2020 წლიდან PHR-თან მუშაობა დაიწყო ბავშვთა მრჩეველთა საბჭომ. მისი შექმნის მთავარ მიზანს საჯარო სივრცეში ბავშვების ხმის გაგონება და იმ პროცესებში ჩართვა წარმოადგენდა, რომლებიც მათი უფლებებისა და საუკეთესო ინტერესის დაცვას ეხება. ასევე საბჭოს ერთ-ერთი მთავარ დანიშნულებას ორგანიზაციის მუშაობაში ბავშვების აქტიური ჩართვა წარმოადგენს, რომლის დროსაც ბავშვები მიიღებენ ორგანიზაციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობას, მოამზადებენ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს სახელმწიფოსთვის.

იმისთვის, რომ საბჭოს მუშაობა იყოს ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზაციამ 2021 წლიდან დაიწყო საბჭოს წევრების გადამზადება ბავშვის უფლებების ძირითადი პრინციპებისა და ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის შესახებ.  ტრენინგებისა და საკითხავი მასალების საშუალებით, ბავშვები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ბავშვის უფლებების კონცეფციის ძირითადი პრინციპებისა და უფლების დაცვის მექანიზმების, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების დისკრიმინაციისგან დაცვის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვის პირადი ცხოვრებისა და მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლებების შესახებ.

PHR თვლის, რომ ბავშვის უფლებების სწავლებაზე დაფუძნებული მიდგომა შეიძლება მიჩნეული იყოს როგორც ბავშვის უფლებების დარღვევის პრევენცია. ბავშვი, რომელმაც იცის საკუთარი უფლებები, იცის როგორ დაიცვას ეს უფლებები, რა ვალდებულებები აქვს თანატოლების მიმართ და ა.შ., უფრო ნაკლებად შეიძლება დაექვემდებაროს სხვადასხვა სახის ძალადობას, უფლების დარღვევას. ამიტომ ბავშვის უფლებების სწავლება და ცოდნა, ბავშვებისათვის შესაბამისი განათლებისა და ინფორმაციის მიწოდება ყველა იმ ადამიანის ვალდებულებად უნდა იყოს მიჩნეული, რომელიც მუშაობს ბავშვებთან.  


პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.