თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განჩინება საქმეზე გ.ჩ თბილისის მერიის წინააღმდეგ
საქმის ნომერი - 3ბ/01-21
დავის არსი: 2020 წლის დეკემბერში, ქალაქ თბილისის მერია ახორციელებდა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში თვითნებურად აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. ერთ-ერთ შენობაში ცხოვრობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახი, რომელთაც ასევე ჰქონდათ იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი. ოჯახს ჰყავს სამი შვილი, მათგან ერთ-ერთი 8 წლის არის. თბილისის მერიამ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ არ გაუთვალისწინებია რომ შენობის დემონტაჟის შემთხვევაში ბავშვი ზამთარსა და პანდემიაში, დარჩებოდა უსახლკაროდ, საცხოვრებლის გარეშე.
შედეგი: სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში ფაქტობრივად აღარ არსებობდა სადაო ქონება, რის გამოც, აღარ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუმცა, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმის გარემოებები, მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის წევრების სტატუსი შესაძლებლობის შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ, მოსარჩელის მცირე ასაკი, ასევე ის ფაქტი რომ მათ არ ჰქონდათ და არც სახელმწიფოს შეუთავაზებია ალტერნატიული საცხოვრებელი, რაც მას მისცემდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საქმის ფაქტობრივი
გარემოებები:
გ.ჩ დაიბადა 2012 წელს. მას ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები, ორი ძმა და ბებია. გ.ჩ-ს მამა არის იძულებით გადაადგილებული პირი. ოჯახი რეგისტრირებულია დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში, რომელსაც დევნილთა სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს ნგრევადი ობიექტის სტატუსი.
იმის გამო, რომ მათი საცხოვრებელი ობიექტი ნგრევადი იყო და იქ ყოფნა საფრთხეს უქმნიდა განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, განმცხადებლის ოჯახის წევრებმა სცადეს უსაფრთხო საცხოვრებლის მოძიება. აღნიშნული მიზნით, თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის ნაგავსაყრელზე ოჯახმა ნებართვის გარეშე აიშენა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ.
2020 წლის დეკემბერში, თბილისის მერია ახორციელებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის, როგორც უკანონო ნაგებობების დემონტაჟს. 2020 წლის 14 დეკემბერს განმცხადებლის დედას ტელეფონზე ესაუბრა ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელი და იმავე წლის 20 დეკემბრამდე მისცა ვადა ფართის დასაცლელად, ვინაიდან იგეგმებოდა დემონტაჟი. ასევე, აცნობა რომ დემონტაჟის შესახებ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებდა მის მოქმედებას.
2020 წლის 18 დეკემბერს გ.ჩ-ს წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს დროებითი განჩინების გამოცემა. განმცხადებლის წარმომადგენლები ითხოვდნენ სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიისთვის აეკრძალა ქმედების განხორციელება, კერძოდ დემონტაჟის განხორციელება. განცხადებაში წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ მერიის თანამშრომლის მიერ განსაზღვრული მცირე დროის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოების სასამართლოში წარდგენა, თუმცა სასამართლოში წარდგენილი იყო წერილობითი გაფრთხილება, რომელიც განმცხადებლის სახლზე დატოვა თბილისის მერიამ.
წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ საკითხის წინასწარი მოწესრიგება მნიშვნელოვანია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელი არის მყისიერი საფრთხის წინაშე, თუ სასამართლო მიმართვას არ დააკმაყოფილებდა, განმცხადებელი და მისი ოჯახი დარჩებოდნენ უსახლკაროდ, ღია სივრცეში, ზამთრის ყინვისა და პანდემიაში.
შუამდგომლობაში აღნიშნული იყო, რომ ქალაქ თბილისის მერიას დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღების დროს არ გაუთვალისწინებია ბავშვის საუკეთესო ინტერესები, არღვევდა მის უფლებას საცხოვრისსა და ცხოვრების ისეთ სტანდარტებზე, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა განცხადება და 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლით:
- საქმეში წარმოდგენილი არ არის დადგენილება დემონტაჟის შესახებ. გარდა ამისა, იგი არ გასაჩივრებულა ადმინისტრაციული წესით, რაც სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წინაპირობაა.
- განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ იძლევა იდენტიფიცირების საშუალებას, რომ ქალაქ თბილისის მერიის წერილი უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი ფართის დემონტაჟის შესახებ ნამდვილად განმცხადებლის საცხოვრებელ ობიექტს მიემართებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის განსახილველად სრულად გამოიყენა კანონით გათვალისწინებული 2 თვიანი ვადა. ამ დროის განმავლობაში, განმცხადებლის მშობლებმა, საკუთარი ნებით განახორციელეს საცხოვრებლის დემონტაჟი. მათი გადმოცემით, არ სურდათ სახლის ასაშენებლად გამოყენებული მასალის დაკარგვა, რაც მერიის მიერ დემონტაჟს მოჰყვებოდა შედეგად.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივრის განხილვის მომენტში, ფაქტობრივად აღარ არსებობდა სადაო ქონება, რომლის დემონტაჟის თაობაზეც გამოტანილი იქნა დადგენილება, განმცხადებლის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ მათ ჰქონდათ იურიდიული ინტერესი სააპელაციო სასამართლოს შეეფასებინა ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
კერძო საჩივარში ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა საქმის გარემოებები: კერძოდ, თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული მცირე და შემჭიდროებული ვადა, ის რომ თბილისის მერია არ უარყოფდა რომ აპირებდა კონკრეტულად განმცხადებლის საცხოვრებლის დემონტაჟს. ასევე, არ გაითვალისწინა რომ დემონტაჟის შესახებ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებდა მის მოქმედებას, შესაბამისად, მერიის მიერ განსაზღვრული მცირე ვადის გათვალისწინებით, განმცხადებელს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა დემონტაჟის შესახებ დადგენილება, ვინაიდან გასაჩივრება არ იქნებოდა ეფექტური და ქმედითი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნახსენებიც კი არ არის ბავშვი, შესაბამისად, მას არ უმსჯელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 19 მარტის განჩინებაში მიუთითა, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობდა სადაო ქონება, შესაბამისად, აღარ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.
მიუხედავად ამისა, იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, იმსჯელა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერებაზე და მიუთითა:
- ოჯახი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელიც ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში;
- ოჯახის წინაშე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დააკმაყოფილოს სათანადო საცხოვრებლით, მიიღოს ყველა ზომა, რათა დევნილ ოჯახს შეუქმნას უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები;
- კონკრეტული პერიოდისთვის ოჯახს არ გააჩნდა და სახელმწიფოს არ ჰქონდა შეთავაზებული სხვა ალტერნატიული ფართი;
- ამასთან ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 1000 ქულა;
- ამასთან განმცხადებლის მშობლები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მათ ჰყავთ სამი შვილი, მათგან ყველაზე უმცროსი - განმცხადებელი არის 8 წლის, რომლის საუკეთესო ინტერესიცაა უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო საცხოვრებლით.
ამასთან, სასამართლო განხილვის დროს ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელმა დაადასტურა უკანონო შენობა-ნაგებობის განმცხადებლის ოჯახის წევრების მფლობელობაში ყოფნის ფაქტი.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოების ერთად შეფასებით, არსებობდა პირველი ინსტანციის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სანახავად, დააჭირეთ აქ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სანახავად დააჭირეთ აქ.
ავტორი: თამარ კაპანაძე
ფოტო:
ანიკა ტიზლიარიშვილი
სამართლებრივი მხარდაჭერა განხორციელდა USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.
მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე