როგორია ბავშვების დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიმართ, რა იციან მათ საკუთარი უფლებების შესახებ და ფლობენ თუ არა ისინი ინფორმაციას 2020 წლის პირველ სექტემბერს ამოქმედებულ ბავშვის უფლებათა კოდექსზე?

სწორედ ამ და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ 12 ნოემბერს PHR-ის წარმომადგენლები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებს.

შეხვედრაზე PHR-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბავშვების სასამართლოსთვის მიმართვის უფლებასა და შესაბამის პროცედურებზე, ადვოკატის როლზე, დისკრიმინაციაზე და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. ტრენინგის მსვლელობისას ასევე მოხდა რეალური მაგალითების განხილვა, რასაც მოჰყვა მსჯელობა - თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ თავად ბავშვები მოსამართლის ადგილას რომ ყოფილიყვნენ.

ბავშვების მიერ საკუთარი უფლებების დაცვის პროცედურების ცოდნასა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბავშვის უფლებათა კონვენციაში, რომელიც აღიარებს ყველა ბავშვის უფლებას თავისუფლად გამოხატოს თავისი შეხედულებები ყველა იმ საკითხზე, რომელიც მას ეხება, მათ შორის დაიცვას თავისი პოზიცია როგორც პირადად, ისე მის მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგზე განხილული თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო მზრუნველობაში მცხოვრები ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების მიზნით, რაც მცირე საოჯახო ტიპის სახლების ერთ-ერთი მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ტრენინგის მონაწილეები ასევე აქტიურად განიხილავდნენ სხვადასხვა მათთვის საინტერესო საკითხებს, აზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს, სვამდნენ კითხვებს და იღებდნენ ამომწურავ ინფორმაციას. 


პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.