ბლოგი
მომზადებულია თამარ კაპანაძის მიერ
სასკოლო პროგრამაში ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვა თითქმის ყველა სახელმწიფოში მღელვარებას იწვევს. სექსუალური განათლების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიწოდება პირველ რიგში, მშობლის ფუნქციებში შედის. ხოლო საკითხის მომხრეები არგუმენტად იშველიებენ სექსუალური განათლების მნიშვნელობას, ისეთი შემთხვევების შესამცირებლად, როგორიცაა არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები თუ ძალადობა. ამ ბლოგში განვიხილავ, რას მოიცავს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება, რა კავშირია სექსუალურ განათლებასა და სექსუალურ ძალადობას ან/და სარისკო სექსუალურ ქცევასთან. ამასთან, მიმოვიხილავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სადაც სასამართლომ სექსუალური განათლების მნიშვნელობაზე იმსჯელა.
ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება
ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება ახალგაზრდებს აძლევს ზუსტ, ასაკის შესაბამის ინფორმაციას სექსუალობისა და მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, რაც გადამწყვეტია მათი ჯანმრთელობისა და ძალადობისგან დაცვისთვის.
ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება მოიცავს 8 თემას:
1.ურთიერთობები;
2.ღირებულებები, უფლებები, კულტურა;
3.გენდერის აღქმა;
4.ძალადობა და უსაფრთხოების შენარჩუნება;
5.ჯანმრთელობის შენარჩუნების უნარები;
6.ადამიანის სხეული და განვითარება;
7.სექსუალობა და სექსუალური ქცევა;
8.სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
სექსუალური განათლების მიზანია თითოეულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებს ჰქონდეთ ცოდნა, გაუჩნდეთ დამოკიდებულება და გამოიმუშაონ უნარები. მაგალითად, მოსწავლეს უნდა შეეძლოს განსაზღვროს რა არის გენდერული ძალადობა, სად შეიძლება ადგილი ჰქონდეს და ვის უნდა მიმართოს, თუ თავად ან მისი ნაცნობი ძალადობას განიცდის.
ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მნიშვნელობა სექსუალური ძალადობისგან დაცვის კუთხით
შვეიცარიის საქმე
შვეიცარიის ეროვნული კანონმდებლობით, დაწყებით სკოლაში 4-8 წლის ბავშვებს აწვდიდნენ ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, რაც გააპროტესტა ერთ-ერთმა მშობელმა და მოითხოვა მისი შვიდი წლის შვილის გათავისუფლება აღნიშნული საგნის გაკვეთილებიდან. 2011 წელს, მშობელმა მიმართა შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოს, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მშობლის მოთხოვნა.
მშობელმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფოსთვის დარღვევის დადგენა. მშობელი მიუთითებდა შემდეგ არგუმენტებზე:
1.ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება 4-8 წლის ბავშვებისთვის არის ნაადრევი;
2.სექსუალური განათლების სავალდებულო ხასიათი იყო ჩარევა მშობლის უფლებაში, მიაწოდოს შვილს განათლება.
3.სექსუალური განათლება ეწინააღმდეგება მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ[1] ყურადღება გაამახვილა მშობლის როლზე შვილის აღზრდაში, თუმცა დამატებით აღნიშნა თუ რა მნიშვნელობა აქვს სექსუალურ განათლებას ბავშვის ჯანმრთელობის დასაცავად. „ვინაიდან ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საფრთხე არის რეალური, რაც აისახება მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ისინი დაცულნი უნდა იყვნენ ამ საფრთხეებისგან ნებისმიერ ასაკში. შესაბამისად, სახელმწიფოს ეჭვგარეშეა რომ აქვს ინტერესი მიაწოდოს ბავშვებს სექსუალური განათლება ადრეულ ეტაპზე“. პალატის განმარტებით, ბავშვები არ ცხოვრობენ საზოგადოებისგან იზოლირებულად, ისინი ექვემდებარებიან გავლენების მთელ რიგ დიაპაზონს. ასავე ბავშები სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის მედიისგან იღებენ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა ლეგიტიმური კითხვები გააჩინოს მათ გონებაში. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საჭირო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა რათა შეძლონ სწორი და არასწორი ინფორმაციის გარჩევა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას აქვს ლეგიტიმური მიზანი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მშობელი აპროტესტებდა არა ზოგადად სექსუალურ განათლებას სკოლებში, არამედ კონკრეტულად 4-8 წლის ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვები ამ ასაკში არიან უფრო სენსიტიურები და მარტივად ექცევიან ზეგავლენის ქვეშ, რის გამოც მშობლის როლი მათ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. თუმცა, სასამართლომ ასევე მითითება გააკეთა ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს განათლებაზე, როგორც ბავშვის ყველა ფორმის ძალადობისგან, მათ შორის სექსუალური ძალადობისგან დაცვის საშუალებაზე. ამავე კონვენციის თანახმად, განათლების მიზანია ასევე ბავშვის მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. მცირე ასაკში სექსუალური განათლების მიწოდებას, მისი მიზნებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სასამართლოს შეფასებით, შვეიცარიის ხელისუფლებამ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვისას მოახდინა სხვადასხვა სიკეთეების და ინტერესების აწონ-დაწონვა. ასევე ხაზგასასმელი იყო, რომ სექსუალური განათლების სტრატეგიებს და დირექტივას ადგენდნენ კომპეტენტური ორგანოები, სადაც გათვალისწინებული იყო საკითხის სენსიტურობა. საგაკვეთილო პროცესი და მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამებოდა ბავშვის ასაკს. ეროვნულ სასამართლოებს მიღებული ჰქონდათ კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც გათვალისწინებული იყო ბავშვის ინტერესები. ასევე, მშობელთა როლი შვილების აღზრდაში, მათ შორის სექსუალურ განათლებაში.
სასამრთლოს შეფასებით, ბავშვებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის ნაკლებობამ, თუნდაც ადრეული ასაკიდან, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ზიანი, რის გამოც, მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება და უნარები ამოიცნონ სექსუალური ძალადობა, დააწესონ საზღვრები და იცოდნენ, სხეულის ავტონომიის შესახებ. სექსუალური განათლება ეხმარება ბავშვების დაიცვან თავი ძალადობის, იძულებისა და გენდერული უთანასწორობისგან. გამოიმუშაონ სარისკო სექსუალური ქცევის იდენტიფიცირების უნარები. სექსუალური განათლება, ასევე მხარს უჭერს ბავშვებს ემოციური და სოციალური ინტელექტის განვითარებაში, რაც მათ სჭირდებათ ჯანსაღი და სრულფასოვანი ურთიერთობების დასამყარებლად, როდესაც ისინი მიაღწევენ სრულწლოვანების ასაკს.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობელი ზოგადად მიუთითებდა მორალურ და ეთიკურ ღირებულებებზე, თუმცა არ აკონკრეტებდა რომელ ღირებულებებს და როგორ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სექსუალური განათლების მიწოდება ბავშვებისთვის, მით უფრო განათლების მიზნებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ყველა ფორმის ძალადობისგან ბავშვების დაცვის უფლებას, მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და მიიჩნია, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვის თაობაზე იყო კანონიერი.
პაოლას საქმე[2]
სექსუალური განათლების მნიშვნელობაზე იმსჯელა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა სასამართლომაც პაოლა გუზმანის საქმეში. საქმეზე 2020 წლის 24 ივნისს სასამართლომ ეკვადორს დაუდგინა დარღვევა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტზე, მათ შორის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების არ არსებობის გამო,
პაოლა გუზმანი იყო სკოლის მოსწავლე. 2001 წელს, როდესაც იგი 14 წლის იყო, სკოლაში გარკვეულ საგნებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. სკოლის ვიცე -რექტორმა მას შესთავაზა პრობლემების მოგვარება იმ პირობით, რომ პაოლა მასთან სექსუალურ ურთიერთობას დაამყარებდა. 2002 წლის დეკემბერში, სკოლის ინსპექტორმა შეტყობინება გაუგზავნა პაოლას დედას და დაიბარა იგი სკოლაში. იმავე დღეს პაოლამ წამლები მიიღო, რაც თვითმკვლელობით დასრულდა. პაოლამ სამი წერილი დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი ვიცე -რექტორის სახელზე, სადაც წერდა რომ მას აღარ შეეძლო იმის გაძლება, რისი გადატანაც უწევდა.
ადგილობრივი სასამართლოს რეაგირება არ იყო საკმარისად ეფექტური, შესაბამისად, პაოლას დედამ მიმართა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ სასამართლოს და მოითხოვა საქმის შესწავლა. ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი უფლებების დარღვევა: სიცოცხლის უფლება; პატივისა და ღირსების უფლება; განათლების უფლება; დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება; ძალადობისგან დაცვის უფლება.
ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ საკითხის შესწავლის დროს ყურადღება გაამახვილა პაოლასა და ვიცე-რექტორს შორის ასაკობრივ სხვაობაზე (თითქმის 40 წელი), ასევე ვიცე-რექტორის სამსახურებრივ მოვალეობაზე, ვინაიდან მისი მხრიდან მოსწავლის მიმართ
სექსუალური ძალადობა იყო ძალაუფლებისა და ნდობის ბოროტად გამოყენება, რადგანაც მას ჰქონდა ზრუნვის ვალდებულება პაოლაზე, როგორც სკოლის მოსწავლეზე. ის ფაქტი, რომ სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა სკოლის გარემოში, სასამართლოს შეფასებით კიდევ უფრო დაუცველს ხდიდა მოზარდს. ვიცე-რექტორს, როგორც აკადემიურ პერსონალს, უპირატესობა და ძალაუფლება ჰქონდა მოსწავლესთან მიმართებაში. ვიცე-რექტორმა ისარგებლა თავისი უპირატესობითა და გავლენით, რაც მათ შორის სექსუალური ურთიერთობის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდა. ასაკობრივი სხვაობა და სამსახურებრივი/აკადემიური ძალაუფლება პაოლასა და ვიცე-კანცლერს ამყოფებდა აშკარად არათანაბარ, არათანასწორ მდგომარეობაში და უპირატესობას სძენდა ვიცე -რექტორს.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პაოლა გუზმანის, როგორც მოზარდი გოგოს უთანასწორო მდგომარეობას ამძიმებდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სექსუალური ძალადობის პრევენციის მექანიზმის არ არსებობაც. მოზარდის დაუცველობა დაკავშირებული იყო სექსუალური და რეპროდუქციული განათლების არ არსებობასთან სკოლაში. „პაოლას არ ჰქონდა ცოდნა, რაც მას მიახვედრებდა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ძალადობა“. -აღნიშნულია სასამართლო გადაწყვეტილებაში.
ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ განმარტა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, დასჯის და აღმოფხვრის ვალდებულებები, მოზარდების მიმართ დამცავი ზომების მიღება, აგრეთვე განათლების უფლება, გულისხმობს ვალდებულებას, დაიცვას გოგონები და მოზარდები სექსუალური ძალადობისგან სკოლის გარემოში. სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ ღონისძიებები საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური ძალადობის პრევენციის ან მონიტორინგის მიზნით და შეიმუშავონ ქმედებები მისი პრევენციისთვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსაკუთრებული ღონისძიება, რაც გოგონებსა და ბიჭებს სჭირდებათ განათლებაა, რომელიც ხელს უწყობს ღირსეული ცხოვრებით სარგებლობის შესაძლებლობას და არასახარბიელო სიტუაციების თავიდან აცილებას. სექსუალური და რეპროდუქციული განათლება არის განათლების უფლების შემადგენელი ნაწილი. სექსუალური განათლება უნდა იყოს ყოვლისმომცველი, არა-დისკრიმინაციული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მეცნიერულად დამტკიცებული და ასაკზე მორგებული. სექსუალური განათლების მიზანია ახალგაზრდებმა იცოდნენ სექსუალური და ემოციური ურთიერთობების შედეგების შესახებ, განსაკუთრებით შეძლონ მსგავს ურთიერთობებში თანხმობის გამოხატვა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობა.
განხილული საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სექსუალური განათლების მნიშვნელობას არასრულწლოვნების სექსუალური ძალადობისგან დაცვის კუთხით. ამასთან, უფლებათა დაპირისპირების დროს, მშობლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებასთან შედარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ყველა ფორმის ძალადობისგან, ხოლო ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევა, ვინაიდან ვერ დაიცვა სკოლის მოსწავლე სექსუალური ძალადობისგან, მათ შორის იმის გამო, რომ ვერ მიაწოდა მას შესაბამისი განათლება.
საქართველოში არსებული მდგომარეობა
ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება სუსტად არის წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში. სკოლა ვერ აწვდის ბავშვებსა და ახალგაზრდებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი გრძნობებისა და სხეულის, სექსუალური იდენტობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, ჯანსაღი ურთიერთობებისა და ამავე რიგის სხვა თემებისა თუ საკითხების შესახებ.[3] აღნიშნული მდგომარეობა აისახება არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის სტატისტიკაში, კერძოდ 2015-2021 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულის 900 შემთხვევა აღირიცხა, ამასთან 2020-2023 წლებში ბავშვთა მიმართ სქესობრივ დანაშაულში 638 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი.[4]
მაღალი მაჩვენებელია ასევე არასრულწლოვანთა მშობიარობისა და აბორტის კუთხით. „მოზარდებს შორის შობადობა საქართველოში (51.5 მშობიარობა 1000 ქალზე 15-19 წლის ასაკში 2015 წელს) `ძალიან მაღალია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ფაქტობრივად, ის ყველაზე მაღალია ყველა შესწავლილ ქვეყანას შორის“.[5]თბილისის საქალაქო სასამართლო ორ მიმდინარე დავას განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვის მოთხოვნით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების დაცვას ძალადობისგან, შეამცირებს ადრეულ ეტაპზე სქესობრივ ცხოვრებას და სარისკო სექსუალურ ქცევას მოზარდებში.
ბლოგი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს RFSU-ს მოსაზრებებს.
[1] https://www.echr.coe.int/documents/d/echr/CLIN_2018_01_214_ENG
[2] https://reproductiverights.org/case/paola-guzman-albarracin-v-ecuador-inter-american-commission-on-human-rights/?fbclid=IwAR08D5svtq2wpjRSviuY2XrUBxyQiCLFIBYKgLYSuG1_NK4C7z63FM4EA_E
[3] https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/sexuality_aducation._pages.pdf
[4] შინაგან საქმეთა
სამინისტროს სტატისტიკა.