ბლოგი მომზადებულია ანა თავხელიძის მიერ

თვეების განმავლობაში საზოგადოების უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის მაისში მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ რომელიც 2024 წლის 3 აგვისტოს ამოქმედდება . ეს კანონი საზოგადოებაში ცნობილია როგორც „რუსული კანონი“, რადგან მსგავსი შინაარსის კანონი 2012 წელს სწორედ რუსეთმა მიიღო.

აღნიშნულ ბლოგში განვიხილავ თუ რა შედეგები გამოიწვია ამ კანონის მიღებამ რუსეთში და რა გავლენას მოახდენს „რუსული კანონი“ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ძალადობისგან დაცვის უფლებაზე. 

რუსული გამოცდილება

რუსეთის ფედერაციამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი ეტაპობრივად გაავრცელა მედიაზე, ბლოგერებზე, სოციალური მედიის მომხმარებლებსა და ფიზიკურ პირებზე. კანონის საბოლოო რედაქციით, რუსეთში ნებისმიერი პირი, ვინც მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან იღებს, შეიძლება გამოცხადდეს „უცხოური გავლენის აგენტად“, ან ეს შეიძლება უცხოური დაფინანსების მიღების გარეშეც კი მოხდეს¹. 2023 წლის ივლისის მონაცემებით, რუსეთში უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულია 649 ორგანიზაცია და ფიზიკური პირი².

რუსული გამოცდილება აჩვენებს, რომ კანონის აღსრულებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით მომზადებულ შეფასებაში აღნიშნავს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შედეგად რუსეთში ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შეეზღუდათ აქტივობები, ზოგ შემთხვევაში მათ შეაჩერეს ან შეწყვიტეს საქმიანობა.  აღნიშნული ორგანიზაციები იძულებულნი გახდნენ შეემცირებინათ ან შეეწყვიტათ ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა. კომიტეტი ასევე უთითებს, რომ კანონის მიღებას რუსეთში შედეგად მოჰყვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან  ქალი უფლებადამცველების მიმართ შევიწროვებისა და თავდასხმის შემთხვევები³.

რას ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქართული არასამართავრობო ორგანიზიებისგან?

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, ეკისრება ვალდებულება დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად⁴“ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ორგანიზაციის საქმიანობა არ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს და ორიენტირებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე. 

კანონი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ანიჭებს უფლებას ასეთი ორგანიზაციის გამოსავლენად ან „რუსული კანონის“ რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად, თუნდაც ეს განხორციელდეს ანონიმური განცხადების საფუძველზე, ნებისმიერ დროს. მონიტორინგის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელს შეუძლია მოიძიოს საჭირო ინფორმაცია⁵, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები⁶. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით  განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემი მათ შორის გულისხმობს ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას,  სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, პატიმრობასა და სხვა მონაცემებს;⁷

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ განმარტავს რა იგულისხმება „საჭირო ინფორმაციაში,“ რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროს წარმომადგენელმა, შესაძლებელია, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს და გამოითხოვოს ინფორმაცია, მაგალითად, პირის პოლიტიკური შეხედულების, ჯანმრთელობის  ან  სქესობრივი ცხოვრების შესახებ. 

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობისგან განსხვავებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ინფორმაციის შეგროვებისას არ ითვალისწინებს დასაბუთებისაა და კონტროლის მექანიზმებს. მაგალითად, გამოძიების პროცესში საგამოძიებო უწყებას არ შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დამოუკიდებლად გამოითხოვოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა, მაგრამ მოპოვების შემდგომ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს, რათა შემოწმდეს კანონიერების საკითხი⁸. მსგავს დამცავ მექანიზმს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს ზრდის. 

შესაბამისად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან არა მხოლოდ ფინანსურ მონაცემებს ითხოვს, არამედ ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემებსაც.  კანონი ითვალისწინებს  ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდების ვალდებულებასაც, რომელიც ეხება ყველა პირს, ორგანოს, ორგანიზაციას, დაწესებულებას. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა კი იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაციაა, რომ კანონი ამ ფორმით არ იქნეს მიღებული, ვინაიდან, იგი მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების დაცვის უფლების, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთის კუთხით.⁹

გამომდინარე აქედან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედებით სახელმწიფო ხელოვნურად ქმნის დილემას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის - შეწყვიტონ ფუნქციონირება ან იმუშაონ მადისკრედიტირებელი სახელწოდებით და თვალი დახუჭონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემურ დარღვევებზე. ამ მოცემულობაში სახელმწიფო ფაქტობრივად აიძულებს არასამათავრობო ორგანიზაციებს შეწყვიტონ საქმიანობა. 

რა გავლენას მოახდენს „რუსული კანონი“ შშმ ქალთა სექსუალური ძალადობისგან დაცვაზე?

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისგან დაცვა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, ვინაიდან არაერთი ხელშემშლელი ბარიერი არსებობს საკანონმდებლო და, ასევე, ზოგადად არსებული პრაქტიკის კუთხით¹⁰. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ შშმ ქალთა გაძლიერების, უფლებების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის კუთხით, ასევე, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები უწევენ ძალადობის მსვერპლს უფასო სამართლებრივ დახმარებას. 

მართალია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების სამსახურისგან შეუძლიათ მიიღონ ადვოკატის მომსახურება, მაგრამ ეს სერვისი ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების საჭიროებებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ბარიერს წარმოადგენს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შენობების ფიზიკური მისაწვდომობის საკითხი¹¹, ასევე, შშმ ქალები არ ფლობენ ინფორმაციას საკუთარი უფლებებისა და უფლების დაცვის მექანიზმების შესახებ¹². საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გასაჩივრების მქეანიზმის არ არსებობის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. წინა წლების მსგავსად, პაციენტებს ხელი არ მიუწვდებათ იურიდიულ კონსულტაციაზე¹³. დღევანდელი მდგომარეობით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების პირობებშიც კი, რესურსის ნაკლებობიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, იურიდიული დახმარების სრულად მიწოდება. შესაბამისად, ცხადია რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის შეწყვეტის პირობებში, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება.

ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები ვიზიტების განხორციელების გზით ავლენენ ინსტიტუციებში შშმ ქალთა უფლებების დარღვევის, მათ შორის სექსუალური ძალადობის შემთხვევებს და ძალადობაგამოვლილი ქალის ინტერესებს წარმოადგენენ სამართლებრივ დავაში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე შეეხება სახელმწიფოს მხრიდან დარღვევის ჩადენას. 

მნიშვნელოვანია, რომ ის არასამათავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას გასცემენ, იურიდიული დახმარების სამსახურისგან განსხვავებით, ორიენტირებულნი არიან სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე, რაც ხშირად იწვევს სისტემურ ცვლილებებს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე. 

ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა არასამთავრობო  ორგანიზაციამ - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს გაუწია იურიდიული კონსულტაცია, ხოლო შეზღუდული შესაძლებობის მქონე ქალის მიმართ სექსუალური  და რეპროდუქციული უფლებების საკითხებზე  ორმოცამდე სრტატეგიული საქმე აწარმოა. 

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ამოქმედების პირობებში არსებობს მაღალი რისკი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ვეღარ გააგრძელებენ ფუნქციონირებას, პირველ რიგში, მათთვის დამამცირებელი სტატუსის მინიჭების გამო.  ამასთანავე, ცხადია, კანონის მიღების შედეგად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ქვეყანაში შექმნილმა მტრულმა გარემომ შესაძლებელია გამოიწვიოს დაფინანსების შემცირება, რაც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე სამართლებრივ დავებს სახელმწიფოს წინააღმდეგ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ, ცხადია, ამ საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოყოფს ფინანსებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. 

მაშინაც კი, თუ შშმ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა “რუსული კანონის” მოქმედების პირობებში გააგრძელეს საქმიანობა, მნიშვნელოვნად შემცირდება მოქალაქეთა მიმართვიანობა, ვინაიდან სერვისის მიმღებ პირს ყოველთვის ექნება შიშის განცდა, რომ მისი პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციას ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიპოვებს სახელმწიფო. 

და ბოლოს, როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარი კანონების მიღება უფლებადამცველების მიმართ თავდასხმებისა და ძალადობის წამახალისებელია. ქართული რეალობა კი ამ გამოცდილებას ამყარებს, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ თავდასხმებს, შევიწროვებასა და დამამცირებელ მოპყრობას. 

ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი მტრული გარემოს შექმნა განსაკუთრებულად აზიანებს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს და ფაქტობრივად მათ მარტო ტოვებს სისტემური პრობლემების პირისპირ.

__________________________________

1 https://on.ge/story/128239-რუსული-კანონის-ევოლუცია-რუსეთში
2 Report of the Special Rapporteur on the situation of human rights in the Russian Federation, 15 September, 2023
3 Committee on the Elimination of Discrimination against Women Concluding observations on the ninth periodic report of the Russian Federation, 30 November 2021
4 კანონი არ ვრცელდება იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ სპორტულ ფედერაციებსა და სისხლის დაწესებულებებს.
5  გამონაკლისს წარმოადგენს ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია
6  საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ მუხლი 8
7  საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ,“ მუხლი 3
8  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 112
10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, 2022, გვ. 5-6; ხელმისაწვდომია https://www.ombudsman.ge/res/docs/2022032319395428522.pdf
13 საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში, საქართველოს სახალხო დამცველი, 2023, გვ. 64


ბლოგი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს RFSU-ს მოსაზრებებს.