„უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! არასდროს დავიღლები და ყოველთვის ვიბრძოლებ თუ, კიდევ დაირღვევა ჩემი შვილის უფლებები!“ – 5 წლის დანიელის დედა, ნანა გულუა.

როდესაც 2019 წელს დანიელის დედამ, დანიელისთვის შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, მისი მიზანი, დანიელის უფლებების დაცვა იყო. თუმცა, დანიელს სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა უარი უთხრა, ვინაიდან:

...არსებული კანონმდებლობით, დაუნის სინდრომი არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს. ხოლო სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის დადგენა სამ წლამდე ასაკის ბავშვებში, მათი განვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო.

სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის უარს სამწუხაროდ დაეთანხმა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და სენაკის რაიონული სასამართლოც. თუმცა, ნანას ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეუწყვიტავს და საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წაიღო.

2020 წლის 9 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ:

„უარი შშმ სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, რომ „დაუნის სინდრომი“ არ არის იმ დაავადებათა ჩამონათვალში... ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და ზღუდავს ამ აქტებით გარანტირებულ უფლებებს.“

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა:

1.  შშმ სტატუსის მინიჭების წესი უნდა ეფუძნებოდეს ფუნქციონალურ მიდგომას, რაც გულისხმობს არა დარღვევაზე მიბმულ პროცედურას, არამედ მრავალმხრივი შეფასების სისტემის არსებობას, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას და შეფასებას დაეფუძნება;

2.   დღეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზა ცალსახად არ უარყოფს სამ წლამდე ასაკის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვისთვის შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას. შესაბამისად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს არ ჰქონდა მოქმედი საკანონმდებლო აქტების ბავშვის საზიანოდ განმარტების უფლება;

3.   გარკვეულ ასაკში ბავშვის შეფასების ინსტრუმენტის არ ქონა არ შეიძლება ბავშვის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.

 

მაშასადამე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შშმ პირთა სტატუსის მინიჭების არსებული, მოძველებული სამედიცინო  მოდელი,  შშმ პირთა უფლებების დამრღვევი მოდელია და სასამართლოს შეუძლია ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება.

ამ ეტაპზე, დანიელის უფლებების დაცვის საქმეში ჩაერთნენ PHR-ის ადვოკატები და სასამართლოს მიმართეს იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც დანიელს, შშმ ბავშვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გამო მიადგა. დანიელისთვის მიყენებული ზიანი გამოიხატა სოციალური პაკეტის (პენსიის) მიუღებლობაში.

2022 წლის 29 დეკემბერს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დანიელის მოთხოვნა და ბავშვისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს, 3820 ლარის ანაზღაურება დააკისრა; მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია.

აღნიშნული საქმე პრეცედენტულია, ვინაიდან ყველა ბავშვს, რომელსაც კანონის დარღვევით ეთქვა უარი, შშმ სტატუსის მინიჭებაზე, შესაძლებლობას აძლევს,  უფლებების დასაცავად და ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოს მიმართოს.

 სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.