება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოსახლების პროცესზე:
- ქმედითი კონსულტაცია;
- ადეკვატური და გონივრული შეტყობინება;
- გონივრულ ვადაში ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი გამოსახლების შესახებ;
- გამოსახლების პროცესში სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლის მონაწილეობა;
- გამოსასახლებელი პირების ზუსტი იდენტიფიკაცია;
- ცუდ ამინდში ან/და ღამის საათებში გამოსახლების აკრძალვა;
- სამართლებრივი დახმარების მისაწვდომობა იმ პირებისთვის ვისაც სჭირდება სასამართლოსთვის მიმართვა;
- წვდომა სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე.
მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.